ახალი ამბები

“სახელმწიფო ხალხისთვის” სუსსა და აუდიტის სამსახურს ზეწოლაში ადანაშაულებს

19 სექტემბერი, 2016 • 1292
“სახელმწიფო ხალხისთვის” სუსსა და აუდიტის სამსახურს ზეწოლაში ადანაშაულებს

პარტია “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” სუსსა და აუდიტის სამსახურს პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ზეწოლაში ადანაშაულებს

დღეს, 19 სექტემებრს გამართულ პრესკონფერენციაზე, დავით ჯანდიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლების დაპირება, რომ მოქალაქეების პირადი ცხოვრება იქნებოდა დაცული, აღმოჩნდა სიცრუე, რადგან გამოქვეყნდა უკანონო სატელეფონო ჩანაწერი პარტიის ლიდერ პაატა ბურჭულაძესა და “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის.

ჯანდიერის თქმით, ყველაზე ტრაგიკული იყო ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მმართველები, აქცენტს აკეთებენ არა უკანონობაზე, არამედ საუბრის შინაარსზე. მისი თქმით, ბურჭულაძის გამოკითხვაზე დაბარება იყო ფორმალობა და არ უკავშირდებოდა საქმის ეფექტურ გამოძიებას, რადგან მას არ დაუსვამს არც ერთი შეკითხვა, რაზეც გამოძიებას არ შეიძლებოდა ჰქონოდა პასუხი.

ჯანდიერის თქმით, არც ერთი საქმე, რომელიც უკანონო სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებას ეხება, წარმატებით არ გამოძიებულა და არც ერთი პირი არ წარმდგარა სასამართლოს წინაშე. ჯანდიერი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

“ხელისუფლებას არ აქვს სურვილი, რომ შეცვალოს მანკიერი პრაქტიკა”, – აცხადებს ჯანდიერი.

დავით ჯანდიერმა ასევე ისაუბარა აუდიტის სამსახურის მიერ “სახელმწიფო ხალხისთვის” მისამართით განხორციელებულ ზეწოლაზე, როდესაც სამსახურმა პარტიის ათეულობით მხარდამჭერი დაკითხა, თითქოს სჭირდებოდა კონკრეტული საკითხების გამოკვლევა, გასაუბრების მიმდინარეობისას ყველამ ითანამშრომლა აუდიტის სამსახურთან და არ დაუტოვა ეჭვი მათ მიერ გაღებული თანხების შესახებ.

ამის მიუხედავად, აუდიტის სამსახურმა მტკიცებულებების გარეშე წარუდგინა სასამართლოს შუამდგომლობა, რომ თითქოს პარტიის შემომწირველები ვერ ადასტურებდნენ მათი თანხების წარმომავლობას, სასამართლომ კი, როგორც ყურმოჭრილმა მონამ ამ ხელისუფლების, აბსოლუტურად დააკმაყოფილა აუდიტის სამსახურის მოთხოვნა და მთელი საბანკო ინფორმაცია გამოითხოვა, აცხადებს ჯანდიერი.

“აუდიტის სამსახური, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლების ფინანასურ სუსს, გამოიყენებენ იმისათვის, რომ ჩვენი შემომწირველების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებით გამოვიდეს”, – აცხადებს ჯანდიერი.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდიერმა გაიხსენა კონკრეტული ფაქტები, რომელიც მისი თქმით, პარტიის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას ადასტურებს:

  • გორში 2016 წლის 7 სექტემბერს, 14 საათზე მაჟორიტარობის კანდიდატი მედეა აბაშიძე მართავდა შეხვედრას მოსახლეობასთან ტირძნისში. ადგილზე მისვლის დროს დახვდნენ “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” მხარდამჭერები და უთხრეს, რომ იმ დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მოსახლეობა მკაცრად გააფრთხილეს, რომ არავინ არ გამოსულიყო შეხვედრაზე. როდესაც კანდიდატი სოფელში მივიდა, 200 მეტრში 20-30 კაცი იყო შეკრებული. როდესაც მედეა აბაშიძე მიესალმა ამორჩეველს, 10 წუთში შემოესმათ ხმაური. კანდიდატის შვილს მანქანიდან გადმოსვლისთანავე უთხრეს, რომ დაეტოვებინა ტერიტორია, რის შემდეგაც თავს დაესხნენ და დაუწყეს ცემა. ჯანდიერის თქმით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა არ მისცეს შეხვედრის ჩატარების უფლება. პოლიციამ დაკითხა ეს პირები, მაგრამ გამოძიების შედეგები ცნობილი არ არის.
  • ყვარლის მუნიცპალიტეტში პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე მიმდინარეობდა მუქარა, სუსის წარმომადგენლების მხრიდან. ჯანდიერის თქმით, კახეთში ხდება არაერთი ფაქტი ზეწოლის, როდესაც სთხოვენ, რომ დატოვონ პარტია და ზოგჯერ ემუქრებიან სამსახურის დატოვებითაც.
  • სინაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში ერთ-ერთი აგიტატორი წავიდა პარტიიდან, რადგან დაემუქრნენ, რომ სოციალურ დახმარებას მოუხსნიდნენ.
  • ჯანდიერის თქმით, სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში  ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც გააკეთებს პრესკონფერენციას მედიისთვის უახლოეს დღეებში, 31 ივლისს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, პარტიის ოფისს ჩადგომოდა სათავეში. ჯანდიერის თქმით, მას უსმენდა სუსი და როცა შევიდა ოფისში, მისმა მეუღლემ შეტყობინება მიიღო, “გამოეთრიე იქედან, სასწრაფოდ დატოვე ზუგდიდი, თორემ მოგკლავ!”. 29 აგვისტოს, როდესაც კანდიდატი უნდა წარედგინათ, მუქარის შეყობინება მიიღო ისევ კანდიდატის მეუღლემ ნომრიდან, რომელიც არარსებულ მისამართზეა დარეგიტრირებული.
  • 21 აგვისტოს ნინოწმინდის ოფისი გაძარცვეს. წაღებულია მხარდამჭერთა სიები და კომპიუტერული დისკი. მიუხედავად იმისა, რომ სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, ოფისთან დაკავება ვერ მოახერხეს.
  • 7 სექტემებრს ბაღდადის მუნიციპალიტეტში მათი კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა სცადეს, რომ შეხვედრა ჩაეშალათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი