ახალი ამბები

ვინ უერთდება “ოცნების” საარჩევნო მემორანდუმს?

21 სექტემბერი, 2016 • 1225
ვინ უერთდება “ოცნების” საარჩევნო მემორანდუმს?

“ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ საარჩევნო მემორანდუმს ხელს სავარაუდოდ არ მოაწერს “ნაციონალური მოძრაობა”, “ეროვნული ფორუმი”, “ლეიბორისტული პარტია” და “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”, ხოლო “თავისუფალი დემოკრატები”,  “მრეწველები”, “რესპუბლიკური პარტია”, “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” და “პატრიოტთა ალიანსი მემორანდუმს ხელს მოაწერენ.

“ძალიან სუსტი დოკუმენტია. აღნიშნული არ არის, თუ რა პასუხისმგებლობა აქვს მმართველ გუნდს და ხელისუფლებას პროცესების მშვიდობიან მართვაზე. პარლამენტში ჩვენ თვითონ ვიყავით ამგვარი დოკუმენტის ინიციატორები, ის უფრო ყოვლის მომცველი იყო. სალაპარაკო რომ არავის ჰქონდეს და ხელისუფლებას რომ შევახსენოთ მისი ვალდებულება დაიცვან წესრიგი, ჩვენ ამ მემორანდუმს ხელს მოვაწერთ,” – ამბობს ირაკლი ალასანია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ისინი მემორანდუმს ხელს არ მოაწერენ:

“როდესაც ხელისუფლებას არ აქვს ნება, რომ კორცხელის თავდასხმა გამოიძიოს, როდესაც თავდასხმებია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაშინ ნებისმიერი ტიპის მემორანდუმი ფარატინა ქაღალდია ხელისუფლების მხრიდან, რომლის ხელმოწერასაც ჩვენ არ ვაპირებთ.”

დღეს, 21 სექტმბერს “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო მემორანდუმის ტექსტი გამოაქვეყნა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, მემორანდუმს ხელი მოაწერონ.

“ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა,  ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს,  ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.   წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე,” – აღნიშნულია მემორანდუმის ტექსტში.

20 სექტემბერს  იუსტიციის სამინსიტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით ძალადობის წინააღმდეგ კამპანია „ძალა ვნებს არჩევნებს“ მიმდინარეობს.  მათი განცხადებით, კამპანიაში 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს:

“საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებისთვის გაერთიანდნენ და ერთი ვიდეორგოლი ჩაწერეს. პოლიტიკოსები − პარტიის ცნობილი სახეები − ამომრჩევლებს მოუწოდებენ, კარგად გააცნობიერონ, თუ რა მნიშვნელოვანია არჩევნების ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარება.  საინფორმაციო კამპანიის მიზანია, თითოეულმა ამომრჩეველმა, პოლიტიკური პარტიების ყველა მხარდამჭერმა გააცნობიეროს, რა ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობას და სხვადასხვა შეხედულებისა და პოლიტიკური სიმპათიების მქონე მოქალაქეები ერთი მიზნით გააერთიანოს − 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მშვიდ გარემოში, უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარდეს. აღსანიშნავია, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პარტიები საქართველოში არასდროს გაერთიანებულან ერთიანი მოწოდებით არჩევნებზე ძალადობის წინააღმდეგ,” – აღნიშნულია სამინსიტროს განცხადებაში.

ძალა ვნებს არჩევნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი