ახალი ამბები

კალაძე გაყიდულ მატჩებთან კავშირს უარყოფს

29 მაისი, 2012 • 1428
კალაძე გაყიდულ მატჩებთან კავშირს უარყოფს

”თუ ვინმე ცდილობს, კუდი გამოაბას ამ საკითხს და ბუზი სპილოდ აქციოს, ეს მისი საქმეა, მე მთელი ცხოვრება გაყიდულ თამაშებს ვებრძვი”, – განაცხადა კალაძემ.

კახი კალაძე უცხოურ პრესაში გავრცელებულ სატელეფონო  ჩანაწერს შეეხო. ჩანაწერში, როგორც თავად ამბობს, მარმარილოს კარის შესახებ საუბრობდა:

”ჩანაწერში ლაპარაკი იყო ჩვეულებრივ კარზე და არანაირი კავშირი არ ჰქონია ფეხბურთის კართან. რატომღაც კარი და მარმარილო კოდურ სიტყვებად მიიჩნიეს. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ქობულეთში ვაშენებ სასტუმროს და იმ ადამიანს, რომელიც ხუთ-ექვსჯერ მყავს ნანახი, მარმარილოს კარის შესყიდვაზე ვესაუბრებოდი. ჩვენ შორის გარიგება არ შედგა, რადგან მას საჭირო ზომები არ აღმოაჩნდა”, – აღნიშნა კალაძემ.

”რა კავშირი აქვს კახი კალაძეს იტალიური ფეხბურთის ყველაზე დიდ სკანდალთან. გაყიდულ მატჩები და დაპატიმრებული ფეხბურთელები”, – ამ სიტყვებით დაიწყო რუსთავი 2-ზე კალაძის კარიერასა და ”გარიგებულ მატჩებთან” დაკავშირებული სიუჟეტი, რომლითაც გუშინ, 28 მაისს, 9– საათიანი ”კურიერი” დაიწყო. სიუჟეტში საუბარი იყო კალაძის მიერ საქართველოში, საკუთარ კარში გატანილ ორ ავტოგოლზეც. კახი კალაძის განცხადებით, “რუსთავი 2” არასწორ ინფორმაციას ავრცელებს:

”საინტერესო იქნება, რომ ”რუსთავი 2-მა” თავად ახსნას ასეთი მოქმედების მიზეზი”, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, მას იტალიური პოლიციისგან არანაირი წერილი არ მისვლია, თუმცა მისი იტალიელი ადვოკატები საქმის კურსში არიან:

”თუ საქმე მოითხოვს, მზად ვარ, ნებისმიერ დროს ჩავფრინდე იტალიაში და ჩვენება მივცე”, – აღნიშნა კალაძემ.

 

იტალიაში გაყიდული თამაშების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს, ასეთი თამაშების სიაში 33 მატჩი მოხვდა, იტალიურმა პოლიციამ გარიგებაში მონაწილე 19 ადამიანი 28 მაისს დააპატიმრა. იტალიური პრესის ინფორმაციით, შესაძლოა, ერთ-ერთი ჩართული პირი კახა კალაძეც იყოს, რომელიც 2010-2011 წლებში იტალიურ კლუბ ჯენოაში მცველის პოზიციაზე თამაშობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი