ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო: “შარშან სამსახურის გარეშე დავტოვეთ 7-8 ათასი ექიმი”

23 მაისი, 2012 • 1503
ჯანდაცვის სამინისტრო: “შარშან სამსახურის გარეშე დავტოვეთ 7-8 ათასი ექიმი”

 

საკრებულოს სხდომაზე, სადაც მინისტრის მოადგილის ძირითადი სასაუბრო თემა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და დაზღვევის ახალი სისტემა იყო, მიხეილ დოლიძემ ექიმების რაოდენობასა და მათ დაბალ კვალიფიკაციაზე ისაუბრა. 

 

“შარშან, 2011 წელს, დაახლოებით 7-8 ათასი ექიმი დავტოვეთ სამსახურის გარეშე და რაც დარჩა, ისიც იმაზე მეტია, ვიდრე – გვჭირდება. ამის მიუხედავად, ექიმთა კვალიფიკაცია აქილევსის ქუსლია, ძალიან მოვიკოჭლებთ ადამიანურ რესურსში,”- თქვა მინისტრის მოადგილემ.

 

ამასთან დაკავშირებით დოლიძემ სამედიცინო პერსონალის უპრეცედენტო რაოდენობის ტრენინგებზეც ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნულ ტრენინგებს პერსონალს ჯერჯერობით ინვესტორები უტარებენ. 

 

“ინვესტორებმა კარგად გააცნობიერეს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა, მაგრამ ამავე დროს ესმით, რომ კარგი კედლები და კარგი აპარატურა დიდ შედეგს არ მოიტანს. იმისთვის, რომ მათი ბიზნესი განვითარდეს, საჭიროა კველიფიციური პერსონალი,”- განაცხადა მიხეილ დოლიძემ. 

 

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა  იმ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა, რომელსაც უახლოეს პერიოდში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობა გეგმავს. 

 

მთავრობის ერთ-ერთი ინიციატივა თბილისში სამედიცინო პერსონალის ეროვნული ტრენინგ– ცენტრის მშენებლობის დაწყებაა. აღნიშნულ პროექტს სამინისტრო დედაქალაქის საკრებულოსთან ერთად ახორციელებს. 

 

“იმის ნაცლვად, რომ საბჭოთა მეთოდებით პაციენტებზე ისწავლონ ექიმებმა, რობოტებზე და კომპიუტერულ პროგრამით ისწავლიან. ამჟამად დაწყებულია იმ პერსონალის ტრენინგები, ვინც ამ ცენტრში იმუშავებს. პირველ ეტაპზე 5 ათასი ადამიანი გაივლის ტრენინგს,”- ამბობს დოლიძე. 

 

გარდა ამისა, სამინისტრო გეგმავს ქართველი სამედიცინო დიასპორის საქართველოში ჩამოყვანას და მათთვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთებას. 

 

ამასთან დაკავშირებით სამინისტრო ბათუმში კონფერენციის გამართვას გეგმავს, სადაც, სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 80 ქართველი ექიმი ჩამოვა ამერიკიდან, ევროპიდან და ისრაელიდან, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობის შესახებ კონკრეტულ შეთავაზებებს მოისმენენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი