ახალი ამბები

2 ოქტომბერს თბილისში შესაძლოა ენმ-ისა და “ქართული ოცნების” აქციები ერთდროულად გაიმართოს

25 სექტემბერი, 2016 • 2081
2 ოქტომბერს თბილისში შესაძლოა ენმ-ისა და “ქართული ოცნების” აქციები ერთდროულად გაიმართოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნიკა მელია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, თბილისში აქციის გამართვის თარიღი დაასახელოს. ნიკა მელიამ ეს განცხადება გუშინაც გააკეთა და მმართველ გუნდს პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისთვის ერთი დღე მისცა, თუმცა “ქართულ ოცნებას” ამ საკითხზე ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

საქმე ის არის, რომ მელიას თქმით, ენმ-ს თბილისში დასკვნითი აქციის გამართვა 2 ოქტომბერს სურს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, იგივე გეგმა აქვს ქართულ ოცნებასაც:

„მოგეხსენებათ, საარჩევნო კამპანია დასკვნით ეტაპზე გადადის და ყველა პარტია განსაკუთრებულ მზადებაშია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ემზადება გამარჯვებისთვის და სწორედ ამ სულისკვეთებით 2 ოქტომბერს მასშტაბურ აქციას ვგეგმავთ თბილისის ცენტრში, რომელიც თავისუფლებისა და რესპუბლიკის მოედნებს მოიცავს, ბუნებრივია, რუსთაველის გამზირის ჩათვლით. ჩვენთვის კულუარულად ცნობილი გახდა, რომ 2 ოქტომბერს ქართული ოცნება იმავე ადგილას მსგავსი აქციის ჩატარებას გეგმავს. ამ ინფორმაციის წყარო არის, პირველი ის, რომ ყველა ჩვენი რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელი სატრანსპორტო საშუალების დაქირავებას ცდილობს, სადაც მათ ეუბნებიან, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალება ქართული ოცნების მიერ 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილია, რათა ისინი თბილისში ჩამოვიდნენ. მეორე წყაროს მიხედვით კი, თითქმის ყველა საჯარო სამსახურში ამ თარიღისთვის გაფრთხილებული არიან. ქართულ ოცნებას მოვუწოდებ, ერთი დღის ვადაში დაასახელოს თარიღი, როდის აპირებს ჩაატაროს აქცია, რადგან ჩვენ 2 ოქტომბერს ვაპირებთ აქციის ჩატარებას და შეუძლებელია ერთ ქალაქში, ერთი და იმავე ადგილას გაიმართოს ორი პოლიტიკური პარტიის სამშვიდობო აქცია”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

“ჩვენ თარიღი არავის ჯინაზე განგვისაზღვრავს. ძალიან დიდი ხანია ვგეგმავდით და ჩვენც გვქონდა დაანონსებული. იმაზე საუბარი, რომ ვიღაცის საპირწონედ ვნიშნავთ რაიმე ღონისძიებას, არასწორია. ოქტომბრის დასაწყისში  უნდა ყველას შემაჯამებელი ღონისძიების გამართვა. 1 ოქტომბერი ჩვენთვის ქართული ოცნების გამარჯვების 4 წლისთავია და მაგ კუთხით გარკვეულ მობილიზებას რაიონებში ვაპირებთ და 2 ოქტომბერი იყო ლოგიკური, რომ დაგვესახელებინა”, – განუცხადა რუსთავი 2-ს “ქართული ოცნების” წევრმა გედევან ფოფხაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი