ახალი ამბები

დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონმდებლობის ხარვეზები

19 სექტემბერი, 2016 • 1685
დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონმდებლობის ხარვეზები

დღეს, 19 სექტემბერს “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” კვლევის – “დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული მექანიზმები: კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი” პრეზენტაცია გამართა.

კვლევის მიზანი იყო იმის იდენტიფიცირება, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ანტიდისკრიმინაციული კანონი პრაქტიკაში და რამდენად საჭიროა ამ მიმართულებით საკანონმდებლო თუ პრაქტიკის გაუმჯობესება. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს ანტიდისრკიმინაციული კანონის მიღების შემდეგ საერთო სასამართლოების პრაქტიკა და სახალხო დამცველის საქმიანობა. ამასთან, კვლევის ავტორების განმარტებით, სასამართლოებს მათთვის სრულყოფილი სტატისტიკა და მასალები არ მიუწოდებია.

კვლევის შედეგად სასამართლო პრაქტიკაში შემდეგი პრობლემები გამოვლინდა:

  • საერთო სასამართლოები არ ამუშავებენ და აღრიცხავენ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებს, რაც ართულებს სრულყოფილი სტატისტიკის მიღების შესაძლებლობას.
  • სასამართლო ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფს დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების გადაწყვეტისთვის დადგენილ სპეციალურ ნორმებს, რომელთა მიზანიც მოსარჩელეებისთვის სამართალწარმოების გაადვილებაა.
  • სასამართლო ხელოვნურად ყოფს დავას ადმინისტრაციულ და დისკრიმინაციის დავად, რაც ასევე ართულებს დისკრიმინაციის მსხვერპლებისთვის სამართალწარმოებას. ამავდროულად, მსგავსი მიდგომა არ წარმოადგენს კანონმდებლობის სისტემური გააზრების შედეგს და ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება საფრთხეს უქმნის დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სათანადოდ დაცვას.
  • სასამართლო პრაქტიკაში არ იკვეთება დისკრიმინაციის საქმეების გადაწყვეტისთვის დადგენილი მტკიცების ტვირთის გამოყენების თანმიმდევრული და ცალსახა მიდგომა.
  • განვითარებული პრაქტიკა ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ სასამართლო ზღუდავს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებსა და ფაქტობრივად სასამართლო კონტროლს მიღმა ტოვებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დისკრეციული უფლებამოსილების ფაქრგლებში იქნა მიღებული.

კვლევის თანახმად, სახალხო დამცველის საქმიანობასთან მიმართებაში შემდეგი ხარვეზები გამოვლინდა:

  • სახალხო დამცველთან მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით მასალების გადმოცემის ვალდებულება მხოლოდ ადმინისტრაციულ, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აქვს, მათგან განსხვავებით კი კერძო პირები არ არიან ვალდებული მიაწოდონ საქმის განხილვასთან დაკავშირებული მასალები და სხვა ინფორმაცია სახალხო დამცველს. ამის გაკეთება მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რეკომენდაციას ან/და ზოგად წინადადებას ხშირ შემთხვევაში სწორედ კერძო პირები ასრულებენ.
  • კანონი ითვალისწინებს სახალხო დამცველის მიერ საქმეთა შეჩერების თუ შეწყვეტის ისეთ საფუძვლებს, რომელიც არაეფექტურს ხდის მის საქმიანობას.
  • სახალხო დამცველი არათანმიმდევრულია გენდერული სიძულვილის შემცველ და სტერეოტიპული გამონათქვამების შეფასებისას.

“საერთო სასამართლოებს აქვთ არაერთგვაროვანი მიდგომა დისკრიმინაციის საქმეების შესწავლისას. იმ ფონზე, როცა სახელმწიფოს დეკლარირებული აქვს პოლიტიკა, სამწუხაროდ, სასამართლოები სტატისტიკასაც არ აწარმოებენ დისკრიმინაციასთან მიმართებაში და მნიშვნელოვან პრობლემად რჩება კანონის ზოგიერთი ჩანაწერი. მაგალითად, როცა  სახალხო დამცველი საქმეს იხილავს, ის იძულებულია საქმის განხილვა შეაჩეროს, თუ პარალელურად მოქალაქე მიმართავს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, ან სასამართლოს, ან თუ საქმეზე პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. ან, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, სახალხო დამცველი იძულებულია საქმის შესწავლა შეწყვიტოს, რაც აბსოლუტურად არასწორია და სახალხო დამცველის როლს აკნინებს, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელ უწყებისას,”- ამბობს გიორგი მშვენიერაძე, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე.

არსებული ვითარების გაჯანსაღების მიზნით, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” პარლამენტს მიმართავს კონკრეტული რეკომენდაციებით, რათა “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონში არსებული ხარვეზები გამოსწორდეს. ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლეს სკოლას მოუწოდებს, გადაამზადოს მოსამართლეები ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან მიმართებაში. მათივე ინიციატივით, უნდა მოხდეს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე მომუშავე ადვოკატების გადამზადება. სახალხო დამცველის ოფისისთვის მომზადებული რეკომენდაციის თანახმად კი, უნდა ჩამოყალიბდეს თანმიდევრული პრაქტიკა სტერეოტიპული და თანმიმდევრული გამონათქვამების შემთხვევებზე.

კვლევა განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი