ახალი ამბები

ივანიშვილი: ელისაშვილი კარგი ჟურნალისტი იყო, მაგრამ ტყუილებით თავი გაინადგურა

15 სექტემბერი, 2016 • 1741
ივანიშვილი: ელისაშვილი კარგი ჟურნალისტი იყო, მაგრამ ტყუილებით თავი გაინადგურა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი არ იყო ცუდი ჟურნალისტი, მაგრამ ცრუ განცხადებებით საკუთარი თავი და იმიჯი თვითონ გაინადგურა. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა დღეს რაჭაში ისაუბრა.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებისა და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებები თანხვედრაში მოდის. ყოფილი პრემიერი მოუწოდებს რესპუბლიკელებს, არ დაემსგავსონ ალეკო ელისაშვილს.

“ვისურვებდი, უსუფაშვილი არ დაემგვანოს ელისაშვილს. წავიკითხე, რომ ივანიშვილი თურმე მთელ სახელმწიფო სტრუქტურებს ააქტიურებს, რომ როგორმე გავანადგურო ელისაშვილი. ახლა ეს სასაცილოდ არ ეყოფა არავის, მაგრამ ელისაშვილმა საკუთარი თავი თვითონ გაინადგურა პიროვნულად, ამდენი სიცრუით. ახლა ყურადღების მიღმა დარჩა და შემოაგდო ახალი ინტრიგა: არ ვიცი, ვინ მითხრა და რა მითხრაო, მაგრამ, აი, ასეაო, ამბობს. ის არ ასახელებს, ვინ რა უთხრა. ასეთ ზღაპრებს ყვება. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამ მიმართულებით განვითარდებიან “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები. რაღაც საოცარი თანხვედრა მოხდა, რომ თურმე უსუფაშვილმა მოძებნა კვირიკაშვილი და პრემიერობაზე უარი თქვა – სულ სიცრუეებს საუბრობს. ნუ გაუტოლდებიან ელისაშვილს, რომელიც არ იყო ცუდი ჟურნალისტი, მაგრამ ამდენი სიცრუით და ყალბი პათოსით საკუთარი იმიჯი გაინადგურა. ღმერთმა კარგად ამყოფოს ელისაშვილიც და საქართველოს მოსახლეობა, მე არავის მტერი არ ვარ. არავის ერთი გრამი ეჭვიც არ აქვს ელისაშვილის გამონათქვამებში. ნუ დაუახლოვდებიან ელისაშვილს, კიდევ ერთხელ შევახსენებდი ამას “რესპუბლიკელებს” იმიტომ, რომ ძალიან თანხვედრაშია მათი ცრუ განცხადებები,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მისი “განეიტრალების” დავალება გასცა. ამ განცხადების გამო ალეკო ელისაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოსაკითხად დაიბარეს.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ასევე განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილი ზღაპრებს ყვება, თითქოს მას პრემიერობა შესთავაზა, ხოლო სახელისუფლებო ცენტრის აწყობა რესპუბლიკელებზე სურდა. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა დღეს რაჭაში ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ 2015 წლის აპრილში, ირაკლი ღარიბაშილის ხელისუფლებაში ყოფნისას, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა პირადად მას შესთავაზა. ამავე დროს, უსუფაშვილის თქმით, საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ივანიშვილს სახელისუფლებო ცენტრის რესპუბლიკელებზე აწყობა სურდა, თუმცა ეს ყველაფერი არ გამოვიდა. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე უსუფაშვილმა ვრცლად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, სალომე ასათიანის ინტერVIEW-ში ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი