ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს საგარეო აფხაზეთსა და ოსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნებს გმობს

19 სექტემბერი, 2016 • 1527
საქართველოს საგარეო აფხაზეთსა და ოსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნებს გმობს

საქართველოს საგარეო უწყება დღეს, 2016 წლის 18 სექტემბერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ტერიტორიებზე გამართულ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებს განცხადებით ეხმაურება:

“საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, როგორც მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინებას, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია ზემოაღნიშნული ქმედებებით უგულებელყოფს გაეროს წესდებით განმტკიცებულ იმ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა.

“სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ”.

რუსეთის ფედერაციამ სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებში 21 საარჩევნო უბანი გახსნა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დადგენილებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა თუ ოლქში ამომრჩევლის სტატუსით დარეგისტრირდა.

“ნიშანდობლივია, რომ მოსკოვმა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, რომელთაც 2011-2012 წლებში არალეგიტიმურად მიაღებინა მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. მეტიც, 2016 წლის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის ისინი შეყვანილ იქნენ რუსეთის ფედერალური ოლქების საარჩევნო სიებში და ხმას მისცემენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს რუსეთის შესაბამისი ფედერალური ოლქიდან”, – წერია განცხადებაში.

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც მიიღო.

რაულ ხაჯიმბა რუსეთის დუმის სახელმწიფო არჩევნებში მონაწილეობს; აფხაზეთი - 2016; ფოტო: SPUTNIK ABKHAZIA

რაულ ხაჯიმბა რუსეთის დუმის სახელმწიფო არჩევნებში მონაწილეობს; აფხაზეთი – 2016; ფოტო: SPUTNIK ABKHAZIA

მასალების გადაბეჭდვის წესი