ახალი ამბები

ივანიშვილი: მივესალმებოდი ღარიბაშვილის პრეზიდენტობას

26 სექტემბერი, 2016 • 1429
ივანიშვილი: მივესალმებოდი ღარიბაშვილის პრეზიდენტობას

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრეზიდენტობას მიესალმება, თუმცა ორი წელიწადი, რაც საპრეზიდენტო არჩევნებამდეა დარჩენილი, დიდი დროა.

“ბევრი დროა ჯერ კიდევ და დაველოდოთ მოვლენებს. შეიძლება მანამდეც მოისურვოს ირაკლიმ გამოჩენა”, – განაცხადა ივანიშვილმა დღეს, 26 სექტემბერს, ქვემო ქართლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. 

ივანიშვილმა ღარიბაშვილის პრეზიდემტობაზე “ინფო რუსთავის” ჟურნალისტის, გიორგი ჩომახიშვილის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, ჟურნალისტმა ჰკითხა როგორია მისი პოზიცია გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს წინა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.  ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: “რატომაც არა”?!

ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც 2013 წელს ჩაანაცვლა 2012 წელს არჩეული პრემიერი ივანიშვილი, 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა თანამდებობა. მისი ერთ-ერთი შვილი ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ნათლულია.

“რატომაც არა, მაგრამ შორსაა ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები და მაგაზე ჯერ არ გვიმსჯელია არც ირაკლისთან. ვფიქრობ, რომ [საუბარი] ძალიან ნაადრევია. ირაკლის შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უახლოეს მომავალში და უფრო შორსაც, ახალგაზრდა კაცია. ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად მოემსახურა თავის ქვეყანას და ღირსეულად წავიდა, გამარჯვებული კაცი წავიდა და არა დამარცხებული და იძულებით”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი