ახალი ამბები

ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და პარტიების ხედვები

16 სექტემბერი, 2016 • 2155
ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და პარტიების ხედვები

დღეს, 16 სექტემბერს სასტუმრო “ქორთიად მერიოტში” კოალიცია “ევროატლანტიკური საქართველოსთვის” ორგანიზებით პოლიტიკური დებატები გაიმართა უსაფრთხოების სექტორის რეფორმაზე. დებატებში მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა მიიღეს და ეროვნული უსაფრთხოების სექტორის განვითარებასა და რეფორმირებაზე საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.

დებატები სამი ძირითადი მიმართულებით განვითარდა. მათ შორის: ეროვნული უსაფრთხოების სექტორის რეფორმა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და დემოკრატიული კონტროლის საკითხები; შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტრანსფორმაციის პერსპექტივები; საქართველოს თავდაცვის რეფორმა, შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ხარისხი და ქართული ჯარის მოდერნიზაციის პერსპექტივები.

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, პარტია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებას აპირებს:

“თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ შემთხვევით არ დაგვიწყია ფიქრი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით. რეგიონალური და გლობალური საფრთხეების გათვალისწინებით, განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს კონტრდაზვერვითი სამუშაოები ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საგარეო დაზვერვის სამსახური.”

“თავისუფალი დემოკრატების” აზრით, საგამოძიებო სტრუქტურების რეფორმირება აუცილებელია:

“ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. პროკურატურის დეპოლიტიზაცია აუცილებელია. ამ სისტემის მსხვერპლი არა მარტო პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოების ნაწილიც გამხდარა. თუ პოლიტიკური ნება არ იარსებებს, ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგმება,” – ამბობს დოლიძე.

დოლიძის განცხადებით, მოქალაქეების უკანონო მოსმენა გრძელდება. შესაბამისად, აუცილებლად თვლის, რომ ე.წ. გასაღები უშიშროების სამსახურს არ ჰქონდეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს უსაფრთხოება დაცული იყოს:

“ამის პრიველი მიზეზი არის ის საკადრო პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლიდან კოალიცია ატარებს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ “ქართულ ოცნებას” არ აქვს ნება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს გაუმკლავდეს. ძალიან სერიოზული გამოწვევაა ის, რომ ხელისუფლების პირდაპირი ხელშეწყობით ქვეყანაში მუშაობა დაიწყო რუსეთის დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა. ეს გავლენის აგენტები არიან ჩვენს ქვეყანაში. ამის შედეგები ჩვენს საზოგადოებაზე უკვე იგრძნობა.”

ბლოკში “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” მიიჩნევენ, რომ ეროვნული უსაფრთხოება მოშლილია და კონკრეტული სტრატეგია არ არსებობს:

“ჩვენი მთავარი ამოცანა და პრობლემა არის ოკუპირებული ტერიტორიები. მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და ამაზე ხელისუფლების რეაგირების ხარისხი ქვეყნის გარეთ არის ძალიან დაბალი. ჩვენი პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს ნატოში ინტეგრაცია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ამ კუთხით თავდაცვის სამინისტროში რეფორმებია განსახორციელებელი. “

მისივე თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურები მთავრობის ვერტიკალის ქვეშ არის კონცენტრირებული :

“ისინი ყოველთვის ერთმანეთის ინტერესებს იცავენ. სუსი არ არის დაკავებული არც კონტრდაზვერვითი, არც ანტიტერორისტული საქმიანობით. მისი ფუნქცია ძირითადად არის პოლიტიკური კონტროლი. “

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, მთავარი პრობლემა ოკუპაციაა:

“ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე არის ოკუპაცია, ის პროცესები, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს პროცესი გრძელდება და ამ დროს ვხედავთ ხელისუფლების დანაშაულებრივ უმოქმედობას. ხელისუფლება ვერ იცავს მოქალაქეების სიცოცხლეს, ამის ნათელი მაგალითია გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. მიმდინარეობს რკინის ღობეების განთავსება საოკუპაციო საზღვართან, ადგილობრივებს მოსავალს ართმევენ და ამ დროს ვუყურებთ ხელისუფლების უსუსურობას. ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად უნდა შეიცვალოს ის პოლიტიკური ელიტა, რომელსაც დღეს ქვეყანას მართავს.”

მისი აზრით, უსაფრთხოების სამსახური გარე პრობლემებზე კი არ ზრუნავს, არამედ პოლიტიკური ოპონენტების მოსმენით, თვალთვალით და შანტაჟით არის დაკავებული.

“ქართული ოცნების” წევრის და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოში არის მშვიდობა და უსაფრთხოება. თუმცა, მისივე თქმით, თავდაცვის სფეროში ძალიან ბევრი პრობლემაა:

“აქამდე რეალურად ვიყავით ყოველდღიური პრობლემების დაძლევაზე ორიენტირებული და ეს ეტაპი უნდა დასრულდეს. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების და გამოწვევების შესამცირებლად “ქართული ოცნების” ამოცანაა, თავდაცვითი სისტემის სრული ტრანსფორმაცია და ისეთი თავდაცვითი შესაძლებლობების შექმნა, რომელიც ეკონომიკური და დიპლომატიური შეკავების თანაფარ სამხედრო შესაძლებლობებს განავითარებს. საკმარისი შეკავების ფაქტორის შექმნით შეძლებს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, სტრატეგიისა და მართვის დახვეწა, ძალების ოპტიმიზაცია, ინსტიტუციური რეფორმა და საერთაშორისო ჩართულობა.”

დღევანდელლ შეხვედრას “კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. ღონისძიება “აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტის მხარდაჭერით, USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა. ორგანიზატორების განცხადებით, დებატებზე მოწვეული იყო და არ მივიდა “რესპუბლიკური პარტია”, “პატრიოტთა ალიანსი” და ნინო ბურჯანაძის ” დემოკრატიული მოძრაობა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი