ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

განმუხურში ბოტანიკური ბაღისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

26 სექტემბერი, 2016 • 2460
განმუხურში ბოტანიკური ბაღისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი განმუხურში ბოტანიკური ბაღისა და ხუთვარკვლავიანი სასტუმრო აშენებას ერთობლივად გეგმავენ. პროექტების პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, პროექტს ფონდი ქართუ დააფინანსებს.

ოფიციალური ცნობით, პროექტი ვითარდება საჯარო აუქციონის გზით, საბაზრო ფასად შეძენილ 35, 000კვ.მ. ფართობზე.

პროექტის მიხედვით, სასტუმროში იფუნქციონირებს 190 სხვადასხვა ტიპის მაღალი კატეგორიის ოთახი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი, რომელიც, როგორც პროექტში წერია, რეგიონში შექმნის უპრეცედენტო ზომის და შესაძლებლობების ინფრასტრუქტურას და უმასპინძლებს ნებისმიერი დონის და ფორმატის კონფერენციებს, შეხვედრებსა და კონგრესებს. სასტუმროში ასევე დაგეგმილია სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები, ღია და დახურული საცურაო აუზები, ფიტნეს და სპა ცენტრი.

“მსგავსად საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყველა პროექტისა, განმუხურის სასტუმროს პროექტშიც განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობას”.

სასტუმროს მშენებლობის დასრულება 2018 წელს იგეგმება. ოფიციალური ცნობითვე, პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $60 მლნ დოლარია.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, სასტუმროსთან ბოტანიკური ბაღი აშენდება.

“100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენებული ბაღის კონცეფცია მიზნად ისახავს კოლხური სახეობების კონსერვაციას და შემდგომ პოპულარიზაციას. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა სხვასახვა ტიპის ლაბორატორიები, რომლებიც საშუალებას მისცემს მეცნიერებს, ჩაატარონ კვლევები და ითანამშრომლონ საერთაშორისო ბოტანიკურ ასოციცაციებთან. ბაღის ტერიოტრიაზე აშენდება ორანჟერეები, სასათბურე სანერგე მეურნეობები და მოეწყობა ექსპოზიციები, დამახასიათებელი სხვადასხვა მიკროგარემოს კლიმატისთვის. ბოტანიკურ ბაღში დაარსდება შემეცნებით-საგანმანათლებლო სკოლა ახალგაზრდებისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ და შეისწავლონ ენდემური და უნიკალური სახეობების მცენარეები”.

ოფიციალური ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით პროექტის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით $20 მლნ დოლარს შეადგენს.

“უკვე შექმნილია პროექტის განმახორციელებელი საბჭო, რომელშიც შედიან საქართველოში მოქმედი ბოტანიკოსები და მეცნიერები, რომლებიც უცხოელ კონსულტანტებთან ერთად ჩართული იქნებიან ბაღის მშენებლობის და განვითარების პროცესში. პროექტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭო (BGCI) და მისი გენერალური მდივანი პოლ სმიტი”.

“ფონდი ქართუს და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის თანამშრომლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება განმუხური-ანაკლიის სანაპირო ზოლის ტურისტული პოტენციალი, რაც მეტ შემოსავალს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას და მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს რეგიონში. ამ ორი პროექტის პარალელურად, ფონდების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს მზადყოფნას, დააფინანსოს ანალოგიური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გამყოფი ხაზის მეორე მხარეს. ამ შეთავაზების რეალიზების შემთხვევაში, სასტუმროსგან მიღებული მოგება მთლიანად მოხმარდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას”, – წერია ფონდი ქართუს მიერ გავცელებულ პრესრელიზში.

“ეს ნაბიჯი ნათლად აჩვენებს ქართველის ხალხის მზაობას – გაუზიაროს წარმატება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას და გახადოს აფხაზი ძმები საქართველოს განვითარების მონაწილე და თანაზიარი. აქედან, განმუხურიდან კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ჩვენს გზავნილს ჩვენი აფხაზი ძმებისადმი – ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა და ჩვენ გვჯერა, რომ დადგება დრო და მოვახერხებთ ნდობის აღდგენას, შერიგებას. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ მხარის აღორძინება არა მარტო ამ რეგიონის განვითარებას, არამედ მთელი საქართველოს წინსვლას შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტები ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში მიზიდულობის ახალ ცენტრს გააჩენს და დამატებით სტიმულს მისცემს პოტენციურ ინვესტორებს მეტი ინვესტიციების განსახორციელებლად. ეს ორივე პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადს, რაც მეტ შემოსავალს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. რასაკვირველია, როგორც სასტუმროს, ისე ბოტანიკური ბაღის მშენებლობის პროცესში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა,”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 26 სექტემბერს განმუხურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი