ახალი ამბები

დასავლეთი თუ რუსეთი? – რას გვთავაზობენ პარტიები

7 ოქტომბერი, 2016 • 3062
დასავლეთი თუ რუსეთი? – რას გვთავაზობენ პარტიები

ევროატლანტიკური თუ ევრაზიული ინტეგრაცია? – როგორი იქნება მომავალი ოთხი წლის მანძილზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირი, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასა თუ ბლოკს დაუჭერს მხარს ამომრჩეველი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. “ნეტგაზეთი” გაეცნო იმ საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პროგრამებსა და დაპირებებს, რომლებსაც, სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, შეიძლება, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შესაძლებლობა მიეცეთ.

კონსესუსი ევროინტეგრაციაზე

მმართველი პარტია “ქართული ოცნება” თავის საარჩევნო პროგრამაში ამომრჩეველს ევროკავშირთან უკვე მიღწეული ასოცირების შეთანხმების “ეფექტურ განხორციელებას” ჰპირდება. ისინი პირობას დებენ, რომ საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გააწევრიანებენ, თუმცა ამაზე საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიდის და ამ დრომდე არ განხორციელებულა.

“ქართული ოცნება” აპირებს, გააგრძელოს “ინსტიტუციური და სექტორალური ინტეგრაცია ევროკავშირთან, გააღრმაოს თანამშრომლობა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში;

“ქართული ოცნება” ამომრჩეველს ასევე ჰპირდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივ ფორმატში ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში, ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ მრავალმხრივი ფორმატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე სუსტი წერტილია და ქვეყნები, რომლებიც აქ არიან ჩართულნი, თითქმის არ ურთიერთობენ ერთმანეთთან. ამის გამო, ჩხიკვაძის შეფასებით, “რაიმე ღირებულება “ოცნების” ამ დაპირებას ნამდვილად არა აქვს”.

ჩხიკვაძის შეფასებით “ქართული ოცნების” პროგრამის ის პუნქტები, რომლებიც ევროინტეგრაციას ეხება, უფრო სადღეგრძელოს ჰგავს, რადგან უფრო სურვილებია, ვიდრე კონკრეტული გეგმა. ამის შესახებ მან ფეისბუკში საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა თავისი შეფასებები.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ექსპერტი კრიტიკულად აფასებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაპირებებსაც. ენმ პირობას დებს, რომ შექმნის პირობებს, რათა უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი საქართველოს წინააღმდეგ არ იქნას გამოყენებული. ივანე ჩხიკვაძე გვისხნის, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი არ არის ბოლომდე შემუშავებული და როგორი იქნება მექანიზმის საბოლოო სახე, არავინ იცის. ამას გარდა, მისი თქმით, აღნიშნული მექანიზმი 2011 წლიდან არსებობს და ევროკავშირს აქამდე არ/ვერ აუმოქმედებია, რადგანაც ის ძალიან მოუქნელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ, ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისას. ევროკავშირის საბჭოს სათავო ოფისი, ბრიუსელი, ბელგია. 27.06.2016 ფოტო © EPA/OLIVIER HOSLET / POOL

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ, ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისას. ევროკავშირის საბჭოს სათავო ოფისი, ბრიუსელი, ბელგია. 27.06.2016 ფოტო © EPA/OLIVIER HOSLET/POOL

ენმ-ის პროგრამის მიხედვით, ევროკავშირთან მოლაპარაკების გზით საქართველო მიაღწევს შეთანხმებას გარკვეულ კვოტებზე, რათა საქართველოს მოქალაქეებმა სურვილისამებრ შეძლონ ევროკავშირის ქვეყნებში კანონიერად მუშაობა. ვანო ჩხიკვაძე კი გვიხსნის, რომ სამუშაო კვოტებზე შეთანხმება ხდება არა ევროკავშირთან, არამედ ევროკავშირის ქვეყნებთან ცალ-ცალკე. ამ მიმართულებით, ჩხიკვაძის ცნობით, მხოლოდ ერთი შეთანხმება არსებობს, რომელიც საქართველომ საფრანგეთთან გააფორმა (2013 წ), თუმცა შეთანხმება არ არის რატიფიცირებული. “დამატებით ახალი შეთანხმებების ხელმოწერა არარეალისტურია იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს არის ევროკავშირი, – როდესაც საუბარია, მაგალითად, მიგრანტთა კრიზისზე”, – მიაჩნია ივანე ჩხიკვაძეს.

ენმ საარჩევნო პროგრამაში ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების პროცესის დასაწყებად შექმნის პირობებს და ეს პროცესი 2019 წლიდან დაიწყება. ერთიან ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანება, შესაძლოა, მართლაც იყოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მჭიდრო ფორმა, თუმცა, როგორც ვანო ჩხიკვაძე გვიხსნის, ამას ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტაცია სჭირდება, რაც, მისი შეფასებით, გრძელვადიანი პროცესია:

“ეს ამბავი წიქარას ზღაპრიდანაა. ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში გაწევრიანება ლამის ევროკავშირში გაწევრიანებას უტოლდება. იქ გასაწევრიანებლად მინიმუმ ასოცირების შეთანხმება უნდა შეასრულო და მაგ შეთანხმებით ევროკავშირის რეგულაციებთან ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია 2027 წლამდეა გაწერილი. იქ წევრობას კიდევ მარტო პლუსები არ ააქვს, ბევრი მინუსიც აქვს. გარდა მაგისა, იმ ოთხი თავისუფლების პრინციპიდან, რითაც EEA-ს ქვეყნები სარგებლობენ, მუშახელის თავისუფალი გადაადგილების პრინციპს როგორ გავარცელებთ საქართველოზე?!”

“უსუფაშვილი – რესპუბლიკელების” პროგრამის თანახმად, ევროკავშირში გასაწევრიანებლად “ძალიან მნიშვნელოვანია” წინა გაწევრიანების დახმარების ინსტრუმენტი. ამ ინსტრუმენტის ფარგლებში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოებისთვის გათვალისწინებულია მხარდაჭერის 5 კომპონენტი – ტრანზიციისა და ინსტიტუციური გაძლიერების კომპონენტი, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული განვითარება (ტრანსპორტი, გარემო, რეგიონული და ეკონომიკური განვითარება), ადამიანური კაპიტალის განვითარება და რურალური/სოფლის განვითარება; თუმცა წინა გაწევრიანების დახმარების ინსტიტუტი მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს ეძლევათ, ასეთი კი საქართველო ჯერ არ არის. ვანო ჩხიკვაძის შეფასებით, არარეალური და არასერიოზულია 4 წლის განმავლობაში ამ პუნქტის მიღწევაზე საუბარი.

“რესპუბლიკელები” გვპირდებიან “ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შესაძლებლობებსაც” და ხსნიან, რომ თანამშრომლობის ეს ფორმატი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობისა და რესურსების გაერთიანების საშუალებას იძლევა კომუნალური/მუნიციპალური რეგულაციების, სერვისებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. “რესპუბლიკური პარტიის” დაპირებითვე, ისინი აქტიურად გამოიყენებენ “ჰორიზონტი 2020”-ს, კვლევის, ინოვაციებისა და განვითარების ფინანსური მხარდაჭერის ჩარჩო-მექანიზმს, რომლის ბიუჯეტი 2014-2020 წლებისთვის 70 მილიარდი ევროა.

“რესპუბლიკელები” ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯი უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის წევრობის ოფიციალური მოთხოვნა ევროკავშირის შეთანხმების 49-ე მუხლის საფუძველზე. მათი განმარტებით, ქვეყნის ოფიციალური განაცხადის მიღების შემთხვევაში იწყება ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო შემოწმება (Pre-emptive legal screening) და ყალიბდება ევროკავშირში გასაწევრიანებელი მოლაპარაკების პროცესი. თუმცა, ვანო ჩხიკვაძის განმარტებით, ასეთი შემოწმებისათვის საერთოდ არ არის საჭირო ოფიციალური განაცხადის გაკეთება და მისი ჩატარება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა, ამ საკითხზე რესპუბლიკელებს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეფიქრათ და ემუშავათ.

   ევროკავშირთან ურთიერთობაში საქართველომ ბოლო 4 წელიწადში ასეთ შედეგებს მიაღწია:

 [checklist]

  • 2013 წლის 28-29 ნოემბერი – ასოცირების შეთანხმებისა და მისი კომპონენტის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პარაფირება და ასევე, საქართველოს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში ჩართვის შესახებ შეთანხმების გაფორმება;
  • 2014 წლის 26 ივნისი – ევროკავშირმა და საქართველომ დაამტკიცეს ასოცირების დღის წესრიგი, რომელმაც ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა ჩაანაცვლა;
  • 2014 წლის 27 ივნისი –  ხელი მოეწერა „ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ” შეთანხმებას;
  • 2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა შეასრულა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დაასრულა.

[/checklist]

“ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” წინასაარჩევნო დაპირებებში ვკითხულობთ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად “საჭიროა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება და არეალის გაფართოება”. პროგრამიდან გაურკვეველია, თუ რას ნიშნავს ეს უკანასკნელი ცნება: სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოგზაურობას შენგენის ზონის 26 ქვეყანასა და შენგენის ზონის კანდიდატობის 4 ქვეყანაში.

“ნეტგაზეთმა” პარტიის ლიდერს, ირაკლი ალასანიას ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა მათ პროგრამაში დაწერილი “არეალის გაფართოება”, რაზეც მან გვიპასუხა, რომ საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის სიკეთეებით აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც ისარგებლებენ. სინამდვილეში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლით სარგებლობა ისედაც შეეძლებათ, თუკი საქართველოს ბიომეტრიულ პასპორტს აიღებენ.

“დემოკრატების” პროგრამაში ვხვდებით დაპირებებს ისეთ საკითხებზე, რაც ქვეყანას უკვე შესრულებული აქვს. მაგალითად, პროგრამის თანახმად, მოხდება ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებული რეფორმების დანერგვა და შესრულება (რაც 2015 წელს უკვე შესრულებული იყო). ასევე, პარტია გვპირდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭო სივრცის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) სრულად ამოქმედებას, თუმცა DCFTA 2016 წლის 1 ივლისიდან უკვე ამოქმედებულია.

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის” საარჩევნო პროგრამა ჯერჯერობით არ წარუდგენია. თუმცა ბლოკის ლიდერებისაგან სხვადასხვა დროს ხშირად მოგვისმენია, რომ ისინი ქვეყნის ევროინტეგრაციის მომხრენი არიან. კონკრეტული ნაბიჯების მოსასმენად, რასაც ბლოკი აპირებს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის, დავუკავშირდით “გირჩის” წევრს, გია ჯაფარიძეს. მან ასეთი პასუხი გაგვცა: “საგარეო პოლიტიკაზე რა პროგრამა უნდა იყოს. სხვა პარტიები რომ წერენ, აი, უდიდესი სიბრიყვე. რას წერენ, რომ ნატოში გააწევრიანებენ თუ ევროკავშირში? სახელწმიფოს საგარეო პროგრამა რა უნდა იყოს, ხომ? 3-4 წინადადება, 3-4 პუნქტი, რა, ეგ არის”.

“ეროვნული ფორუმის” პროგრამის თანახმად, ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს საგარეო სავაჭრო და ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა გახდეს. საქართველომ უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება. ასევე, პროგრამაში აღნიშნულია, რომ პრიორიტეტულია ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. ევროკავშირთან ურთიერთობების სხვა დეტალებზე პარტიის პროგრამაში საუბარი არ არის.

სხვა, რაიმე კონკრეტულ გეგმებს, ნაბიჯებს, რაც, პარტიის პოზიციით, საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით უნდა გადადგას, “ეროვნული ფორუმის” პროგრამაში ვერ შეხვდებით. პარტიის ასეთი გეგმების გასაგებად “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა “ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერს, ანი მიროტაძეს. მან გვითხრა, რომ მხოლოდ საქართველომ კი არ უნდა მიიღოს დახმარებები ევროკავშირისგან, საქართველო მისი სრულფასოვანი წევრი უნდა იყოს.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი მიროტაძემ გვითხრა, რომ საქართველო უნდა იქცეს კავკასიაში ევროპის კარიბჭედ და საქართველომ შეიძლება აიღოს ფუნქცია, რომ “რაც შეიძლება მეტი ევროპა შემოვიდეს საქართველოში”. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რას ნიშნავს “რაც შეიძლება მეტი ევროპის შემოსვლა”, ანი მიროტაძემ გვიპასუხა, რომ ეს ნიშნავს კავკასიური ქვეყნებისთვის მაქსიმალურ ხელშეწყობას, რათა მათი არჩევანი იყო ევროპული სივრცე. კონკრეტული ნაბიჯები, თუ რას გააკეთებს “ფორუმი” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მას არ დაუზუსტებია.

ჯერჯერობით არც “ლეიბორისტულ პარტიას” წარუდგენია საარჩევნო პროგრამა. როგორც “ნეტგაზეთს” პარტიაში უთხრეს, პროგრამა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი კი ამბობს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არ მიმდინარეობს. „სადაც არ უნდა შევდიოდეთ, თავმოყვარეობა უნდა შევინარჩუნოთ. არ უნდა დავემსგავსოთ უთავმოყვარეოს, მათხოვარსა და დერვიშს არც ევროკავშირის და არც ნატოს გამო“, – განაცხადა „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „არჩევანში“ 31 აგვისტოს.

“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია” კი პოზიციონირებს, როგორც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მომხრე. თუმცა  ამ მიმართულებით დაგეგმილი კონკრეტული ნაბიჯები არც მათ პროგრამაშია განსაზღვრული. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადებაზე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ საქართველომ უკვე გადადგას ნაბიჯი ევროპისკენ და დღეს ამ ნაბიჯის “უკან გადმოდგმა” შეუძლებელია, ამიტომ, მისი თქმით, “საქართველომ სრულფასოვან წევრობამდე ეს გზა უნდა გაიაროს”.

საინტერესოა, რომ დეკლარირებული საარჩევნო პროგრამით, ნინო ბურჯანაძის პარტიაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, თუმცა, ამავე დროს, ის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს “ევრაზიულ კავშირში” გაერთიანებას. ევრაზიული კავშირი, რომელიც ევროკავშირის ანოლოგიური პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირია, 2011 წლიდან არსებობს და აერთიანებს რუსეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. ამასთანავე, იგი ანტიდასავლური რიტორიკითაც გამოირჩევა.

[blue_box]ნატო VS უბლოკო სტატუსი[/blue_box]

2008 წელს საქართველოში ჩატარებული პლებისციტის შედეგებით, 77% მომხრეა საქართველოს ნატოში გაწევრიანების. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღესაც ამ სამხედრო ალიანსში ინტეგრაციას ემხრობა, როგორც ამას სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევები ცხადყოფს. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც მკვეთრად ნატოს საწინააღმდეგო რიტორიკით გამოირჩევიან.

საარჩევნო პროგრამის მიხედვით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით აპირებს, “არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებით მოემზადოს ნატოს წევრობისთვის”. ეს მისი პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება იქნება.

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების წევრი ქართული ასეული, 26 მაისი, 2016. თბილისი, თავისუფლების მოედანი. ფოტო © EPA/ ზურაბ ქურციკიძე

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების წევრი ქართული ასეული, 26 მაისი, 2016. თბილისი, თავისუფლების მოედანი. ფოტო © EPA/ ზურაბ ქურციკიძე

ნატოში გაწევრებაზე თანახმაა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც”. ენმ-ის პირობით, საქართველო ნატოს ეგიდით და/ან ნატოს წევრ-სახელმწიფოებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ყველა ხელმისაწვდომ წვრთნასა და მისიაში.

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროკავშირის სწავლების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ უმჯობესია, საქართველომ  მონაწილეობა მიიღოს მნიშვნელოვან მისიებში. მისი თქმით, გასათვალისწინებელია ქვეყნის შესაძლებლობები, ჰყავს თუ არა საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცი. ასევე, მისი თქმით, მისიებში მონაწილეობა საკმაოდ ძვირი ჯდება.

ნატოში ინტეგრაციას ემხრობა “რესპუბლიკური პარტიაც”. “რესპუბლიკელების” ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, სანამ საქართველო ნატოს წევრი გახდება, მან თავის ტერიტორიაზე აშშ-ის ან ნატოს წევრი სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზის განთავსებაზე უნდა იზრუნოს. “რესპუბლიკელები” ასევე გამოდიან ინიციატივით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს ქვეყნის მისწრაფება ნატოსკენ.

ამ ინიციატივას მხარს უჭერენ “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”. “ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, ანი მიროტაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პარტია გააკეთებს “ყველაფერს,  რაც საქართველოს გადაიყვანს ნატოს “კარზე კაკუნის” პოლიტიკიდან რეალურად შესვლის პერსპექტივაზე”.

“სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” (GFSIS) ევროკავშირის სწავლების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ინიციატივა ქვეყანაში ნატოს წევრი ქვეყნის/აშშ-ის ჯარის ჩაყენებაზე საქართველოსთვის კარგი იქნებოდა, რადგან ამით გარანტირებული იქნებოდა საქართველოს ტერიტორიული უსაფრთხოება. კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფების ჩანაწერზე კი მიიჩნევს, რომ აჯობებს, თუ ასეთი ჩანაწერი არ იქნება. მისი თქმით, არ შეიძლება ხალხს გრძელვადიანად წაართვა უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ორიენტაცია.

მართალია, პარტიები – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და “ლეიბორისტული პარტია” მკვეთრად არ აფიქსირებენ ნეგატიურ დამოკიდებულებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართ, თუმცა, მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსში” მიაჩნიათ, რომ ნატოსთან ინტეგრაციამ რუსეთთან საქართველოს ურთიერთობა შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს და მორიგი საომარი ქმედებები გამოიწვიოს, რაც, მათივე შეფასებით, საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება.  მათი გამოსვლებიდან ასევე ვიგებთ, რომ ისინი ნაციონალისტურ ნარატივს სთავაზობენ საზოგადოებას და უმთავრეს ღირებულებად “ერის ინტერესებს” ასახელებენ.

კახა გოგოლაშვილს მიაჩნია, რომ ნონსენსია, როდესაც პარტია თავს “პროქართულს” უწოდებს, რადგან ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ცდილობს მოვიდეს საქართველოში, არ შეიძლება არ იყოს გაცხადებული, როგორც პროქართული.

მიუხედავად ამისა,  მიიჩნევს გოგოლაშვილი,  ეს არ ნიშნავს, რომ პროქართული ძალა არ ხედავდეს მომავალს ან ევროატლანტიკურ, ევრაზიულ ან ახლო აღმოსავლეთის სივრცეში: “აქ საუბარია არა იმაზე, წარმოაჩენ თუ არა რუსეთის ინტერესებს, არამედ, რა ხედვა გაქვს ქვეყნის მომავალზე. როცა ამბობენ, რომ “პრორუსულია”, ნიშნავს, რომ ხედავს საქართველოს მომავალს რუსეთთან მჭიდრო კავშირში უფრო მეტად, ვიდრე დასავლეთთან და ასეთია ნინო ბურჯანაძის პარტია”.

მკვეთრად უპირისპირდება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”. თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ უპირისპირდებიან არა მხოლოდ ნატოსთან ინტეგრაციას, არამედ ნებისმიერი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკისა თუ ქვეყნის ჯარების დგომას საქართველოში. ისინი ქვეყნის “უბლოკო სტატუსის” განსაზღვრას ითხოვენ კონსტიტიციაში.

“კავკასიური სახლის” დირექტორს, გიორგი კანაშვილს ეეჭვება, რომ შესაძლებელია საქართველოს უსაფრთხოების დაცვა იმ კონტექსტში, თუ უბლოკო სტატუსს გამოაცხადებს: “როდესაც ნინო ბურჯანაძე თუ სხვები საუბრობენ უბლოკო სტატუსზე ან რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე და ამით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეს არის მართალი, ოღონდ არ ყვებიან ამბავს სრულად, მათ საუბარში შემდეგი ისტორია არ ჩანს – რის ფასად?” – სვამს კითხვას გიორგი კანაშვილი და დასძენს, რომ ასეთი სტატუსი საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი ვერასოდეს გახდება. [red_box]შესაძლებელია თუ არა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება?[/red_box]

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი გამოაცხედებულია საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელთანაც მას შემდეგ შეწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოსული “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენისთვის შეიქმნა მოლაპარაკებების სპეციალური – აბაშიძე-კარასინის ფორმატი.

“ქართული ოცნება” ამომრჩეველს რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ჰპირდება. “ოცნება”, მართალია, ამომრჩეველს ასევე ეუბნება, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა მათ პროგრამაში განმარტებულია, რომ რუსეთთან დიალოგი და პრაგმატული ურთიერთობა ამა თუ იმ სფეროში არ გულისხმობს რაიმე კომპრომისს ქვეყნის “სასიცოცხლო ინტერესების” ხარჯზე. “პირიქით, ამ პოლიტიკის მთავარი მიზანია საქართველოს დეოკუპაცია და გამთლიანება, მისი მდგრადი განვითარებისათვის შესაბამისი გარემო პირობების შექმნა”, – ვკითუხლობთ ხელისუფლების პროგრამაში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვისაც”, მათი საარჩევნო პროგრამის თანახმად, პრიორიტეტული იქნება რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, ასევე, მათი აზრით, საქართველო ყველა  პოლიტიკური, სამართლებრივი და მშვიდობიანი საშუალებით წინ უნდა აღუდგეს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს აფხაზეთსა და ცხინვალში. მიუხედავად ამისა, “ნაციონალების” პოზიციით, მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დამოკიდებული იქნება რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დამოკიდებულების ცვლილებაზე.

“რა თქმა უნდა, შესაძლებელია რუსეთთან ტექნიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა საკითხებზე დიალოგი, თუმცა ამის შედეგად არ უნდა შევქმნათ ილუზია, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ხდება და ოკუპაცია პრობლემას აღარ წარმოადგენს. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში სრული კონსენსუსი არსებობდეს რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსზე”, – მიიჩნევენ პარტიაში.

“რესპუბლიკური პარტია” ქვეყნის მთავარ საფრთხედ “ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურებულ რუსულ იმპერიალიზმს” ხედავს. ისინი მიგვითითებენ, რომ რუსული საფრთხე რეგიონალურ და გლობალურ კონტექსტშია დასანახი და არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კონტექსტში.

“თავისუფალი დემოკრატებისთვისაც”, მათი საარჩევნო პროგრამის თანახმად, მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციასთან არსებული დაძაბულობის დეესკალაცია. ამის მისაღწევად კი მათ მიაჩნიათ, რომ საჭიროა ფორმალური თუ არაფორმალური მოლაპარაკებების გაგრძელება და ახალი ფორმატების შექმნა საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. თავისუფალი დემოკრატები ასევე აპირებენ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განავითარონ და რუსეთთან უვიზო რეჟიმს მიაღწიონ.

რუსული ტანკები და ჯარისკაცები ზუგდიდში ფოთისკენ მიმავალ გზაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. © EPA

რუსული ტანკები და ჯარისკაცები ზუგდიდში ფოთისკენ მიმავალ გზაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. © EPA

“ეროვნული ფორუმის” პოზიციით, მათ ყველაზე კარგად აქვთ გააზრებული რუსეთის მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაული და მისი დამანგრეველი შედეგები. “ეროვნული ფორუმის” პოზიციით, რუსეთთან ურთიერთობაში პირველი საკითხი უნდა იყოს საქართველოს დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მოლაპარაკებებზე საუბარი სწორედ ამის შემდეგ არის შესაძლებელი.

“მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მეზობლებს ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ურთიერთობების მოგვარების მექანიზმი უნდა დაიწყოს სწორედ იქიდან, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი. როგორ გავთავისუფლდეთ ამ პრობლემისგან. ოკუპირების შემთხვევაში ამ 2 ქვეყანას ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა ვერ ექნება და ვერც ჯანსაღი ეკონომიკური ვაჭრობა”, – გვეუნება “ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, ანი მიროტაძე.

“პატრიოტთა ალიანსში” მიიჩნევენ, რომ საქართველოს ოკუპაციის პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია “იმ დიდი იმპერიების მონაწილეობის გარეშე, რომელთა ინტერესებიც იკვეთება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი გვეუბნება, რომ შეუძლებელია საკითხი გადაიჭრას, “თუ საერთო ენა რუსეთთან არ მოიძებნა და თუ ამაში არ მიიღო მონაწილეობა ამერიკამ და ევროპამ”.

“ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” პოზიციით, საჭიროა, რუსეთი დარწმუნდეს, რომ საქართველო არ არის რუსეთის მტერი, საქართველოსაგან რუსეთს საფრთხე არ ემუქრება და საქართველომ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა მასთან თანასწორი პარტნიორობის და კეთილმეზობლური ურთიერთობების სურვილი გამოთქვას. პარტიის ლიდერი, ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ, მიუხედავად რუსეთის ოკუპანტობისა, ეს განმარტება და ტერმინი [“ოკუპანტი”] არასწორია, “როცა მოლაპარაკება გინდა ქვეყანასთან”.

“სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ექსპერტის, კახა გოგოლაშვილის შეფასებით, განცხადებები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ჰპირდება ამომრჩეველს, ბუნდოვანია, ზედმეტად ამბიციური და გათვლილია ამომრჩევლის ემოციურ მხარეზე: “რუსეთის პრობლემა აწუხებს ყველას და … როდესაც მოსახლეობას პარტია ეუბნება, რომ რუსეთთან ნორმალიზდება ურთიერთობა, ეუბნება, რომ შიშებს მოუხსნის, პოზიტიურ განწყობას იწვევს მოასხლეობაში”, – გვიხსნის იგი.

გიორგი კანაშვილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს და რუსეთის პოზიციები აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით არანაირად არ დაახლოებულა, რის გამოც მოსახლეობას მოუწევს, წლების განმავლობაში ასეთი მცირე პოზიტიურ ან ნეგატიურ ცვლილებებს დააკვირდეს. “მგონი, ქართული საზოგადოებაც გაიზარდა და ნაკლებად სჯერათ, რომ ასეთი საკითხები მალე, მაგალითად, 4 წელიწადში, შეიძლება მოგვარდეს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” “კავკასიური სახლის” დირექტორმა.

კანაშვილი სვამს კითხვას: “რა ტიპის გარანტიები შეიძლება იყოს ისეთი, რაც რუსეთს უბიძგებს, რომ აღადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა? სავარაუდოდ, სულ მცირე, უარის თქმა ნატოზე, უარი ევროკავშირზე, რუსეთის ბაზების განთავსება საქართველოში, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიებზე”. მისი განმარტებით, ეს ყველაფერი ნიშნავს უსაფრთხოების სტრუქტურების რუსეთის კონტროლქვეშ მთლიანად გადასვლას  და, შესაბამისად, რუსეთის მიერ ქვეყნის სრულ კონტროლს.

სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტები

“ქართული ოცნებისთვის”, მათი პროგრამის თანახმად, პრიორიტეტულია არსებული ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისო კავშირების გაღრმავება და საქართველოს ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის პოპულარიზაცია. პარტია ისეთ ზოგად დაპირებებს სთავაზობს ამომრჩეველს, როგორიცაა “მეზობლებთან, რეგიონის და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება”.

ენმ ამომრჩეველს ასევე ზოგადად ეუბნება, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს რეგიონულ ეკონონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებასა და ქვეყნის  სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვას საერთაშორისო ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში. ენმ ასევე აპირებს ანაკლიის ყურეში საზღვაო პორტის აშენებას, რაც, მათი თქმით, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას ახალ სიმაღლეზე აიყვანს. ასევე, გაცხადებული პოზიციით, ენმ განაგრძობს თანამშრომლობას აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან, უკრაინასთან.

“რესპუბლიკელები” მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია შეიარაღებული კონფლიქტები და მზარდი სამხედრო-პოლიტიკური კონკურენცია უშუალო სამეზობლოში, საერთაშორისო ტერორიზმი, დე ფაქტო დაშლილი სახელმწიფოები შუა აზიაში, ევროსკეპტიკური განწყობების ზრდა ევროპაში, იზოლაციონიზმის შესაძლო ზრდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბალი და რუსული აგრესიის ზრდის მაღალი ტემპი.

“თავისუფალი დემოკრატები” ფიქრობენ, რომ საქართველოში გრძელვადიანი სტაბილურობის მისაღწევად და შესანარჩუნებლად აუცილებელია საერთო ინტერესების გათვალისწინებით რეგიონის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება. “საქართველოს წინაშე მდგარი რეგიონული და გლობალური საფრთხეების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და განმტკიცებაზე”, – წერენ “თავისუფალი დემოკრატები”.

“ეროვნულ ფორუმში” მიიჩნევენ, რომ რეგიონში მსხვილ მოთამაშეებს შორის “ურთიერთდაუნდობლობით გამძაფრებული კონკურენციაა”, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, საქართველო გახდეს სამშვიდობო პროცესის დაწყების ინიციატორი და მასპინძელი. ასეთ მოთამაშეებად “ეროვნულ ფორუმში” მიიჩნევენ აშშ-ს, ევროპას, რუსეთს, თურქეთს, ირანს, ისრაელს, არაბულ სამყაროსა და “გარკვეულწილად ჩინეთს”.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანი მიროტაძე ამბობს, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა კავკასიაში, რომელსაც შეუძლია დაელაპარაკოს როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს (მათ შორის არსებული კონფლიქტის გამო). “როგორ შეადგენს ამ მოლაპარაკებების დღის წესრიგს, სხვა თემაა, თორემ ნდობის საკითხი ამ რეგიონში ყველაზე მეტად აქვს საქართველოს”, – ამბობს “ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი.

მისი თქმით, ბოლო ხანებში განსაკუთრებულად დაწყებულია აშშ-ის დაახლოების პოლიტიკა თურქეთის, ირანის, სხვა აზიური, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დაკავშირებით. “აშშ კი საქართველოს პარტნიორია. ირანი ყველაზე ახლოს არის საქართველოსთან, თურქეთი ყველაზე ახლოს არის საქართველოსთან. ხომ შეიძლება, ძირითადი მოლაპარაკებები ჩვენი ჩართულობით ხდებოდეს”?

“პატრიოტთა ალიანსს” სამეზობლო პოლიტიკის მიმართულებით აგრესიული დამოკიდებულება აქვს თურქეთის მიმართ. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ღიად ამბობს, რომ “თურქეთს აჭარისა და აფხაზეთის მიტაცების ინტერესი აქვს”. მისი თქმით, საქართველო მუდმივად უნდა ეუბნებოდეს თურქეთს და ღიად უნდა აცხადებდეს, რომ “საქართველოს ტერიტორიების 33% თურქეთმა მიიტაცა 95 წლის წინ”. ასევე, ის ფიქრობს, რომ თურქები ყველაფერს აკეთებენ, რათა რაც შეიძლება მეტმა თურქმა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოში დასაქმდეს. სწორედ “პატრიოტების” ორგანიზებით ჩატარდა არაერთი აქცია აჭარაში წინა წლებში აზიზიეს მეჩეთის აშენების ინიციატივის წინააღმდეგ.

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ელმარ მამადიაროვი, მიხეილ ჯანელიძე და მევლუტ ჩევისუღლუ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის რიგით მეხუთე შეხვედრისას. 19.02.2016. ფოტო © EPA/ზურაბ ქურციკიძე

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ელმარ მამადიაროვი, მიხეილ ჯანელიძე და მევლუტ ჩევისუღლუ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის რიგით მეხუთე შეხვედრისას. 19.02.2016. ფოტო © EPA/ზურაბ ქურციკიძე

გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი “პატრიოტთა ალიანსი” მხოლოდ ირიბად შედის “დასავლეთთან” დაპირისპირებაში და პირდაპირ არ ამბობს, რომ “დასავლეთი საქართველოს მტერია”, თურქეთის მიმართ პარტიის ანტიპათიების შემჩნევა გაცილებით მარტივია.

საერთო ჯამში კი, მისი დაკვირვებით, პოლიტიკური პარტიები ზოგადი დაპირებებით შემოიფარგლებიან ხოლმე როგორც საგარეო კურსის, ასევე, სამეზობლოსთან ურთიერთობის მიმართულებით. კარგი იქნებოდა, რეალისტური დაპირებები ყოფილიყო, – გვეუბნება კანაშვილი. მას არ ახსენდება წინასაარჩევნოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის აქცენტირება უშუალო მეზობელთან ურთიერთობაზე:

“ზოგადად, პარტიებს საჯარო სივრცეში სამეზობლოსთან დაკავშირებით არა აქვს დეკლარირებული პოზიციები. საგარეო პოლიტიკის ძირითადი სივრცე  საქართველოს პოლიტიკურ ველში დაკავებული აქვს რუსეთისა და დასავლეთის, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან შეწონვასა და დაპირისპირებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი