ახალი ამბები

დახურული გადაცემები და დავები ტელეკომპანიების მფლობელობაზე – მედია 2012 წლიდან დღემდე

22 სექტემბერი, 2016 • 1995
დახურული გადაცემები და დავები ტელეკომპანიების მფლობელობაზე – მედია 2012 წლიდან დღემდე

რა ცვლილებები განიცადა საქართველოში მედიასივრცემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანაავტორის, TI-ის პროგრამების მენეჯერის, ნინო რობაქიძის განცხადებით, ანგარიშის მიზანია საზოგადოებას შეახსენონ ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ ოთხ წლის განმავლობაში წამოიჭრა, ან საერთოდ არ მოხსნილა დღის წესრიგიდან.

ამ ოთხწლიან პერიოდში ცვლილებები მოხდა მედიის სარეკლამო ბაზარზე,  შეიცვალნენ ზოგიერთი მედიის მფლობელები, დაიხურა რეიტინგული გადაცემები და იყო ჟურნლისტებზე ზეწოლის ფაქტები. პოზიტიურ ცვლილებებს შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ასახელებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას, პლურალიზმის ზრდას და საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლას.

ანტიდასავლური და პრორუსული მედიის გაძლიერება

ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მედიაში შეინიშნება, არის ქართულენოვან მედიასაშუალებებში ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის გაძლიერება.

“ქართულ მედიასივრცეში გაჩნდა რამდენიმე სატელევიზიო არხი და ონლაინტელევიზია, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის გზავნილების გავრცელებაში. ამ ახალი ტელეარხების მფლობელობის საკითხები ასევე მოექცა ჩვენი ყურადღების ცენტრში. მათ შორის ვიკვლიეთ: შპს ქართული არხი (ყოფილი “TV კვირიკე”); შპს ქართული ტვ; შპს ხარისხის არხი (“დრო TV”); შპს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია („ახალი საქართველო”); პატრიოტი TV, ­ მათი მფლობელები და კავშირები სხვა მედიასაშუალებებთან და ანტიდასავლურად განწყობილ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან. ხშირ შემთხვევებში კავშირები აშკარაა, თუმცა ბევრ კითხვას აჩენს მსგავსი მედიასაშუალებების დაფინანსების წყაროები. პრორუსული და ანტიდასავლური მედიის ეს გამოკვეთილი ჯგუფი ძალიან მჭიდრო კავშირშია ასევე საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებთან გაცხადებული პრორუსული დღის წესრიგით, როგორებიცაა “პატრიოტთა კავშირი” და “ცენტრისტები”,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება ინტერნეტ-მედიას, ნინო რობაქიძის განცხადებით, ძალიან აქტიურები არიან ონლაინ-მედიასაშუალებები, რომელთაც აქვთ ანტიდასავლური განწყობები. 2015 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში “ვის ეკუთვნის მედია” ორგანიზაცია ამ საკითხზე უფრო ვრცლად საუბრობს. კერძოდ, ასეთ ონლაინ-მედიებად დასახელებულია Reportiori.ge, Marshallpress.ge, Geworld.ge, Saqinform.ge და TB24.ge.

“ეს ჯგუფი მოქმედებს როგორც ერთი გუნდი, როგორც კამპანია. ისინი იმართებიან ერთიანად და ხშირად პირდაპირ და ზოგჯერ ირიბად დაკავშირებული არიან როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში დაფუძნებულ პრორუსულ ფონდებთან, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. ესეც, ვფიქრობთ, წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ისინი, განსაკუთრებულ ონლაინმედიაში, ამინდის შექმნაში. ეს ახალი ტენდენციაა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეინიშნება და სწორედ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამრავლდა და გაძლიერდა ეს საშუალებები,”- განაცხადა ნინო რობაქიძემ.

სარეკლამო ბაზარი

ანგარიშის თანახმად,  სამთავრობო ცვლილებებიდან მალევე სარეკლამო სექტორში ძირეული ცვლილებები მოხდა: „ჯენერალ მედია“, ­ მონოპოლისტი კომპანია, რომელიც ნაციონალურ არხებზე რეკლამას ყიდდა, აღარ არსებობს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც 2011 და 2012 წლებში რამდენიმე უმსხვილეს სარეკლამო კომპანიას აკონტროლებდა, სარეკლამო სექტორში აღარ ფიგურირებს. მისი კუთვნილი რამდენიმე კომპანია წარმოშობით ქართველი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის ხელში გადავიდა.

ანგარიშში მოხვდა ის ფაქტიც, რომ 2014 წელს შემოსავლების სამსახური რეიტინგების მთვლელი კომპანია TVMR საქართველოსგან კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას ითხოვდა, რამაც, ორგანიზაციის შეფასებით, კომპანიის საქმიანობას საფრთხე შეუქმნა. რამდენიმე თვეში კი ბაზარზე ახალი მთვლელი კომპანია შემოვიდა.

“რეიტინგების ორი მთვლელის არსებობა და მათ მონაცემებს შორის არსებული განსხვავება ბაზარზე დაბნეულობას იწვევს,”- აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა”.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ. რომ 2015 წელს მაუწყებელთა სარეკლამო შემოსავლებმა მნიშვნელოვნად იკლო, კერძოდ, ტელევიზიების მიერ დეკლარირებული სარეკლამო შემოსავლები 2015 წელს წინა წელთან შედარებით 33%-ით შემცირდა.

2015 წელი იყო ერთადერთი წელი, როდესაც სარეკლამო ბაზარზე შემოსავლები შემცირდა და შემცირდა ძალიან მნიშვნელოვნად. ტელევიზიების შემთხვევაში საუბარი არის 33%-იან დაცემაზე, რაც არის ძალაინ დიდი დარტყმა მედიაინდუსტრიისთვის, განსაკუთრებით დამწყები მედიაინდუსტრიისთვის.

ერთ-ერთი მიზეზად, თუ რატომ შემცირდა შემოსავლები, TI-ის ანალიტიკოსი ნინო თოფურიძე რთულ ეკონომიკურ გარემოსა და ლარის დევალვაციას ასახელებს. ასევე, კიდევ ერთი მიზეზად ანგარიშის ავტორებმა დაასახელეს 2015 წელს მაუწყებლობის სფეროსთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები (ცვლილებებით შემცირდა ერთ საათში დასაშვები რეკლამის წუთობრივი მაქსიმუმი), რომელიც, მათ შეფასებით, ნაჩქარევად და მედიაინდუსტრიასთან შეუთანხმებლად მიიღო პარლამენტმა.

რაც შეეხება ონლაინ-მედიას, ანგარიშის ავტორების განცხადებით, ონლაინ-მედიაში სარეკლამო ხარჯების აღრიცხვა პრობლემას წარმოადგენს. ვინაიდან მათ არ აქვთ ვალდებულება, რომ წარმოადგნონ სარეკლამო შემოსავლები. გარდა ამისა, ნინო რობაქიძე ონლაინ-მედიაში არსებულ პრობლემად ასახელებს იმ ფაქტს, რომ არ არსებობს რეიტინგის ერთიანი სისტემა.

გარდა ამისა, TI-ის ანალიტიკოსმა ნინო თოფურიძემ ისაუბრა არათანაბარ კონკურენციაზე, რასაც იწვევს ონლაინ-მედიაში სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნის შესახებ სხვადასხვა პოლიტიკა:

“ონლაინ-მედია იყოფა ორ ჯგუფად. ერთი არის კეთილსინდისიერი მედიასაშუალებები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას რეკლამიდან და მიუთითებენ, რომ ეს არის რეკლამიდან შემოსული თანხები და აღნიშნავენ სპეციალური ნიშნით. ასევე არის ჯგუფი მედიასაშუალებებისა, რომლებიც  საკონტრაქტო ურთიერთობაში არიან სახელისუფლებო თუ სხვა ჯგუფებთან და ამ ინფორმაციას განათავსებენ თავიანთ ვებ-საიტზე ისე, რომ არ მიუთითებენ სპეციალურ ნიშანს, რომ ეს არის სარეკლამო მასალა. როგორც ჩვენ გვითხრეს, ასე ვთქვათ, კეთილსინდისიერმა მედიასაშუალებებმა, ეს კონკურენციის თვალსაზრისით არის ძალაინ დიდი დარტყმა, იქიდან გამომდინარე, რომ დამკვეთს ურჩევნია წავიდეს იმ მედიასაშუალებასთან, რომელიც არ მიუთითებს ამ სარეკლამო ნიშანს, ვიდრე ის, რომ მივიდეს ისეთ მედიასთან, რომელსაც უპირობოდ მიაჩნია, რომ უნდა დააწეროს, რომ ეს არის სარეკლამო ხასიათის მასალა და არა – სარედაქციო,”- ამბობს ნინო თოფურიძე.

ჟურნალისტების დათხოვნა და რეიტინგული გადაცემების დახურვა

“ტელეკომპანია მაესტროდან მოხდა ბევრი ჟურნალისტის გადინება და ასევე დაიხურა ბევრი გადაცემა. ტელეკომპანია მაესტრო არ იყო ერთადერთი, სადაც მოხდა მაღალრეიტინგული გადაცემის დახურვა. იგივე მოხდა ტელეკომპანია იმედზე, როცა ორი მაღალრეიტინგული ტოქ-შოუ დაიხურა,”- განაცხადა ანგარიშის პრეზენტაციაზე TI-ის მედიამკვლევარმა ანა დაბრუნდაშვილმა.

მისვე განცხადებით, მედიაგარემოზე ეს ფაქტები უარყოფითად აისახა.

გამოქვეყმებულ ანგარიშში საუაბრია “იმედიდან”, “მაესტროდან” და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტების დათხოვნისა და გადაცემების დახურვის ფაქტებზე.

2013 წლის სექტემბერში ­ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები, დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე გაათავისფულეს. ამის მიზეზად ჟურნალისტების მიკერძოებული პოზიცია დაასახელეს.

“ამ შემთხვევამ გააჩინა კითხვები საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჟურნალისტების პროფესიულ თავისუფლებასთან დაკავშირებით,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

2015 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიხურა ეკა მიშველაძის გადაცემა “პირველი სტუდია”.  ამის მიზეზად საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა ეკა მიშველაძისა და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის ქორწინების გამო ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. 2016 წლის დასაწყისში “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ეკა მშველაძეც დაითხოვა სამსახურიდან, რის გამოც ჟურნალისტმა სასამართლოში იჩივლა.

2014 წლის სექტემბერში­ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ „მაესტრო” დატოვა, მიზეზად კი დაასახელა, რომ  „მაესტროს” დირექტორთან შეხვედრაზე მას განუცხადეს, რომ საკუთარი გადაცემებით, შესაძლოა, არხი ხელისუფლებასთან დაეპირისპირებინა და პრობლემები შეექმნა.

ამავე წელს მაესტრო დატოვეს ჟურნალისტებმა, დიანა ტრაპაიძე და თეონა გეგელიამ, წლის ბოლოს კი „ცხრიანის” წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა “მაესტრო” დატოვა,  ასევე, ჟურნალისტების და პროდიუსერების ნაწილმა.

2016 წლის მაისში ტელეკომპანიამ დაითხოვა რამდენიმე გადაცემის: “საქმიანი დილის”, “ბიზნესკონტაქტისა” და “ანალიტიკის” პროექტების მენეჯერი და წამყვანი. “მაესტრომ” ეს გადაცემები ეთერიდან მოხსნა. ასევე შეუჩერა უფლებამოსილება “საქმიანი დილისა” და “ბიზნესკონტაქტის” თანამშრომლებს.

ტელეკომპანია “იმედმა” 2015 წლის აგვისტოში რეიტინგული გადაცემები, „რეაქცია“ და „იმედის კვირა“ დახურა. საზოგადოებრივ-­პოლიტიკური ტთოქშოუების დახურვის მიზეზად არხმა გადაცემების ფორმატის შეცვლის გადაწყვეტილებით ახსნა, თუმცა გადაცემების წამყვანი, ინგა გრიგოლია მომხდარს პოლიტიკურ დავალებად მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ გადაცემების მოსხნის შესახებ არავის გაუფრთხილებია;

2016 წლის მაისში “იმედმა” დაითხოვა  ­წამყვანი და პროდუსერი შალვა რამიშვილი. რამიშვილმა განაცხადა, რომ მისი დათხოვნა არხის გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის მხრიდან მის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას უკავშირდება.

ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები

2014 წელს­ რუსთავი 2-­ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიაში ფარულ ჩაწერას ახორციელებდნენ. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმაც გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.

2015 წლის სექტემბერში­ ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ “შესაბამისმა სამსახურებმა” მისი და ალექსი პეტრიაშვილის ურთიერთობის შესახებ ამ ფაქტის გასაჯაროებამდე იცოდნენ.

2015 წლის ოქტომბერში­ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებითა და ოჯახის წევრებზე მუქარით აშანტაჟებდნენ.

2016 წლის მარტში კი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას დაემუქრნენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით.

“დღემდე არ მომხდარა აღნიშნული ფაქტების გამოძიება და სამართალდამცავი ორგანოები ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებისას არ გამოირჩევიან ეფექტურობით,”- ვკითხულობთ TI-ი ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია იმის შესახებაც, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონული მედიის წარმომადგენლებზე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის 15­-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

“თანამდებობის პირებს და საჯარო მოხელეებს კარგად არ აქვთ გააზრებული დამოუკიდებელი მედიის როლი და კრიტიკულ ჟურნალისტურ მასალებზე ხშირად არაადეკვატურად რეაგირებენ. ძირითადად ჟურნალისტებზე ზეწოლა გულისხმობდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუქარას და მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლის მცდელობას. მოკვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად ზეწოლის ადრესატები კახეთისა და აჭარის რეგიონის ჟურნალისტები ხდებოდნენ.

ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელზე

2012 წლის ბოლოს სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად გიორგი ბარათაშვილი აირჩია. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საბჭომ ბარათაშვილი თანამდებობიდან ორჯერ გაათავისუფლა, თუმცა სასამართლომ ორივეჯერ აღადგინა თანამდებობაზე.

ასევე, ანგარიშში არის საუბარი 2014 წლის ივლისში­ ძალაში შესულ „მაუწყებლობის შესახებ” კანონზე, რომლის მიხედვითაც, აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმით ჩამოყალიბდა. იქამდე აჭარის ტელევიზია აჭარის მთავრობის დეპარტამენტის სახით არსებობდა, რაც კანონთან შეუსაბამო იყო, რადგანაც მაუწყებლობის შესახებ კანონი ადმინისტრაციულ ორგანოს სამაუწყებლო მედიის ფლობას უკრძალავს.

ამ ცვლილებებით ასევე შეიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესი.

“მიუხედავად იმისა, რომ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები საბჭოს დაკომპლექტების უფრო პლურალისტულ მიდგომას ითვალისწინებდა, რეფორმის იმპლემენტაციის პროცესმა ცხადყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ პოლიტიკური თამაშების ასპარეზად იქცა. ამასთან, 2016 წლამდე პარლამენტმა არ აირჩია ოპოზიციის კვოტით წარდგენილი ორი კანდიდატი, რის გამოც კანონით გათვალისწინებული პლურალიზმი პრაქტიკაში არ იყო უზრუნველყოფილი,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

2016 წლის აგვისტოში ცობილი გახდა, რომ შესაძლოა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამ კერძო ტელეკომპანიასთან, ­“იმედთან” “GDS”­თან და “მაესტროსთან” ერთად არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ჩაატაროს. ამ ეტაპზე მაუწყებელს ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, თუმცა ეს გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 7 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

TI-ის ანალიტიკოსი ნინო თოფურიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ ტელეკომპანიებთან ერთად ეგზიტპოლის ჩატარება პრობლემური იქნება:

“ჩვენი აზრით, ეს არის რისკების მატარებელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ოდნავ უფრო მზარდი ნდობა საზოგადოებაში. შესაბამისად, იმ ტელეკომპანიებთან ერთად ეგზიტპოლების ჩატარება, რომლებსაც, შესაძლოა, ჰქონდეთ პოლიტიკური აფილიაციები, შესაძლოა რისკის მატარებელი იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ჩვენი მიმართვა იყო, რომ იქნებ არ ჩატარდეს ამ ფორმით ეგზიტპოლი, ან თუ ჩატარდება, იქნებ გამოინახოს სხვა შესაძლებლობა, რომ სხვა ფორმით ჩაატაროს,”- განაცხადა ნინო თოფურიძემ.

რუსთავი 2-ის საქმე და დავები ტელეკომპანიების მფლობელობის ირგვლივ

ანგარიშის თანახამდ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ რუსთავი 2-ის მფლობელები შეიცვალნენ: 2012 წლის ბოლოს „რუსთავი 2“­ის 40% დავით კეზერაშვილის კომპანია „მედია ჯორჯიაზე” 500,000 აშშ დოლარად გასხვისდა. „მედია ჯორჯიამ“, რომელიც ამ გარიგებამდე ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, წილები ხუთ დღეში გიორგი ყარამანიშვილს იმავე ფასად მიჰყიდა. 2012 წლის ნოემბრიდან რუსთავი 2-­ის მფლობელები ძმები ყარამანიშვლები არიან, 9%-­ს კი გარდაცვალებამდე გიორგი გეგეშიძე ფლობდა. გარდაცვალების შემდეგ მისი წილები მეუღლის, ნინო ნიჟარაძის მფლობელობაში გადავიდა.

2015 წლის აგვისტოში ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა კომპანიის წილების დასაბრუნებლად ბრძოლა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ტელეკომპანიის წილების 100% ქიბარ ხალვაშს მიანიჭა. ამჟამად საქმე უზენაეს სასამართლოში იხილება.

ასეევ, რუსთავი 2-ს ნორმა, რის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის წინააღმდეგ დავობს, საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. საქმეზე განხილვა დასრულებულია, თუმცა გადაწყვეტილება სასამართლოს ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

“იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული საქმის განხილვა მიზანმიმართულად ფერხდება დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან,”- ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ანგარიშში შევიდა “მაესტროს” მფლობელობასთან დაკავშირებული დავაც: 2015 წლის სექტემბერში  ­”მაესტრო­ს” დირექტორმა ბაია გადაბაძემ „მაესტროს” გადახდისუუნაროდ ცნობის და გაკოტრების საქმის წარმოების თხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.  გაკოტრების პროცესის დაწყებიდან რამდენიმე თვეში მაესტროში მფლობელების ცვლილება მოხდა – ტელეკომპანიის საკონტროლო წილის (55%) მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა. გაჩეჩილაძემ ორი თანამფლობელისგან, გიორგი ებრალიძისგან და ლევან ჩიკვაიძისგან 15 -­15%-­იანი წილი შეიძინა. ტელეკომპანია “მაესტროს” წილების დანარჩენ 45%-­ს მამუკა ღლონტი (15%), ეკატერინე აკობია (5%) და მაკა ასათიანი (25%) ინაწილებენ. გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატის, ირაკლი კორძახიას განცხადებით, წილების გამოსყიდვისათვის საჭირო თანხა გიორგი გაჩეჩილაძეს ირაკლი რუხაძემ ასესხა. რუხაძე, თავის მხრივ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ბიზნესის, მათ შორის ტელეკომპანია “იმედის” მმართველია. ცვლილებების საფუძელზე, არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე სამსაურიდან პარტნიორთა კრების თანხმობის საფუძველზე გადააყენეს. გადაბაძის გადაყენების შემდგომ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა, მოგვინებით იგი ზურაბ ნაყეურმა ჩაანაცვლა. ამ ეტაპზე დავა მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა და არხი აგრძელებს ფუნქციონირებას.

2012 წლის არჩევნების შემდეგ ცვლილებები იყო ტელეკომპანია “იმედზეც“: 2012 წლის ­ ​საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ტელეკომპანია იმედი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს გადაეცა. ტელეკომპანიის გარშემო დავა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ოჯახი ამტკიცებდა, რომ ტელეკომპანია მათ სახელმწიფომ წაართვა. 2016 წლის ივნისში­ ​ირაკლი რუხაძე, ტელეკომპანია იმედის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ხდება, რის გამოც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ნათელა სახოკიამ, რომელიც ირაკლი რუხაძის დედაა, საბჭო დატოვა.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2016 წლის 23 ივნისს ­ საინფრომაციო სამსახურის უფროსი მაია თაბაგარი დაითხოვეს და იგი ჟუნრალისტმა ნანა ლეჟავამ ჩაანაცვლა. საინფორმაციო სამსახურის უფროსის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს “ქრონიკის” ჟურნალისტებმა. მათი განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში საკადრო ცვლილება, რომელსაც არ აქვს რაიმე ობიექტური მიზეზი, ეჭვქვეშ დააყენებს “არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს”.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა რეგიონული მედიის დამოკიდებულება ადგილობრივი თვითმმართველობებისგან მიღებულ შემოსავლებზე.

“მომდევნო წელსაც საარჩევნო წელია, როგორც იცით, და ეს საკითხი შეიძლება ცენტრალური საკითხი გახდეს, თუ როგორ არიან რეგიონული მაუწყებლები დამოკიდებული ფინანასურად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და მთავრობებზე,”- განაცხადა TI-ის პროგრამის მენეჯერმა ნინო რობაქიძემ ანგარიშის პრეზენტაციისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი