ახალი ამბები

ბორბლებზე შემდგარი საინფორმაციო კამპანია

2 ივნისი, 2012 • 1319
ბორბლებზე შემდგარი საინფორმაციო კამპანია

ევროკავშირის ავტობუსი გორის ადმინისტრაციული შენობის წინ დღეს დილიდანვე ჩამოდგა. იქიდან ჩამოსული ადამიანები კი ავტობუსში ასვლას ყველა გამვლელს სთავაზობდნენ. ავტობუსში მოხვედრილებს ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებს აძლევდნენ. ავტობუსშივე მოწყობილი იყო მინიკინოთეატრი. წინა გასასვლელთან დამონტაჟებულ ეკრანზე ევროკავშირის შესახებ მომზადებულ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს უჩვენებდნენ. 

 

„ერთად შევეგებოთ ევროპას“ – ასე ჰქვია საინფორმაციო კამპანიას, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გორიდან დაიწყო. კამპანიისთვის შერჩეული ავტობუსი წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონს ესტუმრება. კამპანიის მიზანია, წარმოაჩინოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიძიონ საინტერესო ინფორმაცია და მასალები საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ; მონაწილეობა მიიღონ პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან დაგეგმილ განხილვებში და მიიღონ საკვანძო ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის თნამშრომლობის შესახებ.

  

„ეს არის ევროკავშირის ინიციატივა, შეიქმნას განსხვავებული, მობილური საინფორმაციო ცენტრი. როგორც წესი, საინფორმაციო ცენტრები შენობებშია განთავსებული, სადაც მოსახლეობა უნდა მივიდეს და ასე მოიპოვოს ინფორმაცია. ჩვენ კი თვითონ მივდივართ მოსახლეობასთან, ვინაიდან ყველაფერი ავტობუსშია განთავსებული. ეს პროექტი, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, მიზნად ისახავს, ინფორმაცია მიაწოდოს ხალხს ევროკავშირის საქმიანობის შესახებ. გორის რაიონი იმიტომ ავირჩიეთ, რომ აქ იძულებით გადაადგილებული პირები არიან ჩასახლებულნი და ევროკავშირი ყველაზე მეტ პროექტს მათი კეთილდღეობისთვის ახორციელებს. ამიტომ კამპანიის დასაწყისად ეს რეგიონი ავირჩიეთ,“ – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომუნიკაციის და ინფორმაციის ატაშემ ჯიუზეპე ვასკესმა.

 

ევროკავშირის ავტობუსი დღესვე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებს ესტუმრა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები დევნილებს იმ პროექტების შესახებ ესაუბრნენ, რომლებსაც ევროკავშირი ომის შემდეგ დაზარალებული მოსახლეობისთვის ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი