ახალი ამბებიეკონომიკასაზოგადოება

16 ათასამდე ბავშვი სახიფათო შრომაში

20 სექტემბერი, 2016 • 3873
16 ათასამდე ბავშვი სახიფათო შრომაში

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 5-დან 17 წლამდე ასაკის 577 200 ბავშვი ცხოვრობს, ხოლო მათი 4.2%, ანუ 24 ათასზე მეტი ბავშვი ბავშვთა შრომაშია ჩართული, რაც განისაზღვრება როგორც შრომა, რომელიც ბავშვებს ართმევს ბავშვობას და მავნეა მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. ქვეყნებში, სადაც ბავშვთა შრომის კუთხით საგანგაშო ვითარებაა, ეს მონაცემი 8%-ს აღემატება, ხოლო საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება 2%.

ბავშვთა შრომის საკითხებს იკვლევს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). მისი მეთოდოლოგიით  განახორციელა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა 2015 წელს. ამ კვლევის მონაცემები საქსტატმა 19 სექტემბერს გახადა საჯარო.

როგორც ირკვევა, ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების 63.9% (16 ათასამდე ბავშვი) სახიფათო შრომაშია ჩართული და მათი უმრავლესობა – 9 ათასი ბავშვი ღამის საათებში მუშაობს, 5 500 ბავშვი – სახიფათო გარემოში, ხოლო 4 700 ბავშვი  მუშოაბს სახიფათო ინსტრუმენტების, მოწყობილობებისა და მანქანა-დანადგარების გამოყენებით, ან ატარებს მძიმე ტვირთს. სახიფათო შრომით დაკავებულია ბავშვთა შრომაში ჩართული ბიჭების 67.4% და გოგონების 51.4%.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში სახიფათო შრომას 85  მილიონამდე ბავშვი ეწევა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ამის ძირითად მიზეზად სიღარიბესა და არასათანადო განათლების სისტემის არსებობას ასახელებს. გარდა ამ ორი ძირითადი ფაქტორისა, ბავშვთა შრომა შესაძლოა ქვეყანაში არსებული კულტურული ღირებულებებითაც იყოს პროვოცირებული. მაგალითად, მრავალ ქვეყანაში სჯერათ, რომ ბავშვები მშობლების კვალს ადრეული ასაკიდანვე უნდა გაჰყვნენ და საჭირო უნარების განვითარებისთვის მათი ოჯახის შინამეურნეობაში დასაქმება აუცილებელია

ბავშვთა შრომის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (21%) ცენტრალური აფრიკის ქვეყნებშია. ამის მიზეზად შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ კუთხით დაინტერესების ნაკლებობას ასახელებენ. ბავშვების 8,8 პროცენტია ჩართული ბავშვთა შრომაში ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, სადაც ILO-ს მონაცემებით სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, სოციალური სერვისები კი ბავშვებისთვის რთულად ხელმისაწვდომია. აზიაში განსაკუთრებით მწვავედ კი ბავშვთა ტრეფიკინგის და პროსტიტუციაში ჩართულობის მაჩვენებელი ვლინდება. რეგიონში 5-დან 17 წლამდე არასრულწლოვანების თითქმის 10 პროცენტი ბავშვთა შრომაშია ჩართული.

პროსტიტუცია ბავშვთა შრომის უკიდურესად სახიფათო ფორმად ითვლება და დღესდღეობით მსოფლიოსთვის ამ კუთხით ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა საქსტატის მიერ მომზადებული კვლევა, მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ქართულ რეალობაში ამ მონაცემებს არ შეიცავს. სააგენტოში ამბობენ, რომ საკვლევი ობიექტები კითხვარის მეშვეობით გამოიკვლიეს, რაც ამ ტიპის მონაცემზე ზუსტ სურათს ვერ შექმნიდა. გარდა ამისა, კვლევაში ვერ მოხვდნენ უსახლკარო ბავშვები და მათ მიერ განხორციელებული შრომა.

სტატისტიკის კვლევა მოიცავს კერძო შინამეურნეობაში დასაქმებული ბავშვების სტატისტიკურ მონაცემებს

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევისა და შეფასების განყოფილების უფროსის აზფარ ხანის თქმით, საქართველოში ბავშვთა შრომის მაჩვენებელი პოზიტიურია:

ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც პანამაა და რომელიც აღიარებულია ბავშვთა შრომისგან თავისუფალ ქვეყნად, მსგავსმა კვლევამ 2% აჩვენა,” – განაცხადა მან.

საქართველოს კანონმდებლობით, დასაქმებისთვის დასაშვებ ასაკად 16 წელია მიჩნეული. 16 წლამდე მოზარდებისთვის შრომითი საქმიანობის განხორციელება მეურვის თანხმობით უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის სპეციფიკა და შრომითი ურთიერთობა არ ზღუდავს ბავშვის ინტერესებს და ხელს არ უშლის მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი შრომითი ხელშეკრულების დადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ეს სპორტულ, კულტურულ ან სარეკლამო საქმიანობას ეხება.  კანონი ბავშვებისთვის შრომის ხანგრძლივობასაც არეგულირებს; 16-17 წლის არასრულწლოვანი კვირაში 36 საათზე მეტს არ უნდა მუშაობდეს, ხოლო  14-15 წლის მოზარდები- 24-. კანონი ითვალისწინებს, რომ ბავშვების მიერ გაწეული შრომა, არ უნდა ხორციელდებოდეს ღამის საათებში.

საქსტატის კვლევამ აჩვენა, რომ სოფლად ბავშვთა შრომის მაჩვენებელი ქალაქთან შედარებით მაღალია (ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების 84 პროცენტი სოფლად ცხოვრობს და სასოფლოსამეურნეო დარგებშია დასაქმებული). გარდა ამისა, იკვეთება კავშირი ოჯახის სოციალურ მდგომარეობასა და ბავშვთა მიერ გაწეულ შრომას შორის. კვლევაში ნათქვამია, რომ ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების უმეტესობა ცხოვრობს შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობებში და შემოსავლის ზრდასთან ერთად მათი რიცხვი მცირდება.

ეს არ არის ქართული ფენომენი, ყველგან ასეა. ერთერთი ფაქტორი, რომელიც უბიძგებს ბავშვს, რომ იშრომოს, არის სწორედ სიღარიბე. საქართველოში არსებობს სიღარიბის დაძლევის პროგრამა, ჩვენ ძალიან ინტენსიურად  ვართ ჩართული იმაში, თუ როგორ გახდეს ეს სისტემა  ბავშვისათვის უფრო მგრძნობიარე,” – აცხადებს იუნისეფის ბავშვთა დაცვის ფონდის წარმომადგენელი ქეთევან მელიქაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

საქართველოში ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა 2015 წლამდე ბოლოს, 1999 წელს ჩატარდა, თუმცა, საქსტატის განცხადებით, ამ ორი კვლევის მეთოდოლოგია განსხვავდებოდა, რის გამოც შეუძლებელია მათი ერთმანეთთან შედარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი