ახალი ამბები

კონტროლის პალატა ივანიშვილის Global-TV-ის საქმიანობაში კანონდარღვევებს ხედავს

23 მაისი, 2012 • • 1105
კონტროლის პალატა ივანიშვილის Global-TV-ის საქმიანობაში კანონდარღვევებს ხედავს

კონტროლის პალატა
კონტროლის პალატა

კონტროლის პალატას წყაროდ “კახეთის საინფორმაციო ცენტრის” მასალა აქვს მითითებული და განცხადებაში აღნიშნავს, რომ  კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური “გლობალ-TV”-ის საქმიანობასა და “ქართული ოცნების” და მის საარჩევნო მიზნებს შორის კავშირზე საჯაროდ საუბრობდა.

“ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომელთა თანახმად, საქართველოს რეგიონებში პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ კომპანია “გლობალ TV”-ის ტექნკური საშუალებებისა და პერსონალის პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება ხდება. კერძოდ, კომპანიის მენეჯერები, იმავდროულად, რეგიონულ და რაიონულ დონეზე პოლიტიკურ სუბიექტ “ქართულ ოცნებას” წარმოადგენენ.

აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას “ქართული ოცნების” ლოგოს ამსახველ მაისურებში ახორციელებდნენ; “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტები კი ამავე კომპანიის მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობდნენ მოქალაქეებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კონტროლის პალატის შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებები საზოგადოებაში პოლიტიკური კოალიციისა და აღნიშნული კომპანიის შეთავაზებული მომსახურების გაიგივებას იწვევს და პარტიათა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავს.

“კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური, კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ანალიტიკური პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს მონიტორინგის მანდატით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მათ შორის ცალკეულ პირთა გამოკითხვას.

ფინანსური მონიტორინგის ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. მონიტორინგი არ უკავშირდება ზემოაღნიშნული კერძო კომპანიის საქმიანობას და მის მიმართ სამსახურს სამართლებრივი პრეტენზიები არ გააჩნია”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი