ახალი ამბები

თსუ-ში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

23 სექტემბერი, 2016 • 1565
თსუ-ში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 23 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც 3 კანდიდატი მონაწილეობს.

აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრის გზით ცირა ბარამიძეს, გიორგი ბარამიძეს ან გიორგი შარვაშიძეს აირჩევს მას შემდეგ, რაც კანდიდატების კონცეფციებს მოისმენს.

სწორედ გიორგი შარვაშიძის, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის, კანდიდატურამ გამოიწვია სტუდენტების ნაწილის პროტესტი.

თსუ-ის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 9-დან 14 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. რექტორობის მსურველთა განცხადებებს აკადემიური საბჭო განიხილავს და რექტორობის კანდიდატს 2016 წლის 23 სექტემბერს აირჩევს.

თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულებს, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 20 აპრილს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც წინა რექტორმა, ვლადიმირ პაპავამ დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ვლადიმირ პაპავას გადადგომას წინ უძღოდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის შიმშილობა მისი გადადგომის მოთხოვნით და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის საპროტესტო აქციები უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის, უნივერსიტეტში სპეციალური უსაფრთხოების წარმომადგენლების, ასევე, თვითმმართველობის წინააღმდეგ და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით. თუმცა, როგორც თავად პაპავა ამბობს, მის გადაწყვეტილებაზე არც ერთი მხარის მოთხოვნებს არ მოუხდენია ზეგავლენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი