ახალი ამბები

როგორ უნდა მოიქცეს მაუწყებელი, როცა საარჩევნო რეკლამის შინაარსი არაკონსტიტუციურია

26 სექტემბერი, 2016 • 2297
როგორ უნდა მოიქცეს მაუწყებელი, როცა საარჩევნო რეკლამის შინაარსი არაკონსტიტუციურია

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო რეკლამების შინაარსზე, – ამაზე პასუხისმგებლობა რეკლამის დამკვეთს ეკისრება. მაუწყებელი უფლებამოსილი არაა, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, დაუშვას თუ არა რეკლამა, თუკი ის დისკრიმინაციულ ნიშნებს შეიცავს და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. მან საკითხი განსახილველად შესაბამის ორგანოს უნდა გადასცეს.

2016 წლის აგვისტოში 400-ლარიან რუსულ პენსიას, რუსეთის მოქალაქეობასა და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონებას ჰპირდებოდა ამომრჩეველს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები”. შესაბამისი ვიდეორგოლი საზოგადოებირვი მაუწყებლის ეთერში გადიოდა, სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის შემდეგ კი მაუწყებელმა ვიდეორგოლი ეთერიდან მოხსნა. ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეკლამაში არსებული ანტისახელმწიფოებრივი გზავნილებით და კონსტიტუციასთან შესაძლო შეუსაბამობით დაასაბუთა.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ

ამჟამად სადავო გახდა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” უფასო პოლიტიკური რეკლამა, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით,  ქსენოფობიური შინაარსისაა, მიზანმიმართულად აღვივებს ეთნიკურ შუღლს და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხნოვებს არღვევს.

ვიდეორგოლში “პატრიოტების” ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ამომრჩეველს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: “ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა სასათბურე პირობები შეუქმნა თურქებს, სწორედ თურქებს უმზადებდა და ახლაც უმზადებს სააკაშვილი ბათუმს გადასაცემად”, შემდეგ კი ამის წინააღმდეგ პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 1 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში ამომრჩევლებს შეკრებისკენ მოუწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანების (“არა ფობიას”) შეფასებით, პოლიტიკურ რეკლამაში ცალსახად და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ძალის ნეგატიური დამოკიდებულება თურქი ეროვნების ხალხის მიმართ, რითაც პოლიტიკური პარტია თურქი ხალხისგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს, ხოლო მათ წინააღმდეგ ბრძოლა პარტიის ერთ-ერთ მთავარ მიზნადაა წარმოდგენილი.

“პატრიოტთა ალიანსის” აღნიშნული რეკლამა ტელეეთერიდან მოხსნა ტელეკომპანია რუსთავი2-მა და ეს გადაწყვეტილება რეკლამის კონსტიტუციასთან შეუსაბამობით დაასაბუთა:

“აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას და, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკას, რომლის კარდინალურ ხაზს ეთნიკური შუღლის გაღვივების და ქსენოფობიის და დისკრიმინაციის ყველა სხვა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს”, – დაწერა რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა “ფეისბუკის” პირად გვერდზე.

რეკლამის მოხსნაზე არც “პატრიოტთა” რეაქციამ დაიგვიანა — მათ რუსთავი2-ის გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში (GNCC) გაასაჩივრეს. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, მაუწყებელს წერილით უნდა მიემართა მარეგულირებელი კომისიისთვის, დაესაბუთებინა, რატომ შეიცავს რეკლამა ამა თუ იმ ნიშანს და მარეგულირებელი კომისია პარტიას რეკომენდაციას გაუწევდა, თუ როგორ ემოქმედა. “კომუნიკაციების” ეროვნულ კომისიაში კი გვითხრეს, რომ პატრიოტთა განცხადებასა და  აღნიშნულ საკითხს კომისია შეისწავლის და კომპეტენციის ფარგლებში მოგვიანებით გააკეთებს განმარტებას.

“პატრიოტების” რეკლამა, არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ახლაც გადაიცემა მედიაკავშირ “ობიექტივის” ეთერით. ამიტომ პლატფორმა „არა ფობიაში“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” მიერ წინასაარჩევნო სარეკლამო ვიდეორგოლში საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თაობაზე განცხადებით მიმართავენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “პატრიოტთა ალიანსისგან” მოითხოვა, რომ ვიდეოს კორექტირება მოეხდინა, “პატრიოტებმაც” ამოიღეს სადავო ნაწილი და რეკლამა სწორედ ამ ნაწილის გარეშე გადის მაუწყებლის ეთერში.

ხატია ყურაშვილი კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან განგვიმარტავს, რომ მაუწყებელს რეკლამის შინაარსზე პასუხისმგელობა არ ეკისრება, თუმცა მას აქვს ვალდებულება, ვიდრე რეკლამას განათავსებს, შეამოწმოს, აქვს თუ არა მას სურდო-თარგმანი და წარწერა – ინფორმაცია, ფასიანია თუ უფასო პოლიტიკური რეკლამა. ასევე, ხატია ყურაშვილის განმარტებით, მაუწყებელი არ აფასებს რეკლამის შინაარსს თავად, – თუ ის მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ელემენტებს შეიძლება შეიცავდეს, ამ შემთხვევაში ის მიმართავს შესაბამის ორგანოებს (კომისიას, ცესკოს).

საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მიუხედავად იმისა,  მათ ამას კანონი არ ავალდებულებს, ისინი რეკლამის შინაარსსაც აკონტროლებენ: “ჩვენ უნდა ვამოწმებდეთ, ტექნიკურად შეესაბამება თუ არა რეკლამა [კანონით დადგენილ] პარამეტრებს, არის თუ არა სურდო-თარჯიმანი, არის თუ არა საარჩევნო სუბიექტი იდენტიფიცირებული, – ვამოწმებთ იმას, რასაც კანონი გვეუბნება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ერთხელ უკვე გვქონდა ასეთი რთული შემთხვევა, ახლა უკვე შინაარსობრივი ნაწილის კონტროლიც გვიწევს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თიკო ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის თქმითვე, “პატრიოტებმა” მაუწყებელს ხელახლა დაკორექტირებული ვიდეო გამოუგზავნეს, რომელმაც შემდგომი პროცედურების გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. “ცხადია, დღეს თუ არ გვექნებოდა მათგან [კონტენტის ცვლილებაზე] თანხმობა, ჩვენც მივმართავდით მარეგულირებელ კომისიას”, – ამბობს ბერძენიშვილი.

ბუნდოვანება კანონმდებლობაში და შესაძლო გამოსავალი

მედიასამართლის სპეციალისტი ნათია კაპანაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ, შეიძლება ითქვას, ეს საკითხი შედარებით ღიად არის დარჩენილი კანონმდებლობაში.

“თუ ჩვენ ბუკვალურად განვიხილავთ კანონის ჩანაწერებს, მაუწყებელს ასეთი ვალდებულება [ვალდებულება, შეამჩნიოს რეკლამის შინაარსის არაკონსტიტუციურობა], ერთი შეხედვით, მოხსნილი აქვს. მაგრამ მაუწყებლებს აქვთ სარედაქციო დამოუკიდებლობა, მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ქცევის კოდექსი და კანონის ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას. ასე რომ, მაუწყებელმა უფრო ფართო ჭრილში უნდა შეაფასოს რეკლამა, რადგან პოლიტიკური ნიშნებიდან/ინტერესებიდან გამომდინარე, არ აცდეს მედიის მუშაობის სტანდარტებს”, – გვიხსნის ნათია კაპანაძე.

კაპანაძის აზრით, ამ “ცოტა გაურკვეველი სიტუაციიდან” გამოსავალი შეიძლება იყოს მარეგულირებელი კომისიის ბევრად უფრო ეფექტური მუშაობა ცესკოსთან კოორდინირებულად, რათა მაუწყებელს არ უწევდეს ორივე სტრუქტურისათვის მიმართვა: “ძირითადი გამოსავალი მაინც ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესია. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე და ორი ერთნაირი ხარვეზის გამოვლენა მიანიშნებს იმაზე, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს ხარვეზი შეიძლება კვლავ გამოვლინდეს სხვა რეკლამებთან დაკავშირებით”, – ამბობს კაპანაძე და დასძენს, რომ მარეგულირებელმა უნდა შეძლოს, ძალიან სწრაფად განიხილოს საკითხი, რადგან საქმე შეეხება საარჩევნო საკითხს.

“საარჩევნო დავებიც კი 2 დღის ვადაში განიხილება სასამართლოში, ამიტომ მარეგულირებელიც მაქსიმალურად მოქნილი უნდა იყოს”, – მიიჩნევს მედიასამართლის სპეციალისტი. იგი ასევე იხსენებს სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით არსებულ ჩანაწერს კანონში, რომ თუ მაუწყებელსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის წარმოიქმნება კონფლიქტი (ანუ ისინი სხვადასხვაგვარად უყურებენ რეკლამის), მათ შეუძლიათ მარეგულირებელს მიმართონ და მოისმინონ მათი პოზიცია. “წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით სწორედ ამ პრაქტიკის გამოყენება იქნება ძალიან სასარგებლო, ვიდრე ჩვენ კანონმდებლობაში ამ ხარვეზს ერთად გავასწორებდით და ვიფიქრებდით გამოსავალზე”, – მიიჩნევს იგი.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ხომ არ აჯობებდა, რომ მაუწყებელს დამოუკიდებლად შეეძლოს, გადაწყვიტოს რეკლამის კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და მისი დაშვება/არდაშვების საკითხი, მედიასამართლის სპეციალისტი ნათია კაპანაძე ასე გვპასუხობს:

“მარეგულირებელ კომისიას წინასაარჩევნო პერიოდში, კანონმდებლობის თანახმად, ენიჭება განსაკუთრებული და დამატებითი უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს წინასაარჩევნო პროცესების გაშუქებას. მაუწყებელი ვალდებულია, რეკლამა, განთავსების დროები და ა.შ. წინასწარ მიაწოდოს მარეგულირებელს. ეს სუბიექტი განსაკუთრებულ უნარებს იძენს წინასაარჩევნო პერიოდში. ამიტომ იმის გამო, რომ არ მოხდეს მედიასაშუალების მიერ თვითნებური განმარტება, უმჯობესია, მარეგულირებელ ორგანოსთან შეათანხმოს ნებისმიერი ხარვეზი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი