ახალი ამბები

რომელი პარტია ემხრობა მარიხუანის მოხმარებისა და დათესვის დეკრიმინალიზაციას

15 სექტემბერი, 2016 • 2973
რომელი პარტია ემხრობა მარიხუანის მოხმარებისა და დათესვის დეკრიმინალიზაციას

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიების უმრავლესობა ამომრჩევლებს მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას ჰპირდება. თუმცა მოხმარებისთვის მარიხუანა ან უნდა დათესო და მოიყვანო, ან იყიდო. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რას ფიქრობენ მარიხუანის დათესვის დეკრიმინალიზაციაზე ის პარტიები, რომლებსაც სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვთ.

სისხლის სამართლის 265-ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; ან იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

“მსუბუქი ნარკოტიკების თემა ხშირად გამოიყენება სადამსჯელო ღონისძიებად სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან და ზეწოლის საშუალებასაც წარმოადგენს პირის გადაბირებისთვის და სხვა,” -ამბობს გიორგი გუგავა, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი და აღნიშნავს, რომ მოხმარების სრული დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს.

გიორგი გუგავას დაკვირვებით, პოლიცია მარიხუანის საკითხს ხშირ შემთხვევაში ზეწოლისთვის, ასევე სასურველი ჩვენების მისაღებად, ან ადამიანის ინფორმატორად გადასაქცევად იყენებს. ასეთი პრაქტიკის მიუხედავად, ლეიბორისტული პარტია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის დათესვის დეკრიმინალიზების იდეას არ ემხრობა:

“თუ ჩვენ ამის ნებართვას გავცემთ, ეს პრაქტიკულად ლეგალიზაციას ნიშნავს. ძალიან ძნელი გასაკონტროლებელი იქნება, რისთვის დათესა პირმა მარიხუანა. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით, რომ სასჯელის შემსუბუქების მომხრე ვართ,” – აღნიშნავს გუგავა.

ასეთივე ორჭოფულ მდგომარეობაშია “თავისუფალი დემოკრატები”, რომელიც საკუთარ თავს ლიბერალურ პარტიად რეპრეზენტირებს. მათი ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ მოხმარების სრულ დეკრიმინალიზაციას უჭერენ მხარს:

“ რაც შეეხება დათესვას, ეს მცოდნეებმა და იურისტებმა უნდა განსაზღვრონ, პირადი მოხმარებაა თუ სხვა მიზანი. შეიძლება პლანტაცია მოაშენოს ადამიანმა და გითხრას, რომ თავისთვის უნდა. ძალიან მკაფიოდ უნდა განისაზღვროს რაოდენობები, რა ითვლება გასაღების რაოდენობად და რა პირადი მოხმარების რაოდენობად,” – ამბობს პეტრიაშვილი.

მისი აზრით, სახლში ერთი ქოთანი მარიხუანის ქონა ცალსაად მიუთითებს, რომ ეს არ არის რეალიზაციისთვის, მაგრამ ზუსტი რაოდენობა სამართალმცოდნეებთან და შესაბამის სპეციალსიტებთან ერთად უნდა მომზადდეს.

“მე ბუნებით ლიბერალი ვარ,” – ეს “ეროვნული ფორუმის” წევრის, გიორგი ხეჩინაშვილის სიტყვებია, თუმცა არ ამბობს, მარიხუანის დათესვის გამო ადამიანის ხუთი წლით ციხეში ჩასმა არის თუ არა ჩადენილი ქმედების შესაბამისი სასჯელი:

“ალბათ კი [შეესაბამება] და ალბათ არ [შესაბამება], ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი დიპლომატიურია. ძალიან ფრთხილად ვეკიდები თემებს იმიტომ, რომ ეს საექსპერტო თემაა, ეს არის შეთანხმების საგანი. ეს საკითხი [დათესვის დეკრიმინალიზება] კონსესუსს მოითხოვს და შესაძლებელია, რომ გახდეს, სულ მცირე, მსჯელობის საგანი მომავალ პარლამენტში. საზოგადოება და პარლამენტი უნდა შეთანხმდეს.”

“ეროვნული ფორუმის” აზრით, რაც შეიძლება ლიბერალური დამოკიდებულება უნდა იყოს, ოღონდ ისეთი ლიბერალიზმი და შემწყნარებლობა, რომელიც ზოგად სიტუაციას არ დააზიანებს.

მარიხუანის ლეგალიზება მიუღებელია საარჩევნო ბლოკ “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობისთვის”, თუმცა ამომრჩეველს მოხმარების დეკრიმინალიზაიას ჰპირდებიან. გიორგი ახვლედიანის თქმით, მომხმარებელი მძიმედ დაავადებულია და დეკრიმინალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია:

“მომხმარებელს აღვიქვამთ არა კრიმინალად, არამედ როგორც მძიმედ დაავადებულ ადამიანს. მათი კრიმინალიზაცია პრობლემას არ აგვარებს, წლებმა გვაჩვენა. ამიტომ დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს დაავადებული ადამიანების გამოჯანმრთელებაზე, რეაბილიტაციაზე, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე და ა.შ. ეს არის ცივილიზებული მიდგომა.”

ახვლედიანის აზრით, დათესვა სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს და ადმინისტრაციული წესით უნდა ისჯებოდეს:

“სახლში მოყვანა პირადი მოხმარებისთვის არ უნდა იყოს მხარდაჭერილი. მოყვანაზე ვერ დაგეთანხმებით. დეკრიმინალიზაცია დაუსჯელობას არ ნიშნავს, როცა ადამიანი დათესავს, მოიყვანს, პლანტაციებს გააშენებს, ეს ძალიან მკაცრი ადმინისტრაციული სასჯელით უნდა ისჯებოდეს. გასაღება კიდევ სისხლის სამართლის კოდექსით მკაცრად უნდა დაისაჯოს.“

დეკრიმინალიზაციას აანონსებს საარჩევნო ბლოკი “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი -საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”. ირმა ინაშვილის თქმით, მარიხუანის მოხმარების გამო არ უნდა იჭერდნენ ადამიანს. თუმცა მისი არგუმენტი ე.წ. გენოფონდის გადარჩენაა.

“ვგმობთ იმ ფაქტს, როცა პოლიცია ძალადობს მოქალაქეზე. ვთვლით, რომ ჩვენი გენოფონდი არის გადასარჩენი, შესანარჩუნებელი და ამიტომ კომპლექსური მიდგომაა საჭირო. სარეაბილიტაციო ცენტრების ფორმირებაზე უნდა ვაქცენტირდეთ, რეაბილიტაცია, მკურნალობა, გაჯანსაღება, ამ თაობის გადარჩენა და არა ციხე, დაჭერა და რეპრესიები. რეპრესიებით ნარკომანიის პრობლემას ვერ ვუშველით, არ გამოვა ეს, წინა წლების გამოცდილებამ გვაჩვენა ეს, რომელი ნარკომანი გამოვიდა ციხიდან გამოსწორებული? არც ერთი.”

ინაშვილი პირდაპირ პასუხს არ სცემს კითხვას, უნდა ისჯებოდნენ თუ არა მოქალაქეები მარიხუანის დათესვისთვის:

“სისხლის სამართლის კოდექსით აქ ბევრი სირთულეა. ეს სირთულეები თუ საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამოვიტანოთ. ჩვენ ღია დებატების მომხრე ვართ, აქტიურად ჩაერთოს ჯანდაცვის და განათლების სამინისტრო, რეკომენდაციები მივიღოთ,” – ამბობს ინაშვილი.

რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ თუ პირს გასაღება არ უმტკიცდება, მარიხუანის დათესვა სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს და დეკრიმინალიზება უნდა მოხდეს.

“დეკრიმინალიზაცია გულისხმობს იმას, რომ პირადი მოხმარებისთვის ვყიდულობ, ან მომყავს მარიხუანა. მთავარი არის, გასაღების მიზანი არ მქონდეს. როცა ვლაპარაკობთ დეკრიმინალიზაციაზე, ეს ნიშნავს, რომ სახლში მოყვანა არ უნდა დაისაჯოს. გონივრული რაოდენობის ფარგლებში დათესვა არ უნდა იყოს დასჯადი. სისხლის სამართალში მიზნის დადგენა არის აუცილებელი. თუ ქოთანში ვზრდი, ვისი რა საქმეა,  რისთვის მინდა, თუ გაყიდვას არ ვაპირებ? პოლიცია თავისი კვალიფიკაციით ისეთ სიმაღლეზე უნდა იყოს, რომ მოახერხოს და გასაღება დამიმტკიცოს. როგორც მკვლელს, ვერ ჩასვამ უტყუარი მტკიცებულებების გარეშე ციხეში, ისე უნდა იყოს აქ,”- ამბობს თამარ კორძაია.

კორძაიას აზრით, ადამიანი არ შეიძლება დაისაჯოს იმის გამო, რომ საკუთარ თავს ვნებს. მისი თქმით, ეს იგივეა, რომ თვითმკვლელობის მცდელობისთვის დაიჭირო ადამიანი.

ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” წევრი ჰერმან საბო ამბობს, რომ საარჩევნო ბლოკს “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” – ჯერ მარიხუანის კულტივირების საკითხის დეკრიმინალიზაციაზე არ უმსჯელია. თუმცა, მისივე განმარტებით, დიდი ალბათობით, ბლოკი “გირჩის” პოზიციას გაიზიარებს. “გირჩის” პოზიციის თანახმად კი, პირს რამდენიმე ძირი მარიხუანის დათესვის უფლება უნდა ჰქონდეს:

“საიდან უნდა მოვიდეს მსუბუქი ნარკოტიკი? გირჩის პოზიციაა, რომ უნდა მოხდეს მოხმარების დეპენალიზაცია, ასევე, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაშია, მომხმარებელს უფლება უნდა ჰქონდეს, რამდენიმე ძირი პირადი მოხმარებისთვის გაზარდოს. თუ ჩავთვლით, რომ მომხმარებელი დამნაშავე არ არის, კულტივირება არც სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს და არც ადმინსიტრაციული, რადგან ადამიანის უპირველესი საკუთრება არის მისი სხეული და რა ზიანს მიაყენებს ან რა სიკეთეს თავის სხეულს, არავის საქმე არის, თუ მესამე პირი ან მესამე პირის ქონება არ დაზარალდა,”- ამბობს ჰერმან საბო.

ხელისუფელბაში კიდევ ერთხელ მოსვლის შემთხვევაში დეკრიმინალიზებას გეგმავს “ნაციონალური მოძრაობაც”, რომელსაც მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დამკვიდრებას მიაწერენ. გიგი წერეთლის სიტყვებით, წლების წინ, როცა საქართველო ნარკოტიკებს ჰქონდა წალეკილი, ძალიან ძნელი იქნებოდა მკაცრი მიდგომის გარეშე ფონს გასვლა. მისივე განცხადებით, მარიხუანის დათესვა სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს:

“სამართალდამცავების მიდგომაში უფრო მეტად სიმკაცრეზეა საუბარი, თუმცა ამ სიმკაცრემ და რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ, პრინციპში, დიდი შედეგი, საბოლოო ჯამში, ვერ გამოიღო. თუ ქოთანში პირადი მოხმარების მიზნით თესავს ადამიანი მარიხუანას, ეს ადმინისტრაციული დარღვევა უნდა იყოს. ჯარიმის თანხა შეიძლება სხვადასხვა იყოს პრიველ და მომდევნო ჯერზე, მონიტორინგიც ალბათ იქნება, თავისი მოხმარებისთვის ჰქონდა, თუ სხვა მიზნით. თუ დადგინდა, რომ გაასაღა, მაშინ მკაცრად დაისჯება. ეს არის ჩვენი პარტიის პოზიცია.”

უცნობია ხელისუფლების პოზიცია. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი დათესვაზე კითხვას პირდაპირ პასუხს არ სცემს, ხოლო მოხმარების დეკრიმინალიზაციის დაპირებას სხვა პარტიების მსგავსად გასცემს:

“უნდა მოხდეს ლიბერალიზაცია, არ შეიძლება ადამიანი რაღაც გადაცდომისთვის ისეთ მდგომარეობაში მოხვდეს, რომ შემდგომი ცხოვრება გაუფუჭდეს. გააჩნია ადამიანს, გააჩნია გარემოებას, გააჩნია მის საქციელს. დეკრიმინალიზებული უნდა იყოს ის შემთხვევა, როდესაც წესიერ ადამიანს შეიძლება მომავალი ცხოვრების განვითარების შანსი გაუფუჭდეს,” – ამბობს ვოლსკი და ხაზგასმით ამბობს, რომ როცა ამ თემაზე მსჯელობას დაიწყება, საზოგადოების ის ნაწილიც უნდა იყოს დაცული, რომელიც თავისი შვილებისთვის საფრთხეს ხედავს ზედმეტ ლიბერალიზაციაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, პირადი მოხმარების მიზნით დიდი ოდენობით მარიხუანის შეძენა, შენახვისთვის სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურია. შესაბამისად, სასამართლომ პარლამენტს კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა დაავალა.

_________________________________________________________________________

  • 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 7 აგვისტოს სამტრედიაში, სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
  • დემურ სტურუამ დატოვა წერილი, სადაც თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლა დაასახელა. 29 აგვისტოს პროკურატურამ წერილის ავთენტურობა დაადასტურა.
  • დატოვებული წერილის თანახმად, თევზაძე სტურუას აიძულებდა, მიეცა ინფორმაცია, ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის სოფლებში
  • 12 აგვისტოს გოდერძი თევზაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი არ დაუკავებიათ და არც ბრალი წაუყენებიათ
  • 29 აგვისტოს, პროკურატურის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ გოდერძი თევზაძეს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით.
  • პროკურატურის განცხადებით, გოდერძი თევზაძე მიმალვაში იყო და მასზე ძებნა გამოაცხადა.
  • 30 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გოდერძი თევზაძეს დაუსწრებლად შეუფარდა.
  • 3 სექტემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ბრალდებით, დ. ნ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით დააკავა.  გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით  03:00 საათზე, გარდაცვლილ დემურ სტურუას  დედასთან,  ნონა ჯოჯუასთან  საცხოვრებელ სახლში მივიდა მისი ნაცნობი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე და მის შვილზე – მოწმე დავით სტურუაზე განახორციელა იძულება ფიზიკური ძალადობით.
  • 13 სექტემბერს გოდერძი თევზაძე პროკურატურას ჩაბარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი