ახალი ამბები

სად იმუშვებს პარლამენტი? – პარტიების პოზიციები

7 ოქტომბერი, 2016 • 2329
სად იმუშვებს პარლამენტი? – პარტიების პოზიციები

იმუშავებს თუ არა მეცხრე მოწვევის პარლამენტიც ქუთაისში? – ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, შეიცვლება თუ არა საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომლის მიხედვით საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი ქუთაისია და რომლის შესაცვლელად 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პოლიტიკური პარტიების ნაწილს, რომლებიც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ და ჰკითხა, თუ როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით მათი პოზიცია.

მმართველი პარტია “ქართული ოცნება” კვლავაც პარლამენტის თბილისში გადატანის მომხრეა. თუმცა კოალიციურ რეჟიმში ქვეყნის ოთხწლიანი მმართველობის პირობებში ვერ მოახერხა ამ საკითხის ასე გადაწყვეტა, ვინაიდან ვერ შეძლო პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვება.

“მომავალ პარლამენტში ჩვენ ამ საკითხს მივუბრუნდებით. აუცილებლად მიგვაჩნია, მთავრობა და პარლამენტი ფუნქციონირებდეს დედაქალაქში. ოთხი წლის განმავლობაში ეს ძალიან ბევრ პრობლემას ქმნიდა, ძალიან დიდი დრო და რესურსი იხარჯებოდა გზაში, რაც სჯობს, საქმეს მოხმარდეს,” – უთხრა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა  მანანა კობახიძემ “ნეტგაზეთს”.

მისი აზრით, პარლამენტის გადატანას “რაიმე ეკონომიკური ეფექტი ქუთაისისთვის არ მოუტანია”. უცნობია, რაზე დაყრდნობით აცხადებს ამას კობახიძე, რადგან კითხვას, აწარმოა თუ არა მთავრობამ პარლამენტის გადატანით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტის კვლევა ქუთაისში, დეპუტატი შემდეგნაირად პასუხობს:

“რაიმე განსაკუთრებული გაუმჯობესება ქუთაისის ეკონომიკური მდგომარეობის, ადამიანების, არ ფიქსირდება. გნებავთ, სტატისტიკა მოიშველიეთ, გნებავთ, სხვა მონაცემები, ეკონომიკური მაჩვენებლები. ქუთაისს სჭირდება სერიოზული, მნიშვნელოვანი პროექტები. ქუთაისს ზრუნას არ მოვაკლებთ,” – ამბობს კობახიძე და ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად  საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას ასახელებს, რომელსაც მისი თქმით, საუკუნის პროექტი შეიძლება ვუწოდოთ.

პარლამენტის გადატანის საქმეში მანანა კობახიძეს სხვა პარტიების მხარდაჭერის იმედი აქვს.

საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, “ქართული ოცნების” ხმებს თავის ხმას “რესპუბლიკური პარტია” შეუერთებს პარლამენტის თბილისში გადატანის საკითხთან დაკავშირებით.

“თბილისში გადატანის მომხრე ვართ, უფრო სწორად, დაბრუნების. საქართველოს ბიუჯეტს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამდენი ხარჯი გასწიოს. კვორუმის პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პარლამენტის მდებარეობა იყო. ეს არც ერთ დეპუტატს ამართლებს, ამიტომ არ ვამბობ, მაგრამ თავისთავად ქმნიდა პრობლემებს,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა, რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზესტაფონში.

ხიდაშელი ალტერნატიული ვარიანტად მთავრობის ქუთაისში გადატანას ასახელებს, თუკი პარლამენტი ქუთაისში დარჩება:

“მე ორივე ვარიანტი მაწყობს, ორივეს ვემხრობი, პარლამენტი და მთავრობა უნდა იყოს ერთ ქალაქში. საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყანას საპარლამენტო მთავრობა ჰყავს. ეს პარლამენტსა და მთავრობას შორის მუდმივ კომუნიკაციას მოითხოვს, მათ შორის მინისტრების კომიტეტებზე გამოსვლას, საკომიტეტო მოსმენების სიჭარბეს და აღარაფერს ვამბობ სასესიო კვირის დროს მთავრობის ჩართულობაზე. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია იმ რეალობაში, რომელშიც ვართ,” – ამბობს ხიდაშელი, თუმცა მინისტრები თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში გამართულ კომიტეტის სხდომებსაც ძალიან იშვიათად ესწრებიან, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ საჯაროდ არაერთხელ განაცხადა.

იმავე აზრზეა “ეროვნული ფორუმიც.” ანი მიროტაძის თქმით, პარლამენტის ადგილმდებარეობა კონტროლის ეფექტურობას არ გულისხმობს.

“მინისტრს პარლამენტში რომ ვერ მოიყვან, რადგან პატივს არც პარლამენტს სცემს, არც უმრავლესობას, არც უმცირესობას, არც პოლიტიკურ ძალებს. რომელ ადგილმდებარეობაზე და ხელის შემშლელ ფაქტორზეა ლაპარაკი?! თავგასულები და თავზეხელაღებულები არიან, ჰგონიათ, რომ რახან აღმასრულებელ ხელისუფლებაში არიან და მინისტრის პოზიციაზე არიან, ყველაფრის უფლება აქვთ.  ეს არის არაფორმალური მმართველობის შემადგენელი ნაწილი, მათ იციან, რომ ანგარიშვალდებული არიან პრემიერ-მინისტრთან და, ალბათ, ბიძინა ივანიშვილთან, თუ ამას არაფორმალურ ჭრილში განვიხილავთ.”

“ეროვნული ფორუმი” ქუთაისში პარლამენტის შენობის დაკეტვის წინააღმდეგია.

“თუ ჩვენ ქუთაისელებს ვერ შევთავაზებთ რაიმე ალტერნატივას, რაც ამ ადგილზე განთავსდება, ასე [შენობის] გამოკეტვის წინააღმდეგი ვარ. იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის ორი შენობის შენახვის გამო ბიუჯეტს დიდი ხარჯი აქვს, ამ ეტაპზე გადმოტანის საკითხზე საბოლოო გადწყვეტილება მიღებული არ მაქვს. ასეთია ჩვენი პარტიის პოზიცია,” – ამბობს ანი მიროტაძე და აღნიშნავს, რომ ამ შენობაში შესაძლებელია სასაქონლო საფონდო ბირჟა განთავსდეს, რაც ამიერკავკასიაში არ არსებობს.

პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნების იდეას ლობირებენ “თავისუფალი დემოკრატებიც”.

“საპარლამენტო ზედამხედველობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, პრაქტიკულად მოუქნელია გაყოფილი მუშაობა. მეორე მხრივ, ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში დავინახეთ, რომ გაცილებით მეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული და რეალურად, საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების და მუშაობის შესაძლებლობა უფრო შეზღუდულია,” – ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.

საარჩევნო ბლოკში “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” აცხადებენ, რომ პარლამენტის ქუთაისში მუშაობის საკითხზე ნეგატიური დამოკიდებულება არ აქვთ.

“არ ვთვლით, რომ პარლამენტი გინდა თუ არა თბილისს უნდა დაუბრუნდეს. ქუთაისში პარლამენტზე მიბმული მომენტები გაჩნდა, ვიღაცამ სახლი იქირავა, იქ ობიექტები გაიხსნ.  წყალტუბოში, სასტუმროებში დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ცხოვრობენ და ა.შ. შეიძლება დიდი ეკონომიკური გარღვევა ვერ მოახდინა, მაგრამ გარკვეული იმპულსები შექმნა.  ეს საკითხი თუ დადგება პარლამენტში, უნდა ვიფიქროთ იმაზე, ქუთაისი ამის სანაცვლოდ რას მიიღებს,” – ამბობს მამუკა კაციტაძე.

მისივე განცხადებით,  ქუთაისი საგანმანათლებლო ქალაქი უნდა იყოს. თუმცა აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენების საკითხი  “ქართული ოცნების” მორიგი ვირტუალური დაპირებაა.

საარჩევნო ბლოკის – “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ პარლამენტი პოლიტიკურ დედაქალაქში უნდა იყოს. მისივე თქმით, როცა პარლამენტში ამ საკითხზე იყო მსჯელობა, ის ალტერნატივად  ორპალატიანი პარლამენტის სისტემის ამოქმედებას, ან მთავრობისა და პრეზიდენტის ქუთაისში გადასვლას ასახელებდა:

კონსტიტუციაში წერია, რომ ორპალატიანია პარლამენტი, უბრალოდ, მეორე პალატა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ამოქმედდება. როდესაც ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლობით აუცილებლად შეივსებოდა ზედა პალატა.

ამ შემთხვევაში შესაძლებელია ზედა პალატის ქუთაისში გადატანა და ქვედა პალატის თბილისში ყოფნა, თუმცა ესეც არ მიმაჩნია სწორად. ეს არის უარესიდან ნაკლებად ცუდი გამოსავალი,” – ამბობს ახვლედიანი, რომელიც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გამოცხადებას უჭერს მხარს.

“პატრიოტთა ალიანსში” ცდილობენ პარტიის პოზიციაში ორივე ქალაქის ამომრჩევლების ინტერესი ჩაატიონ. დავით თარხან-მოურავის თქმით, შესაძლებელია პარლამენტმა თბილისშიც იმუშაოს და ქუთაისშიც:

“ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის მოცემულობა უნდა იყოს. ფაქტია, რომ პარლამენტი ქუთაისში არის. ასევე ფაქტია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება თბილისშია. როგორ ახერხებს სტრასბურგი და ბრიუსელი? – ხან ერთგან არის, ხან მეორეგან. არსებულ მოცემულობაში ეს საუკეთესო მოდელია.”

“ლეიბორისტური პარტიაში” კი აცხადებენ, რომ მთავარი პრობლემა ეკონომიკური და სოციალური საკითხებია.  გიორგი გუგავას თქმით,  პარლამენტზე მეტად გახსნილი ქარხანა სჭირდება ქუთაისს:

“სანამ სოციალური და ეკონომიკური  პრობლემები არ გადაწყდება, პარლამენტის საკითხი მეორე, მესამე საკითხია. გარკვეული იმპულსი ქუთაისის ცხოვრებაში შეაქვს, თუმცა არა გადამწყვეტი და არა მნიშვნელოვანი, ქალაქის აღორძინება არ გამოუწვევია პარლამენტს. ეს საკითხი საერთო სახალხო მსჯელობით და ქუთაისელების ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან მისი ლიდერის აკვიატებით და აცქმუტებით“.

უცვლელია “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია. ისინი არ აპირებენ პარლამენტის თბილისში გადატანას მხარი დაუჭირონ:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის დეცენტრალიზაცია განმტკიცდეს. ეს აუცილებელია, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ქვეყნის განვითარების დინამიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია პროცესები ისე გაგრძელდეს, როგორც ბოლო ათწლეულების მანძილზე ხდება, ყველაფერი თავს იყრიდა თბილისში. დეცენტრალიზაციას თან უნდა სდევდეს აქტიური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც კავშირებს განამტკიცებს ჩვენს რეგიონებს შორის,“ – ამბობს სალომე სამადაშვილი და აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ასეთი პროექტების განხორციელების პროცესი შეჩერებულია.

კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი