ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დანიშნა

20 სექტემბერი, 2016 • 1877
უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დანიშნა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 20 სექტემბერს საკუთარი კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დანიშნა.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ სასამართლოს პლენუმის წინაშე  წარადგინა.

უზენაესი სასამართლოს ცნობით, პლენუმის წევრები გაეცნენ წარდგენილ კანდიდატს, მიიღეს მისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა  დანიშნა თეიმურაზ ტუღუში. გადაწყვეტილება პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა მიერ ერთხმად იქნა მიღებული.

თეიმურაზ ტუღუშმა პლენუმის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი შეძლებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მოვალეობის შესრულებას.

“როგორც კი საკუთარ თავში შემეპარება ოდნავ ეჭვი, რომ მე არ შემიძლია, გპირდებით, რომ არ ვიქნები საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, მაგრამ, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და ეს არ არის ის სიტყვები, რომ რაღაც მეჩვენებოდეს. მიმუშავია, ვიცი, რა მიკეთებია და რა უნდა ვაკეთო მომავალში. ვიცი, რა მიღწევები აქვს სასამართლოს, რა გამოწვევები აქვს და წარმომიდგენია, მომავალში რა შეიძლება იყოს კიდევ,”-განაცხადა ტუღუშმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერესების გატარებას, ტუღუში პასუხობს, რომ არავის ინტერესის გატარებას არ აპირებს:

“შემიძლია დავადასტურო, რომ სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, საქმიანობაც მაკავშირებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბატონ ლევან მურუსიძეს საერთოდ არ ვიცნობ. არავის ინტერესების გატარებას არ ვაპირებ, არც ბატონი ლევანის და არც სხვისი. ასეთი დაუსაბუთეელი ბრალდებები ყველას მიმართ შეიძლება გაჟღერდეს, რომ ვიღაცა ვიღაცის ინტერესებს გაატარებს,”- განაცხადა უზენაეს სასამართლოში შესვლამდე თეიმურაზ ტუღუშმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მათგან ორის – კონსტანტინე ვარძელაშვილისა და გიორგი პაპუაშვილის შემცვლელები პრეზიდენტმა საკუარი კვოტით უკვე დანიშნა. ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე მოვალეობის შესრულებას 30 სექტემბრიდან შეუდგებიან.

უზენაესი სასამართლოს კვოტით დანიშნული ოთარ სიჭინავას შემცვლელი 20 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ უნდა აირჩიოს, პარლამენტის მიერ დანიშნული ქეთევან ერემაძის შემცვლელი – საქართველოს პარლამენტმა.

არ არის ცნობილი, მოახერხებენ თუ არა 30 სექტემბრამდე მოსმაართლეები რუსთავი 2-ის საქმეზე, რომელზეც არსებითი განხილვა უკვე დასრულებულია, გადაწყვეტილების გამოცხადებას. თუ ვერ მოესწრება, მაშინ ახალი შემადგენლობა საქმის განხილვას თავიდან დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი