ახალი ამბები

ვინ ცდილობს ბურჭულაძის დისკრედიტაციას? – საქველმოქმედო ფონდის განმარტებები

26 სექტემბერი, 2016 • 2187
ვინ ცდილობს ბურჭულაძის დისკრედიტაციას? – საქველმოქმედო ფონდის განმარტებები

პაატა ბურჭულაძის ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ჯანდიერის განცხადებით, მათი დისკრედიტაციისა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანისთვის მართული კამპანია დაიგეგმა. მისი თქმით, კარგად დატრენინგებული აგიტატორები სოფლებში დადიან, ითხოვენ ფულს და ამბობენ, რომ წარმოადგენენ ენმ-ს, იგივე ბურჭულაძეს.

“მას შემდეგ, რაც არ გაამართლა ფარული სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელმძღვანელთან, რათა პაატა ბურჭულაძე “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაეკავშირებინათ, ამჯერად, იგივე მიზნით, სხვადასხვა სოფლებში გამოჩნდნენ კარგად დატრენინგებული აგიტატორები, რომლებიც ოჯახებში დადიან და ამბობენ, რომ არიან “ნაციონალური მოძრაობიდან”, ანუ პაატა ბურჭულაძისგან. ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, უკვე პირდაპირი გზით ხდება პაატა ბურჭულაძის მოძრაობის გაიგივება “ნაციონალურ მოძრაობასთან”: უკვე კარდაკარ სიარულით ცდილობენ მოახდინონ პარტიის დისკრედიტაცია. ეს გახლავთ ბრძოლის მდაბიო ხერხი, რომელიც იმიტომ გახდა საჭირო, რომ პარტია “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” დამოუკიდებელი, ძლიერი და კონკურენტული ძალაა. ამის მიზეზი არის ჩვენი რეიტინგის ზრდა, რაც დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას,” – აცხადებს ჯანდიერი.

დავით ჯანდიერის თქმით, როდესაც მმართველ პარტიასთან ასოცირებული ყოფილი/მოქმედი თანამდებობის პირები საჯაროდ მიუთითებენ, თითქოს პაატა ბურჭულაძე ხშირად ჩადის ოდესაში, ცხადია, რომ ბურჭულაძის დისკრედიტაციისთვის აგიტატორების გააქტიურება ხელისუფლების ინტერესებშია:

“ხელისუფლება ცდილობს, გაგვაიგივოს მათთვის უკვე კომფორტულ ძალად ქცეულ ნაციონალურ მოძრაობასთან. არც ხელისუფლებას და არც ენმ-ს არ აწყობს მესამე, ახალი, ეროვნული ოპოზიციური ძალის არსებობა და ამიტომ ხელისუფლება ხან ფარული ჩანაწერებით გვებრძვის, ხან სუს-ით და ახლა უკვე- პირდაპირ აგიტატორების მეშვეობით. ამ ე.წ. აგიტატორების ქმედება ასევე შეიცავს თაღლითობის ნიშნებს, ვინაიდან ისინი მოსახლეობასლ, ერთი მხრივ, ეუბნებიან, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა პაატა ბურჭულაძემ დააარსა “იავნანას” შვილობილი ფონდი და, მეორე მხრივ, თითქოსდა ქველმოქმედების მოტივით ცდილობენ გამოსტყუონ თანხა.”

საარჩევნო ბლოკის მეორე ნომერმა მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა სამი ვიდეოჩანაწერი, სადაც ხაშურის რაიონის სოფლების, მიწობისა და წრომის მოსახლეები საუბრობენ ზომოთ ხსენებული ფაქტების შესახებ.

პოლიტიკური ბლოკი “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ მოითხოვს – აღკვეთოს მათ წინააღდეგ მიმართული ცილისმწამებლური და, ამავდროულად, დანაშაულის ნიშნების შემცველი კამპანია, რათა მიეცეთ არჩევნების მშვიდ და სამართლიან ვითარებაში წარმართვის შესაძლებლობა. ჯანდიერის თქმით, მათი საარჩევნო ბლოკის წევრები არ შეუერთდებიან მმართველი გუნდის მემორანდუმს, რადგან ზემოთ ხსენებული მიზეზების ფონზე ამაში აზრს ვერ ხედავენ.

დავით ჯანდიერმა მედიას ასევე წარუდგინა იმ პიროვნების სამსახურის მოწმობა, რომელიც, მისი თქმით, ბურჭულაძის პოლიტიკური ბლოკის დისკრედიტაციას ცდილობს კარდაკარ სიარულით. როგორც პარტიაში აცხადებენ, ეს ბარათი აღნიშნულ პიროვნებას შემთხვევით დაუვარდა მაშინ, როდესაც ხაშურის სოფლებში მოსახლეობას ფულს სთხოვდა ბურჭულაძის სახელით. ჯანდიერის მიერ წარმოდგენილ ბარათზე აღნიშნულია, რომ ეს ბარათი ეკუთვნის ნინო შუბითიძეს, რომელიც საქველმოქმედო არასამთავრობო ასოციაცია “ქომაგში” მუშაობს.

ნეტგაზეთი კავშირ “ქომაგის” (საიდენტიფიკაციო კოდი: 231245596) თავმდჯომარესა და დამფუძნებელს, მთვარისა ქიტაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ადასტურებს, რომ ნინო შუბითიძე მართლაც მუშაობს მის საქველმოქმედო არასამთავრობო ასოციაციაში. ფონდის ხელმძღვანელი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურებიან.

“ჩვენ ვართ საქველმოქმედო ორგანიზაცია და პოლიტიკაში არ ვერევით. ჩემს თანამშრომელს უთქვამს სოფლის მაცხოვრებელთან დიალოგში, რომ როგორც პაატა ბურჭულაძის ფონდია, ისეთივე საქველმოქმედო ფონდია ჩვენიცო. ბურჭულაძეს ელოდებოდნენ მაშინ სოფელში და ასე აუხსნა ჩვენმა წარმომადგენელმა. ასე ვთქვიო, იფიცება, მაგრამ საყვედური მაინც გამოვუცხადე პირად საქმეში. 16 წელია ეს ორგანიზაცია მაქვს და არც ერთ პარტიასთან ვთანამშრომლობთ, პოლიტიკას არ ვეხები. ჯობდა, ბურჭულაძე ქველმოქმედი ყოფილიყო ისევ, ვიდრე ასეთი პოლიტიკოსი. არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან გვაქვს შეხება; ჩემი მენეჯერები, თანამშრომლები საარჩევნო კაბინებში რომ შევლენ, ვისაც უნდათ იმას მისცემენ ხმას. ამხელა ქალი ვარ და ტყუილს არ ვიკადრებ… 2001 წლის 10 სექტემბერს დავაფუძნე ეს ორგანიზაცია თელავის სასამართლოში, მეორედაც დავარეგისტრირე, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გავსულიყავით,” – ამბობს მთვარისა ქიტაშვილი.

მისი თქმით, ნინო შუბითიძე, რომელსაც დავით ჯანდიერი პაატა ბურჭულაძის სახელის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს, მეორე წელია მის საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობს. როგორც ქიტაშვილი ამბობს, მისი ფონდის თანამშრომლები ხაშურში იმ დროს იმყოფებოდნენ, როდესაც პაატა ბურჭულაძის ბლოკს ჰქონდა რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრები:

“ნინო შუბითიძე და ჩემი ფონდის კიდევ ერთი მენეჯერი მუშაობდნენ ხაშურის სოფლებში ამ დროს. ტრანსპორტი რომ აღარ იყო, ბურჭულაძის პარტიის წევრებს გამოჰყვნენ თბილისში. შეგნებულად არა, მაგრამ უთხოვიათ და გამოჰყვნენ თბილისამდე. რა ეგონათ, არ ვიცი, მაგრამ მერე დიდი პრობლემები შეექმნათ და აღარ დაბრუნდნენ [ხაშურში სამუშაოდ].”

საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ დროისთვის “ქომაგს” აღწერაში 120 სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვი ჰყავს, ვისთვისაც თანხებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებენ. მთვარისა ქიტაშვილის თქმით, ორგანიზაციაში სულ 14 მენეჯერი მუშაობს.

მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი ხაშურში ვალერი გელაშვილი დავით ჯანდიერის მიერ ხელისუფლების მიმართ დღეს გაცხადებულ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მათი ოფისიდან არავისთვის დაუვალებიათ პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის დისკრედიტაციისთვის კარდაკარ სიარული. საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქმეზე ინფორმაციას ჯერ არ ფლობენ, თუმცა დავით ჯანდიერი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებები საჯაროდ გაცხადებული ინფორმაციით თავად უნდა დაინტერესდნენ და დაიწყონ გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი