ახალი ამბები

გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ომბუდსმენს სასამართლო დავა მოუგო

23 სექტემბერი, 2016 • 1366
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ომბუდსმენს სასამართლო დავა მოუგო

2016 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა  სახალხო დამცველის აპარატის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ილია ჭანტურაიას სარჩელი და  სახალხო დამცველს მისი სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

სასამართლოს განცხადების თანახმად, სასარჩელო განცხადებაში 2016 წლის აპრილში ილია ჭანტურაიას მიმართ  გამოიცა სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილების მიცემის თაობაზე. აქტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა ერთი წლით ადრე, 2015 წელს მომხდარი ფაქტი, როდესაც მოსარჩელე დაინტერესდა სახალხო დამცველის მოადგილის მიერ ჩატარებული თათბირის შინაარსით და აღნიშნულის შესახებ კითხვები დაუსვა სახალხო დამცველის აპარატის სხვა თანამშრომლებს. აღნიშნული შემთხვევა დისციპლინური საქმის წარმოების კომისიის მიერ მიჩნეულ იქნა ილია ჭ. -ს მხრიდან ხელმძღვანელი თანამდებობის პირის დისკრედიტაციად. მეორე მხრივ, ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილების მიცემის თაობაზე გამოცემულ აქტში მითითებული იყო, რომ მოსარჩელე ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, კერძოდ ვერ უზრუნველყოფდა სხვადასხვა სახის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას თანამშრომელთა გადამზადების მიზნითგ.

სასამართლოს ვნობით, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მიმართვ მეორე დისციპლინური წარმოება თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდა 2016 წლის ივლისში. აღნიშნულ ბრძანებას, საფუძვლად დაედო ილია ჭ.-ს მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დარღვევა. კერძოდ, 2016 წლის აპრილში გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში და დისკრიმინაციის ფაქტის დასადასტურებლად წარადგინა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა პრემიების შესახებ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, რაც დისციპლინური საქმის წარმოების კომისიის მიერ შეფასდა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დარღვევად. ამას გარდა, თანამდებობიდან გათავისუფლების კიდევ ერთი საფუძველი გახდა ილია ჭ.-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქმის წარმოების პროგრამაში ახალი, კორექტირებული განცხადებით ჩანაცვლებულიყო უკვე რეგისტრირებული წერილი. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ზემოთხსენებული გარემოებები უსაფუძვლოა, შესაბამისად, მათზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები გაფრთხილების გაცემისა და გათავისუფლების თაობაზე უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ილია ჭ. ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მოახდინა ხელმძღვანელი თანამდებობის პირის დისკრედიტაცია და მის მიერ საქმის წარმოების პროგრამაში შეცვლილი განცხადების გამო მედიასაშუალებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახურიდან პირის დაუსაბუთებლად დათხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული შრომითი და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას.

“სასამართლომ საქმეში არსებული მასალების გამოკვლევისა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელეზე დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საფუძვლები არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გადაცდომას, უფლებამოსილების გადამეტებას ან ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ასევე სასამართლომ არ გაიზიარა მითითება, რომ მოსარჩელე თავს ვერ ართმევდა დაკისრებულ მოვალეობას, ვინაიდან კონკრეტული უნარ-ჩვევების არქონა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებას საჯარო მოხელის მიმართ, ვინაიდან ამ საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლების წესსა და პირობებს კანონმდებლობა არეგულირებს. საქართველოს სახალხო დამცველმა, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მიერ კონკრეტული საკითხის შესწავლამდე, ამ მონაცემების შემცველი ინფორმაციის სასამართლოში წარდგენა მიიჩნია დარღვევად, რაც სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს უფლებამოსილებათა ინსტიტუციურ აღრევას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ განცხადების ცვლილება არ წარმოადგენს საქმის წარმოების წესის დარღვევას, ვინაიდან მოწმეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგინდა, რომ მსგავსი პრაქტიკა სახალხო დამცველის აპარატში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებობდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ქმედება, თუნდაც შეფასებულიყო როგორც გადაცდომა, ეს არ წარმოადგენდა პროპორციულ ღონისძიებას,” – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

ომბუდსმენის აპარატში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც დასაბუთებული დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდებათ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი