ახალი ამბები

ისრაელი უარყოფს მოლაპარაკებებს ჯვრის მონასტერზე

24 მაისი, 2012 • 927
ისრაელი უარყოფს მოლაპარაკებებს ჯვრის მონასტერზე

“მე, როგორც ოფიციალური პირი, არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შესახებ. თუმცა, ვიცი ის, რომ ვიღაცამ სატყუარა გაავრცელა ამასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე და ამ საკითხზე ისრაელის მთავრობას განცხადება არ გაუვრცელებია,”- ასე უპასუხა ისრაელის პრესის და დიასპორის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა რონენ პლოტმა ნეტგაზეთის კითხვას ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. ამ განცხადების შემდეგ, საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ისრაელში ვიზიტისას, ჯვრის მონასტრის გადმოცემის საკითხის ოფიციალურად დასმის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ  კომენტარი გააკეთა და გაუგებრობად შეაფასა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჯვრის მონასტრის გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით ისრაელის საგარეო საქმეთა უწყება ინფორმაციას არ ფლობდა. 

 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაადასტურა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამაც, თუმცა განაცხადა, რომ რეზულტატის უსაფრთხოების მიზნით ჯგუფის წევრების ვინაობა გასაიდუმლოებული დარჩებოდა. 

 მოგვიანებით,  ისრაელში ყოფნისას, დავით ბაქრაძე თავის კოლეგას, ქნესეთის სპიკერ რეუვენ რივლინს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს და საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა. შეხვედრების შემდეგ ბაქრაძემ განაცხადა, რომ ძირითადი მოლაპარაკებები ჯვრის მონასტერზე იერუსალიმის საპატრიარქოსთან გაიმართება, თუმცა ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი