ახალი ამბები

რუხაძის ავტომობილის შეჯახებით დაშავებულზე ჯანდაცვის სამინისტროში არ საუბრობენ

23 მაისი, 2012 • 1080
რუხაძის ავტომობილის შეჯახებით დაშავებულზე ჯანდაცვის სამინისტროში არ საუბრობენ

კითხვაზე, რატომ ფარავს სახელმწიფო იმ პაციენტის მკურნალობის ხარჯებს, რომელიც ტელეკომპანია მე-9 არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, თამარ რუხაძის ავტომობილის შეჯახების შედეგად დაზარალდა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ დოლიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ასეთი პაციენტის შესახებ არც გაუგია. 

 

“თქვენ გგონიათ, საქართველოში ყველა პაციენტის სახელი და გვარი ვიცი? ინგოროყვას კლინიკას ჰკითხეთ. სახელმწიფომ თუ ასე გადაწყვიტა, ე.ი. ჰქონდა მიზეზი, რაღაც კრიტერიუმები ხომ არსებობს, რატომ აფინანსებს სახელმწიფო ადამიანს,”- ამბობს მინისტრის მოადგილე. 

 

შეგახსენებთ, რომ 21 მაისს, ტელეკომპანია მე-9 არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, თამარ რუხაძის ავტომობილის შეჯახების შედეგად მოქალაქე დაზარალდა, რომელიც ამჟამად თბილისში, ინგოროყვას ნეიროქირურგიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

 

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ, როგორც მისი ხელმძღვანელი ამბობს, პაციენტის რეანიმაციაში ყოფნის ორი დღის ღირებულება დაფარა, კლინიკის ადმინისტრაციამ  თანხის შემდგომ გადარიცხვაზე მათ მოულოდნელად უარი  უთხრა და განუცხადა, რომ ყველა ხარჯს სახელმწიფო ფარავს. 

 

 მეორე დღეს კი, 22 მაისს, ამავე სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, გელა არაბიძემ ნეტგაზეთს განსხვავებული კომენტარი მისცა. 

 

ექიმის თქმით, ამჟამად პაციენტის მკურნალობის ხარჯს არავინ ანაზღაურებს და ხარჯებს ის დაფარავს, ვინც გამოძიების შედეგად დამნაშავედ დასახელდება. 

 

იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია მე-9 არხი მზადაა, ავტოავარიის შედეგად დაშავებული მალხაზ ბიჩინაშვილის მკურნალობის ხარჯები საკუთარ თავზე აიღოს, არხის დირექტორმა, კახა ბექაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზეც განაცხდა. თუმცა, ბექაურის თქმით, ამის საშუალებას მათ კლინიკა არ აძლევს.  

 

არხის დირექტორი ამბობს, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაციის უართან დაკავშირებით აქვთ გარკვეული ვარაუდებიც, რომლებზე საუბარიც ჯერჯერობით არ სურთ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი