ახალი ამბები

“პაგონებიანი გიგაური” – ივანიშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ისევ აკრიტიკებს

22 სექტემბერი, 2016 • 2084
“პაგონებიანი გიგაური” – ივანიშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ისევ აკრიტიკებს

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებს კიდევ ერთხელ დებს ბრალს ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში. ამის შესახებ მან ტელეკომპანია GDS-ის ეთერში ისაუბრა. ივანიშვილმა არასამთავრობოები გააკრიტიკა იმ კომენტარებისთვის, რაც მათ გააკეთეს 26 მაისის კადრების წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნების გამო.

“რომელი მესამე სექტორი? ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოებაც ხომ, ბოდიში და, გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის და იბრალებს… ისეთ ნიშაში შევიდნენ, რომ ასეთი აგრესიულები ნაციონალური მოძრაობის წევრებიც არ არიან ძალიან ხშირად. რომელმა თქვა, კონკრეტულად მითხარი და გამოჩნდება [ახალგაზრდა იურისტები, საერთაშორისო გამჭვირვალობა]. გიგაური იქნებოდა, ალბათ. პაგონებიანმა გიგაურმა, ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო პაგონები. მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. ესენი გამოდიან…

მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ: ამ სექტორს ნუ აბინძურებენ. გამოვიდნენ, რომ ისინი ნაციონლაური მოძრაობის წევრები არიან და კეთილი ინებონ და დაირქვან სახელი, რომელიც მათ ეკუთვნით”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ნეტგაზეთთან საუბარში ეკა გიგაურმა ბიძინა ივანიშვილს ასე უპასუხა:

“ზოგადად ვიცით მისი მწვავე დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ. მეც რომ არ ვუყვარვარ პირადად, ძალიან კარგად ვიცი. რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ძირითად დროს უთმობს ყველა იმ ადამიანზე ლაპარაკს, არაეთიკურად, ვისაც მისგან განსხვავებული აზრი აქვს და ეს, მგონი, არასწორია. თუმცა, თუ “ოცნებამ” გადაწყვიტა ასეთი წინასაარჩევნო კამპანია წარმართოს, ეს მათი არჩევანია. რაც შეეხება [არასამთავრობო] სექტორს, ყველა ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს ფაქტობრივად ორ ან რამდენიმე ცეცხლს შორის არის. “ოცნების” მომხრეებს და პარტიას ზოგადად ნაცმოძრაობასთან დაახლოებული ვგონივართ და ნაციონალურ მოძრაობას – “ქართულ ოცნებასთან”. ამას ზოგჯერ საჯაროდაც ამბობენ, თუმცა არასაჯაროდ სულ ამას გვეუბნებიან. ასევე ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და არავის ინტერესებს არ ვატარებთ. დამღუპველია განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი რეაქცია. ჩვენ სამოქალაქო სექტორში არ გვაქვს პრეტენზია, რომ ყველაფერი, რასაც ვამბობთ, სწორია. ზუსტად ამიტომ ყოველთვის მზად ვართ თემატური დისკუსიისთვის. არაეთიკურად ვინმეზე ლაპარაკი კი ჩვენი საქმე არ არის”, – ამბობს ეკა გიგაური ნეტგაზეთთან საუბარში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ივანიშვილი ეკა გიგაურის და არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგნელების წინააღმდეგ გამოდის. ამის შესახებ იგი ხშირად საუბრობდა გადაცემა 20:30-ის ფორმატში, სადაც გიგაურთან ერთად ბრალდებებს ნინო ლომჯარიასა და კახა კოჟორიძეს უყენებდა ხოლმე. ეს პროცესი ნეტგაზეთთან ინტერვიუში შეაფასა ყოფილმა ევროკომისარმა, თომას ჰამარბერგმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი იყო საქართველოს მთავრობისთვის ადამიანის უფლებების სფეროში.

“გეტყვით, რომ ნამდვილად არ მსურს [ივანიშვილის მიერ დეკლარირებული] კრიტიკის მოტივით სპეკულირება, რადგან ნამდვილად არ ვიცი ეს მოტივი. შემდგომში რაც უნდა მოხდეს, მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების დამოუკიდებლობას, განსაკუთრებით იმ ჯგუფების, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობენ საქართველოში, პატივს სცემენ. ისინი ძალიან რთულ სფეროში, რთულ გარემოში მუშაობენ და მათი ანგარიშები და მოხსენებები ხანდახან ოფიციალურ სახელმწიფო თანამდებობის პირებს აღიზიანებთ – ეს მათ მოწყვლადებად აქცევს. მე არ ვამბობ იმას, რომ მათი გაკრიტიკება არ შეიძლება, როდესაც (და თუ) ისინი შეცდომებს დაუშვებენ, მაგრამ იქ უნდა დაფიქსირდეს იმ საერთო წვლილის აღიარებაც, რომელიც მათ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში შეიტანეს. მე ვიცნობ იმ სამ უფლებადამცველს, რომლებიც [ივანიშვილის მიერ] დასახელდნენ და მათ მიმართ ძალიან მაღალი ნდობაც გამაჩნია.

ვფიქრობ, რომ საქართველოს შეუძლია იამაყოს საკუთარი სამოქალაქო სექტორით, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებით, რომლებიც ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობენ. “კონსტრუქციული დიალოგი” მთავარი გასაღები და საუკეთესო საშუალებაა გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად. უთანხმოების მოგვარება კი მოლაპარაკების მეშვეობითაა შესაძლებელი”, – განაცხადა ჰამერბერგმა 2015 წელს ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი