ახალი ამბები

თბილისის მერის დაცვამ “თავისუფალი ზონის” აქტივისტებს მერთან შეხვედრა დაატოვებინა

16 სექტემბერი, 2016 • 1284
თბილისის მერის დაცვამ “თავისუფალი ზონის” აქტივისტებს მერთან შეხვედრა დაატოვებინა

თბილისის მერის დაცვის სამსახურმა “თავისუფალი ზონის” აქტივისტებს, ბესო კალაძესა და ირაკლი ქომეთიანს, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის დარბაზი დაატოვებინა. შენობაში დავით ნარმანია 2014-2016 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას მართავდა.

„თავისუფალი ზონის” ორი წევრი საპრეზენტაციო დარბაზში შევიდა. მათ დედაქალაქის მერისგან შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვეს. “ბიჭოთი არ უნდა მომმართავდეთ მოქალაქეს … “მაიმუნო ვირიშვილოს” მეტი არაფერი გისაუბრიათ, გაკეთებული რა არის, ეგ გვაჩვენეთ”, – მიმართავდნენ აქტივისტები ნარმანიას. ამის შემდეგ დაცვის თანამშრომლებმა მათ დარბაზი დაატოვებინეს.

“[ნარმანიამ] შეურაცხყოფა მომაყენა, ამის შემდეგ მომიგზავნა დაცვის სამსახური, რომელმაც იძალადა ჩემზე და ძალადობით გამომაძევეს შენობიდან. მათ არ ჰქონდათ ამის უფლება, მე მივედი, როგორც გულწრფელი მოქალაქე, ჩემი კითხვები მქონდა, მაგრამ უუნარო ნარმანიას შეეშინდა”… – უთხრა “თავისუფალი ზონის” წევრმა ბესო კალაძემ ჟურნალისტებს.

2-წლიანი საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ინციდენტს გამოეხმაურა ქალაქის მერი: “ნაციონალური მოძრაობის სატელიტი ორგანიზაციები ცდილობენ იმას, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს საქმიანობას და სხვადასხვა “საპროტესტო აქციებით”, სხვადასხვა ასეთი უხეში გამოხტომებით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, არ ვუგდებთ მათ ყურს, ვინაიდან მათი მთავარი ამოცანა არ არის საქმის კეთება და კონსტრუქციული დიალოგი”,  – უთხრა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი