ახალი ამბები

კობახიძე: “ოცნების” მაისურებში გადაცმული ენმ-ის წევრები ჩვენს საარჩევნო შტაბში მივიდნენ

19 სექტემბერი, 2016 • 1450
კობახიძე:  “ოცნების” მაისურებში გადაცმული ენმ-ის წევრები  ჩვენს საარჩევნო შტაბში მივიდნენ

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 18 სექტემბერს პარტიის ერთ-ერთი საარჩევნო შტაბში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა პროვოკაციის მოწყობა სცადეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ლევან გოგიჩაიშვილის საარჩევნო შტაბში “ქართული ოცნების” მაისურებში ჩაცმული სამი პირი შევიდა, რომელთაგან ორს თან პისტოლეტი ჰქონდა:

” ჩვენს ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში მივიდა “ნაციონალური მოძრაობის” სამი აქტივისტი, ისინი იყვნენ სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრები.  შევიდნენ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან  გოგიჩაიშვილის ოფისში. ორ მათგანს ეცვა “ქართული ოცნების” მაისური და ქამარში ჩადებული ჰქონდათ პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან.  პროვოკაციის მიზანი იყო ამ ფაქტის გარედან გადაღება და მერე ტელევიზიით იმის ჩვენება, რომ თურმე “ქართული ოცნების” შტაბებში იკრიბებიან  შეიარაღებული ადამიანები და კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ადამიანები.”

კობახიძის განმარტებით, პარტიის აქტივისტებმა პოლიცია გამოიძახეს. ხოლო პოლიციამ დაადგინა, რომ ამ პირებს იარაღის ტარების უფლება ჰქონდათ. მისივე ცნობით, ერთ-ერთ პირს “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ბილეთი ჰქონდა:

“ნაციონალური მოძრაობა” ვერ ცვლის მოქმედების სტილს, ისინი ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში ძლიერები არიან და აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი აღარ აქვთ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს აქტივისტებს, რომლებმაც სათანადო რეაგირება მოახდინეს ამ პროვოკაციაზე, დაუკავშირდნენ სამართალდამცავებს და მათ აღკვეთეს პროვოკაცია.  სამართალდამცავები ადგილზე გაერკვნენ ვითარებაში, მოხდა პირთა იდენტიფიცირება, იდენტიფიცირებულია მათი პარტიული კუთვნილება, ერთ-ერთ მათგანს თან ჰქონდა “ნაციონალური მოძრაობის” 2016 წელს გაცემული პარტიული ბილეთი. სამივე მათგანი არის ამ პარტიის აქტივისტი, ქალბატონი სევდია უგრეხელიძის შტაბის წარმომადგენლები.  იარაღი გაფორმებული ჰქონდათ, იარაღის უკანონო ტარებასთან საქმე არ გვაქვს, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ბინძურ პროვოკაციაზე.”

“ნეტგაზეთი” დაუკავშრიდა სევდია უგრეხელიძეს. მისი თქმით, საქმის კურსში არ არის და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი