ახალი ამბები

ბურჭულაძე: ბატონი ბიძინასგან განსხვავებით მე თბილისში ვარ გაზრდილი და ცოტა სხვანაირად ვიცი პასუხის მოთხოვნა

19 სექტემბერი, 2016 • 1372
ბურჭულაძე: ბატონი ბიძინასგან განსხვავებით მე თბილისში ვარ გაზრდილი  და ცოტა სხვანაირად ვიცი პასუხის მოთხოვნა

“ბატონი ბიძინასგან განსხვავებით მე თბილისში ვარ გაზრდილი  და ცოტა სხვანაირად ვიცი პასუხის მოთხოვნა. სასამართლოში ჩვენი ჩივილი ამის თაობაზე არ იქნება თბილისურად ლამაზი”, – ეს განცხადება “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ TV პირველის ეთერით, ინგა გრიგოლიას დღის ამბებში  გააკეთა.

ბურჭულაძემ  ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებების შესახებ ისაუბრა. ივანიშვილმა იგი ნაციონალურ მოძრაობასთან და მიშა სააკაშვილთან კავშირში დაადანაშაულა. ასევე თქვა, რომ თავის დროზე ბურჭულაძემ “ქართულ ოცნებას” პოლიტიკაში გვერდით დგომის სანაცვლოდ დიდი თანხა მოსთხოვა.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, რას გულისხმობს იგი, როცა თბილისში გაზრდაზე აკეთებს აქცენტს და მისი აზრით აკნინებს თუ არა ადამიანს ის ფაქტი, რომ თბილისის ნაცვლად სხვა ადგილასაა გაზრდილი, ბურჭულაძემ უპასუხა, რომ ამ ნათქვამში სხვა რამ იგულისხმა:

 

“უბრალოდ, ჩვენთან თბილისში, სადაც მე გავიზარდე, ასეთ რამეზე სასამართლოში არ მიდიან. ეს მაქვს მხედველობაში. თუ არ მოიხადა ბოდიში, ესე იგი ის დამნაშავეა. ღმერთმა შეუნდოს”, – განაცხადა ბურჭულაძემ, რომელიც გირგოლიას გადაცემაში გორიდან ჩაერთო. მისი თქმით, ახლა გორში უამრავი დიდებული ადამიანი უდგას გვერდში.

“ამ ადამიანს [ივანიშვილი] ყველაფერი ეპატიება ამ ქვეყანაზე? რაც ენაზე მოადგება, ყველაფერი უნდა ილაპარაკოს? მე ასეთი მოპყრობა მისგან არ მომწონს, ერთხელ გამეცინა, მეორედ გამეცინა, იუმორით ვუპასუხე. ცოტა მიხედოს თავის საუბარს და კულტურულად მოიქცეს. ეგ დაუსჯელად არ უნდა დარჩეს, ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ქართულად უნდა იყოს… ბოდიში უნდა მოიხადოს. თუ არ მოიხდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუის. მე სასამართლოში ამის მჩივლელი არ ვარ. ჩემი მიზანი არ არის, რომ სასამართლოში ვიჩვლო, მაგრამ თუ არ მოიხდის ბოდიშს, ეს იმას ნიშავს, რომ… ან დაამტკიცოს, რომ ეს ასე იყო, ან ბოდიში უნდა მოიხადოს. მე ასიათასობით ადამიანი იმედის თვალით მიყურებს და როგორ შეიძლება? გამოდის და იძახის, რომ მე მას ფული მოვთხოვე… ან დაამტკიცოს, ან ბოდიში მოიხადოს. თუ არ დაამტკიცა ან ბოდიში არ მოიხადა, ყველასთვის ნათელი იქნება, რომ ის ტყუის”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი