ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბას პრესსამსახური: მინისტრ ჩირიკბას გადადგომა ევროპის ქვეყნებში შესვლას უკავშირდება

22 სექტემბერი, 2016 • 1198
ხაჯიმბას პრესსამსახური: მინისტრ ჩირიკბას გადადგომა ევროპის ქვეყნებში შესვლას უკავშირდება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე 2016 წლის 21 სექტემბერს გამოქვეყნდა განცხადება, სადაც 20 სექტემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან ვიაჩესლავ ჩირიკბას გადადგომის მიზეზია განმარტებული:

“საჭიროდ მივიჩნევთ, აღვნიშნოთ, რომ ვიაჩესლავ ჩირიკბას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არდანიშვნის მთავარი მიზეზი არის დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკაში მიმავალი აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელობაზე უარის თქმა. ვ. ჩირიკბამ თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ მოლდოვიდან მისი დეპორტაციის შემთხვევაში, ევროპის ქვეყნებში შესვლასთან დაკავშირებით, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა, საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლის მიუხედავად, უცვლელი რჩება, რამდენადაც აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პრეზიდენტი და არა მინისტრი “, – წერია დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

“შექმნილ ვითარებაში აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. იმედს ვიტოვებ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი დარჩება”, – ასეთი განცხადება გააკეთა თავად ჩირიკბამ გადადგომის დღეს, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.

ვიჩესლაც ჩირიკბას  დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2011 წლიდან ეკავა.

ჩირიკბა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში აფხაზური მხარის დელეგაციას ხელძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი