ახალი ამბები

პავლე კუბლაშვილი: ლაზიკა არ არის ერთი ადამიანის აკვიატებული იდეა

30 მაისი, 2012 • 2188
პავლე კუბლაშვილი: ლაზიკა არ არის ერთი ადამიანის აკვიატებული იდეა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ქალაქ ლაზიკას სტატუსის შესახებ დღეს, 30 მაისს ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განიხილეს.

 

“ჩვენ გვინდა დავნერგოთ ბრიტანული კანონი, რომელიც ლაზიკას საქართველოს კონსტიტუციით განსხვავებულ სტატუსს მიანიჭებს”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ლიტველ ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს გააკეთა, რის შემდეგაც სააკაშვილმა მათ შავი ზღვის პირას მშენებარე ახალ საპორტო ქალაქ ლაზიკაში ინვესტირებისკენ მოუწოდა.

 

სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ივა დავითაიას თქმით, ლაზიკას მშენებლობა განხორციელდება ეტაპობრივად, 5–10 წლის განმავლობაში და ამ პერიოდში მოხდება კერძო ინვესტორების მოზიდვა. 

 

„ლაზიკა იქნება ახალი შესაძლებლობების ქალაქი,“ – განაცხადა დავითაიამ დღეს, ზუგდიდში გამართული შეხვედრის დროს და იქვე დასძინა, რომ ახალი ქალაქის მშენებლობისთვის ინვესტიციებს, უცხოური კომპანიების გარდა, სახელმწიდოფოც განახორციელებს.

 

საპარლამენტო ფრაქციის, “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრმა და “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ, რომელმაც ლაზიკას მშენებლობის იდეას “წინასაარჩევნო ილუზია” უწოდა, ივა დავითაიას კითხვით მიმართა, თუ რამდენი ლარის გამოყოფა იგეგმება ქვეყნის ბიუჯეტიდან ახალი ქალაქის მშენებლობისთვის? ივა დავითაიამ კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ხარჯებზე საუბარი ნაადრევია.

 

შეხვედრის მონაწილეებმა, რომელთა დიდ ნაწილს მმართველი პარტიის მხარდამჭერი სტუდენტები შეადგენდნენ, ჯონდი ბაღათურიას განცხადება იმის შესახებ, რომ ლაზიკა საარჩევნო ილუზიაა, გააკრიტიკეს:  

 

– „ბევრს ილუზია ეგონა ანაკლიაც, განმუხურიც, ქუთაისში პალამენტის გადმოტანაც, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა“…

 

– „თქვენ რა გაგიკეთებიათ, ბატონო ჯონდი?“

 

მსგავსი ტიპის რეპლიკები და კითხვები ისმოდა სტუდენტების მხრიდან ჯონდი ბაღათურიას მისამართით.

 

ახალი ქალაქის მშენებლობისთვის საჭირო თანხის რაოდენობით დაინტერესდა „ახალი მემარჯვენების“ ერთ–ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებიაც. მისი თქმით, მოსახლეობამ წინასწარ უნდა იცოდეს, თუ რა დაუჯდება ქვეყანას ახალი ქალაქის მშენებლობა. 

 

„ვის არ უნდა ახალი ქალაქი, ახალი მშენებლობა, მაგრამ დღესვე უნდა ვიცოდეთ, რა დაუჯდება ეს ქვეყნის ბიუჯეტს. ბატონმა ივამ აქ დახატა პორტრეტი, რომ ქვეყნის ეკონომიკას არ უჭირს. ნეტამც ასე იყოს“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ. მისივე თქმით, ახალი ქალაქების მშენებლობა არ უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ხარჯზე.

 

ივა დავითაიას განმარტებით, ლაზიკა იქნება თვითმმართველი ურბანული ტიპის ქალაქი. შესაბამისად, ლაზიკაში შესაძლებელია მოქმედებდეს საკუთარი კანონმდებლობა, თუმცა უპირატესი ძალა ექნება საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს ხელისუფლების ორგანოებსა და ლაზიკას ორგანოებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო. პოლიცია, პროკურატურა და საგადასახადო ორგანოები იქნებიან ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში.

 

ივა დავითაიას თქმით, ხარჯებს, რომელიც დაკავშირებული იქნება ქალაქის კომუნიკაციასთან და საქალაქო ინფრასტრუქტურასთან, დააფინანსებს სახელმწიფო, ხოლო ბიზნეს–სტრუქტურების განვითარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა მოხდება კერძო ინვესტორების მიერ.

 

საპარლამენტო ფრაქციის – ”ერთობა სამართლიანობისათვის” თავმჯდომარის, დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ლაზიკას მშენებლობამ შესაძლოა სერიოზული ეკოლოგიური ზიანი მიაყენოს ქვეყანას, რაზეც მას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი გამოეხმაურა და უპასუხა, რომ გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტები იმუშავებენ და, შესაბამისად, ყველა სამუშაო ჩატარდება ისე, რომ ზიანი არ მიადგეს ამ ტერიტორიაზე არსებულ ეკოსისტემას. 

 

ხვალ, 31 მაისს, პარლამენტში დაგეგმილია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა, სადაც მესამე მოსმენით განიხილება პარლამენტარ ზაალ გამცემლიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ხოლო პირველი მოსმენით განიხილება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, ერთმანეთისგან გაიმიჯნება კოლხეთის ეროვნული პარკი და ის ტერიტორია, სადაც დასაშვები იქნება ეკონომიკური აქტივობის განხორციელება და ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამ მიზნით, კანონპროექტის შესაბამისად, ხდება კოლხეთის დაცული ტერიტორიების კოორდინატების დაზუსტება.

 

ახალი ქალაქის – ლაზიკას მშენებლობის შესახებ ინიციატივა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის 5 დეკემბერს ზუგდიდში გააჟღერა:

 

“10 წელიწადში ლაზიკა, თბილისის შემდეგ, სიდიდით მეორე ქალაქი იქნება, მინიმუმ ნახევარმილიონიანი მოსახლეობით”, – განაცხადა სააკაშვილმა.

იუსტიციის სახლის პროექტი ლაზიკაში
იუსტიციის სახლის პროექტი ლაზიკაში

მასალების გადაბეჭდვის წესი