ახალი ამბები

ავტონომია უნივერსიტეტს! – სასწავლო წელი თსუ-ში სტუდენტების საპროტესტო აქციით დაიწყო

26 სექტემბერი, 2016 • 2909
ავტონომია უნივერსიტეტს! – სასწავლო წელი თსუ-ში სტუდენტების საპროტესტო აქციით დაიწყო

დღეს, 26 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წელი სტუდენტების ნაწილის საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა  “აუდიტორია 115”, რომლებიც ითხოვენ ავტონომიას უნივერსიტეტისთვის.

აქციის მონაწილეებთან მივიდა თსუ-ის ახალარჩეული რექტორი გიორგი შარვაშიძე, თუმცა სტუდენტებმა მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს, ვინაიდან მათი თქმით, შარვაშიძე წლების მანძილზე იყო განათლების მინისტრის მოადგილე და ამ პოსტზე მუშაობის დროს შეეძლო უნივერსიტეტის რეალური ავტონომიის ხელშეწყობა, რაც არ გაუკეთებია.

სტუდენტების ბრალდებებს ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში უპასუხა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ:

აქციის გამო ჯერ ვერ შედგა პირველკურსელების მიღების ტრადიციული ცერემონია, თუმცა მოგვიანებით უნივერსიტეტის რექტორი განათლების მინისტრ სანდრო ჯეჯელავასთან ერთად შევიდა უნივერსიტეტის შენობაში, სადაც გაიმართა წარჩინებული პირველკურსელების დაჯილდოება. რექტორის კაბინეტამდე მისასვლელი დერეფანი კი უნივერსიტეტის დაცვამ გადაკეტა.

აუდიტორია 115-ის წევრები შეეცადნენ უნივერსიტეტის შენობაში იმ ადგილამდე მისულიყვნენ, სადაც  იმყოფებოდნენ შარვაშიძე და ჯეჯელავა, თუმცა დაცვამ და პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა:

მოგვიანებით სტუდენტებმა 115-ე აუდიტორიაში გადაინაცვლეს, სადაც გაიმართა თსუ-ის რექტორთან შეხვედრა.

აუდიტორია 115-ის წევრების შეხვედრა თსუ-ს რექტორრთან, 26.09.2016. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

აუდიტორია 115-ის წევრების შეხვედრა თსუ-ს რექტორრთან, 26.09.2016. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

რექტორთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. თავდაპირველად სტუდენტები დაინტერესდნენ, თუ რატომ შეეზღუდათ მათ უნივერსისტეტში გადაადგილების უფლება და ვინ გამოიძახა პოლიცია. გიორგი შარვაშიძის თქმით, პოლიცია უნივერსიტეტის დაცვამ გამოიძახა. სტუდენტებმა მოუწოდეს შესაბამის უწყებებს, დაიწყოს გამოძიება ძალადობის ფაქტებზე როგორც პოლიციის, ასევე თავად სტუდენტების მხრიდანაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაზეც რექტორმა განაცხადა, რომ ის ამ მოთხოვნას იზიარებს.

თსუ-ის დაცვის უფროსმა უარყო მათი მხრიდან სტუდენტებზე ძალადობა: “თუ მე პერსონალურად არ მოგწონვართ, სხვა თემაა. ხელმძღვანელების დავალებით მე ნებისმიერ დროს შემიძლია დავწერო განცხადება და წავიდე”, – განაცხადა გიორგი გორაშვილმა, რომელიც თსუ-ის დაცვის უფროსის თანამდებობას უკვე 8 წელია იკავებს, – “პოლიცია იყო იმიტომ გამოძახებული, რომ იყო საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის”.

თსუ-ს რექტორი უნივერსიტეტის დერეფანში ჟურნალისტებს გაესაუბრა, ხოლო მასთან მისასვლელი მონაკვეთი დაცვას ჰქონდა შემოსაზღვრული. 26.09.2016. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

თსუ-ს რექტორი უნივერსიტეტის დერეფანში ჟურნალისტებს გაესაუბრა, ხოლო მასთან მისასვლელი მონაკვეთი დაცვას ჰქონდა შემოსაზღვრული. 26.09.2016. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ავტონომია უნივერსიტეტს - აქცია თსუ-ში, 26.09.2016. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ავტონომია უნივერსიტეტს – აქცია თსუ-ში, 26.09.2016. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

აქციის მონაწილეებთან შეხვედრას შეეცადა თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე. 26.09.2016. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

აქციის მონაწილეებთან შეხვედრას შეეცადა თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე. 26.09.2016. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ავტონომია უნივერსიტეტს - აქცია თსუ-ში, 26.09.2016. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ავტონომია უნივერსიტეტს – აქცია თსუ-ში, 26.09.2016. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

რექტორთან შეხვედრაზე სტუდენტებმა გიორგი შარვაშიძეს საკუთარი მოთხოვნები შეახსენეს. მათი თქმით, ამ საკითხებს კარგად იცნობს, რადგან თავად უძღვებოდა სტუდენტებისა და განათლების მინისტრის შეხვედრებს მარტის საპროტესტო აქციების განმავლობაში. გია შარვაშიძის თქმით, დღეიდან იწყებს მუშაობას უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის შექმნაზე, რომელიც წლის ბოლოს უნდა იყოს მზად. შარვაშიძის თქმით,  ამ თემაზე მუშაობას ღია კარის პრინციპით გეგმავს და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, საკუთარი ხედვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გაუზიაროს.

რექტორთან ამ საკითხებზე თანამშრომლობას არ გამორიცხავენ აუდიტორია 115-ის წევრები:

“შეხვედრამ ჩაიარა საკმაოდ დაძაბულად იმიტომ, რომ ბევრი მოთხოვნა გვაქვს და დიდი ხანია ამ მოთხოვნების შესრულებას გვპირდება ბატონი გიორგი შარვაშიძე, რომელიც განათლების მინისტრის მოადგილე იყო და მშვენიერი თანამდებობაა ეს იმისთვის, რომ ეს მოთხოვნები ამ წლების გნამავლობაში დაეკმაყოფილებინა. თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ ყველა ამ მოთხოვნას ეთანხმება და აპირებს ამაზე მუშობას. კი, ბატონო, შეიმუშაონ ეს გეგმა და დაგვანახონ პოლიტკური ნება, რეალური ცვლილებები. თუმცა გვაქვს ისეთი მოთხოვნებიც, რომლებიც დღესვე შეიძლება დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სტრატეგიული გეგმის დასახვას არ აქვს აზრი, თუ სტუდენტს ხელი არ მიუწვდება განათლებაზე” – ამბობს მარიამ ნანეიშვილი.

მოგვიანებით  გიორგი შარვაშიძემაც შეაფასა შეხვედრა. შარვაშიძის თქმით, ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის:

“ძალიან ბევრი საკითხია, რომლის გადაწყვეტაც მართლაც შეიძლება  ძალიან სწრაფად და ამაზე ვისმჯელეთ, როდის და რანაირად მოხდება. არის საკითხების მთელი წყება, რომელიც მიეკუთვნება კანონმდგებლობას და ჩვენ ამისთვის მზად ვართ მოვამზადოთ საკანონმდებლო ცვლილებები და ინიცირება გააკეთოს უნივერსიტეტმა, როგორც საჭიროა” – თქვა რექტორმა.

აუდიტორია 115-მა საკუთარი მოთხოვნები განცხადების სახითაც ჩამოაყალიბა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სტუდენტები უკვე წლებია ვიბრძვით ავტონომიური უნივერსიტეტის შესაქმნელად.
23 სექტემბრის რექტორის არჩევნებმა აჩვენა, რომ გრძელდება მავნე პრაქტიკა, როდესაც მმართველი პარტია უხეშად ერევა შიდა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. კანდიდატი, რომელიც რექტორად მოგვევლინა, ერთი მხრივ, სარგებლობდა მმართველი გუნდის მხარდაჭერით, მეორე მხრივ კი, მან მოახერხა შიდა კლანებთან გარიგება, შესაბამისად, არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იყო საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ ვის “აირჩევდნენ” რექტორად.

აუდიტორია 115-ის მოთხოვნები სახელმწიფოსა და უნივერსიტეტისგან კვლავ უპასუხოდ რჩება. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოში ათასობით სტატუსშეჩერებული სტუდენტია, გაურკვეველია სახელმწიფოს პოზიცია განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. გაუსაძლისი მდგომარეობაა სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში. სტუდქალაქებში გამოყოფილ ადგილთა მცირე რაოდენობა ვერ აკმაყოფლებს სტუდენტთა რეალურ მოთხოვნას.

უმძიმესი მდგომარეობაა უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის კუთხითაც. გარე რეფერირების მექანიზმის არარსებობის გამო უნივერსიტეტში გამეფებულია აკადემიური კორუფცია და კლანური მმართველობა.
გარდა ამისა, უნივერსიტეტები სახელმწიფოსგან არ იღებენ საკმარის დაფინანსებას, რის გამოც უნივერსიტეტში სამეცნიერო პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.

ამ პირობებში უნივერსიტეტებში სამეცნიერო საზოგადოების ნაცვლად გავლენები მოიპოვეს კლანებმა და სტუდენტურმა თვითმმართველობებმა, რომლებიც ერთად მოქმედებენ. ისინი წლების განმავლობაში უნივერსიტეტების მწირ ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავენ.
განათლების სამინისტრო და თსუ-ის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ, აუდიტორია 115 აგრძელებს ბრძოლას ფუნდამენტური მოთხოვნებით, რათა დაიწყოს რეალური ცვლილებები.

მოვითხოვთ:
! ავტონომიურ უნივერსიტეტს
! გარე რეფერირების პრინციპის დანერგვას
! სტუდენტური თვითმმართველობების არსებული სტრუქტურის ძირეულ რეფორმას
! სტუდენტურ საცხოვრებლებში პირობების დაუყოვნებლივ გაუმჯობესებას
! სტუდენტებს, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება და თანხის გადაუხდელობის გამო არ ეხსნებათ ბაზა, მიეცეთ აკადემიური რეგისტრაციის შესაძლებლობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი