ახალი ამბები

ნარკოპოლიტიკის პლატფორმა და “ქართული ოცნება” სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

19 სექტემბერი, 2016 • 1981
ნარკოპოლიტიკის პლატფორმა და “ქართული ოცნება” სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

დღეს, 19 სექტეპბერს “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო, რომ მხარეებს ნარკოპოლიტიკის ცვლილებებთან დაკავშირებით ერთმანეთის ხედვები მოესმინათ.

“ქართული ოცნების” მხრიდან შეხვდრას ესწრებოდნენ მარიამ ჯაში, თამარ ჩუგოშვილი და ირაკლი კობახიძე.

შეხვედრის შემდეგ, რომელიც  საათზე მეტხანს გაგრძელდა, როგორც პარტიის წარმომადგენლებმა, ასევე პლატფორმის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს. მათი განცხადებით, უახლოეს დღეებში პლატფორმა “ქართულ ოცნებას”, ისევე როგორც სხვა პარტიებს, გაუგზავნიან მემორანდუმს, სადაც საუბარი იქნება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებზე.

“ჩვენ შევთანხმდით ძირითად პრინციპებზე, ძირითად მიდგომებზე, რა კუთხითაც ვიმუშავებთ, რომ ჩვენი საერთო მიზანი, რომ ნაკლებად რეპრესიული იყოს საქართველოში ნარკოპოლიტიკა, იყოს ადამიანის ღირსებაზე და თავისუფლების დაცვაზე ორიენტირებული, ეს იქნას გარანტირებული ქვეყანაში,”- განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა მარიამ ჯაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას ესწრებოდა პარტიის პროპორციული სიის ათეულის წევრი, თამარ ჩუგოშვილიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ  ადამიანები ნარკოტიკების მოხმარების გამო ციხეში არ უნდა მიდიოდნენ. ასევე, ჩუგოშვილის თქმით, მეტი აქცენტი არის გასაკეთებელი ჯანმრთელობის დაცვაზე, რეაბილიტაციასა და პრევენციაზე. მისივე განცხადებით,  საჭიროა სარეაბილიტაციო პროგრამები.

“გავაცანით ჩვენი მოსაზრებები, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება, ასევე მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე სერიოზულად და საქმიანად თანამშრომლობის გაგრძელება. გამოითქვა პლატფორმის მხრიდან იდეა, რომ გაფორმდეს მემორანდუმი პოლიტიკურ პარტიებთან, სადაც ასახული იქნება ის ძირითადი პრნციპები, რა პრინციპებსაც უნდა შეესაბამოდეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით. ჩვენ ტექსტი ჯერ არ გვინახავს, თუმცა გავეცნობით. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელვანი მიმართულებაა და მომავალი პარლამენტი ამ საკითხებზე იმსჯელებს,”- ამბობს ჩუგოშვილი.

პლატფორმის წევრის, სამედიცინო ცენტრ “ურანტის” ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო პარტიის პოზიციების ცოდნა,  რადგან პლატფორმამ არჩევნების შემდეგ კონკრეტული საკითხების მოგვარებაზე უნდა დაიწყოს მუშაობა.

სიხარულიძის თქმითვე, ძირითადი პრინციპები, რაზეც “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმდნენ, არის ადამიანის უფლებების დაცვა და რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე უარის თქმა.

“ჩვენ გვიმუშავია იმავე C  ჰეპატიტზე, იმავე სხვა ცვლილებებზე ამ ადამიანებთან, როდესაც ისინი იყვნენ სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაციებში და რეალურად, ალბათ მივიღებთ კარგ შედეგს,”- განაცხადა სიხარულიძემ.

"ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" წევრები ზურაბ სიხარულიძე და კოკა ლაბარტყავა "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ 10.09.2016

“ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” წევრები ზურაბ სიხარულიძე და კოკა ლაბარტყავა “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრის დასრულების შემდეგ 10.09.2016

პლატფორმის წარმომადგენლის, ბექა წიქარიშვილის თქმით, შეხვედრაზე “ქართული ოცნების” მხრიდან გამოიკვეთა პოლიტიკური ნება თანამშრომლობის შესახებ.

“მემორანდუმის ტექსტს უახლოეს დღეებში გადავუგზანით პარტიებს, მათ შორის “ქართულ ოცნებას”. უშუალოდ “ქართულმა ოცნებამ გამოთქვა თანხმობა მემორანდუმზე ხელმოწერის,”- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

პლატფორმის კიდევ ერთი წევრის, დავით სუბელიანის განცხადებით, მემორანდუმი გულისხმობს პარლამენტში იმ პრინციპებზე მუშაობის  გადატანას, რის საფუძველზეც “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” შეიქმნა.

“ჩვენი აზრით, პრობლემის კრიტიკულობა მეტ-ნაკლებად გაიაზრეს პოლიტიკურმა პარტიებმა და არა მარტო ოცნებამ, სხვა პარტიებმაც დაიწყეს ამ თემაზე საუბარი წინასაარჩევნოდ და ეს კარგი ინდიკატორია. დღეს “ქართული ოცნების” ამ შემადგნლობამ, რომელსაც ჩვენ შევხვდით, დაადასტურა, რომ ესმით, რამდენად კრიტიკულია პრობლემა. ისიც ესმით, რომ რთული იქნება ცვლილებები, მაგრამ ისინი მზად არიან, რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთონ როგორც პარტიის შიგნით, ისე პარლამენტში იმისათვის, რომ ეს პრობლემები დადგეს. იმედის წერტილი არსებობს, თუმცა ჯერ ქვეყანაში კარგი ცვლილებების გამოცდილება არ გვაქვს,”- განაცხადა დავით სუბელიანმა.

“ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” 2016 წლის 27 აპრილს დაფუძნდა და 33 არასამთავრობო ორგანიზაციას და მოძრაობას აერთიანებს.

მათი ძირითადი მოთხოვნებია:

  • ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება;
  • საკუთარი მოხმარების მიზნით მცენარეების კულტივირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადახედვა;
  • მცირე ოდენობის შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება;
  • ნარკოტიკების მოხმარებისთვის და მცირე ოდენობით პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმება (გარდა მოხმარების პროცესისა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან არაფხიზელ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისა);
  • ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ნარკოტიკების მოხმარების საკითხებზე ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ სტიგმა/დისკრიმინაციის შესამცირებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი