ახალი ამბები

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

19 სექტემბერი, 2016 • 2235
ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

ხარაგაულის სოფელ ზვარეში სარკინიგზო  გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, ფასიან შვებულებას, ბიულეტენს და კვირაში ერთდღიან დასვენებას მოითხოვენ.

ხარაგაულში გვირაბს “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი ჩინური კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” აშენებს.  მინდია ოკრიბელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ კომპანია მუშებს მათთვის მიუღებელ შრომით კონტრაქტს სთავაზობს:

“შეთანხმება გვქონდა ადმინისტრაციასთან და ახალი კონტრაქტები უნდა მოეტანათ გაუმჯობესებული პირობებით, მაგრამ მოიტანეს ჩვენთვის მიუღებელი კონტრაქტები. ამის შემდეგ, სამი დღე გამაფრთხილებელი აქცია გვქონდა, მივეცით დაფიქრების დრო, მაგრამ არავინ გამოგვეხმაურა. კონტრაქტში არც ზეგანაკვეთურ შრომაზე ეწერა, არც დასვენება, არც ბიულეტენი. გავაფრთხილეთ სამინისტრო, ავდექით და გავიფიცეთ. დამსაქმებლის მხრიდან არავინ გამოგვხმაურებია. გუშინ ხარაგაულში ჯანდაცვის მინისტრს შევხვდი და მითხრა, რომ სამშაბათს შეხვედრა აქვთ კომპანიის წარმომადგენლებთან იმაზე, თუ რა გააკეთეს და რა უნდა გაეკეთებინათ. თუ ისეთ პასუხს ვერ მივიღებთ, როგორსაც კანონი ითვალისწინებს, სასამართლოს ძალით მივხედავთ საქმესო.”

მინდია ოკრიბელაშვილის განმარტებით, ქართველი მუშების გაფიცვის მიუხედავად, სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, თუ გაფიცვა შედეგს არ გამოიღებს, ტერიტორიის პიკეტირებას მოახდენენ:

‘იძულებული ვიქნებით, პიკეტირება მოვახდინოთ. ჩვენ მთელი თვე ვმუშაობთ, ერთდღიანი დასვენებაც არ გვაქვს. დღეში საშუალოდ 12 საათი ვმუშაობთ, 8 საათი არა. როცა უნდა შეგიშვებს გვირაბში და როცა უნდა გამოგიშვებს. შეიძლება მთელი დღე-ღამე იქ გამყოფოს და საჭმელიც არ მოგიტანოს. საჭმელზე თუ წამოხვალ, შეიძლება გამოგაგდოს. ”

ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, 20 სექტემბერს მხარეებს სამინისტროში შეხვდება და მოლაპარაკებები გაგრძელდება:

“ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, სიტყვიერი შეთანხმება იყო მიღწეული, თუმცა რაღაც ფაქტორების გამო ვეღარ მოხერხდა იმ კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება, რაც აუცილებელი იყო ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად. მოლაპარაკებები გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მიაღწევენ. საგაფიცვო პერიოდი არ ანაზღაურდება დამსქმებლის მიერ და, შესაბამისად, გვინდა, რომ ორივე მხარის ინტერესი გავითვალისწინოთ. ერთი, რომ ნაკლები ხელფასი დააკლდეთ მუშებს და ასევე დამსაქმებელს არ გაუჩერდეს სამუშაოები და გააგრძელონ. თუმცა ერთი მეორის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. 28 დღეს ამუშავებდნენ. ამაზე მოვილაპარაკეთ და კანონით დადგენილ 48-საათიან სამუშაო კვირაზე შევთანხმდით. თუმცა ეს იურიდიულად გასაფორმებელია. პრობლემები ნელ-ნელა აღმოიფხვრა და აღმოიფხვრება. ამ ყველაფერს იურიდიულად გაფორმება სჭირდება. დასვენების საკითხი ამ მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძველი არ ყოფილა, გაფიცვის საფუძველი ეს საკითხი არ ყოფილა,” – ამბობს ჟორჟოლიანი.

ამავე თემაზე: სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ

ფოტო: kutaisipost.ge

ფოტო: kutaisipost.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი