ახალი ამბები

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დატოვა

19 სექტემბერი, 2016 • 1483
მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დატოვა

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი თაქთაქიშვილმა დატოვა. მისივე ცნობით, მოძრაობა ასევე დატოვეს სხვა ახალგაზრდებმა როგორც თბილისში, ასევე რეგიონში.

გიორგი თაქთაქიშვილის განცხადებით,  პარტიაში ახალგაზრდული ორგანიზაცია ვერ ახერხებდა საკუთარი ინტერესებისა და იდეების დაცვას.

“ჩვენ მართლაც ვიბრძოდით ბოლომდე იმისათვის, რომ ეს საქმე ღირსეულად მიგვეყვანა ბოლომდე, დავდგომოდით პაატა ბურჭულაძეს გვერდით და მას დავხმარებოდით  საზოგადოების გაერთიანების საქმეში. მაგრამ, სამწუხაროდ, ამის საშუალება ჩვენ თავად პაატა ბურჭულაძემ არ მოგვცა. ახალი პოლიტიკური მოძრაობები, რომლებიც ჩვენ შემოგვიერთდა, დომინანტურ მდგომარეობაში არიან,” – ამბობს გიორგი თაქთაქიშვილი.

საარჩევნო ბლოკის ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, 2 დღის წინ გიორგი თაქთაქიშვილმა შეხვედრისას განუცხადა, რომ თანამშრომლობა სურს:

“მას შევხვდით, გვითხრა, რომ თანამშრომლობა უნდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ხომ ხედავთ… გიორგი თაქთაქიშვილი  არის ქალბატონი ხათუნას [ლაგაზიძე] შვილობილი, მან გაზარდა.  მინდა გზა დავულოცო. ხათუნას მოყვანილი იყო და ხათუნას წაყვანილია, ერთად უნდა იყვნენ, ერთმანეთს ძალიან შეეფერებიან,”- აღნიშნა ბურჭულაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი