ახალი ამბები

PACE-ს დელეგაცია: დემოკრატიული არჩევნებისათვის საქართველოში გარემო არსებობს

15 სექტემბერი, 2016 • 1178
PACE-ს დელეგაცია: დემოკრატიული არჩევნებისათვის საქართველოში გარემო არსებობს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამაბლეის დელეგაციის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისათვის გარემო არსებობს. ასამაბლეის წევრებისაგან შემდგარი დელეგაცია თბილისში 13-14 სექტემბერს იმყოფებოდა და, როგორც PACE-ს ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, მათი მიზანი წინასაარჩევნო კლიმატის შეფასება იყო.

დელეგაცია აცხადებს, რომ საქართველოში ნახა პლურალისტური პოლიტიკური და მედიალანდშაფტი. დელეგაციის შეფასებით, ზოგადი [საარჩევნო] კლიმატი აშკარად უფრო ნაკლებად დაძაბულია, ვიდრე ეს წინა  არჩევნებისას  იყო. დელეგაციის აზრით, ყველა მხარემ უნდა დაგმოს ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული დევნა და ძალადობა და საჯაროდ მოუწოდოს თავის მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არჩევნების დემოკრატიულ ხასიათს.

“დელეგაციამ მოისმინა ბრალდებები კანდიდატებისა და ამომრჩევლების წინააღმდეგ მიმართული მიუღებელი ძალადობრივი აქტების, დაშინების, შანტაჟის შესახებ. ამ კონტექსტში ასეთი ქმედებები, იზოლირებულადაც კი, კანდიდატების, პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ, ასევე მუქარა ჟურნალისტების წინააღმდეგ, უნდა აღიკვეთოს. ასეთ ქმედებებში მონაწილეები უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ. დელეგაციამ ასევე განაცხადა, რომ არ უნდა იქნას გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსები”, – ნათქვამია PACE-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

დელეგაცია ასევე მოუწოდებს მხარეებს და განსაკუთრებით ხელისუფლებას, რომ თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელიც გაზრდის დაძაბულობას წინასაარჩევნო კამპანიაში.

PACE აცხადებს, რომ დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს მთავრობისა და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს.  საქართველოში 32-წევრიანი დელეგაციით PACE-ს წარმომადგენლები კიდევ ჩამოვლენ საარჩევნოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი