ახალი ამბები

ივანიშვილი: მტკნარი სიცრუეა, რომ უსუფაშვილი პრემიერი უნდა გამხდარიყო

15 სექტემბერი, 2016 • 1839
ივანიშვილი: მტკნარი სიცრუეა, რომ უსუფაშვილი პრემიერი უნდა გამხდარიყო

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დავით უსუფაშვილი ზღაპრებს ყვება, თითქოს მას პრემიერობა შესთავაზა, ხოლო სახელისუფლებო ცენტრის აწყობა რესპუბლიკელებზე სურდა. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა დღეს რაჭაში ისაუბრა.

როგორც ივანიშვილი აცხადებს, დავით უსუფაშვილს არც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ–მინისტრობად დანიშვნის შესახებ მიუცია მისთვის რჩევა, ხოლო შემდეგ ახალი პრემიერის მუშაობით აღფრთოვანებული იყო. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს პრობლემები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ გამოუცდელმა ღარიბაშვილმა უსუფაშვილს ყველა ბრძოლა მოუგო და უფრო ძლიერი ლიდერი/პოლიტიკოსი გამოდგა.

“მტკნარი სიცრუეა, რომ “რესპუბლიკური პარტია” უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ–მინისტრი. აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს კვირიკაშვილიც არის “მისი აღმოჩენა”. ერთადერთი, რასაც გავიხსენებდი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც ის გახდა პრემიერ–მინისტრი და დასაწყისიდან – ბოლომდე მისი მმართველობის განმავლობაში უსუფაშვილი იყო აღფრთოვანებული/გახარებული, რომ ასეთ ძლიერი პრემიერი იყო. უსუფაშვილს პრობლემები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან. ღარიბაშვილი ძალიან კარგი პრემიერ–მინისტრი იყო. უსუფაშვილს ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად “დაალაგებდა”. ღარიბაშვილმა უსუფაშვილს ყველა ბრძოლა მოუგო – უფრო ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი გამოდგა, თუმცა გამოუცდელი მოვიდა. უსუფაშვილმა ღარიბაშვილთან ვერაფერი მოახერხა, ვერაფერი გააწყო და გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა. რა თქმა უნდა, არავითარი კავშირშია, თითქოს მან კვირიკაშვილი მიკარნახა და ასეთ ზღაპრებს ყვება ამხელა კაცი… საოცრებაა,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ 2015 წლის აპრილში, ირაკლი ღარიბაშილის ხელისუფლებაში ყოფნისას, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა პირადად მას შესთავაზა. ამავე დროს, უსუფაშვილის თქმით, საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ივანიშვილს სახელისუფლებო ცენტრის რესპუბლიკელებზე აწყობა სურდა, თუმცა ეს ყველაფერი არ გამოვიდა. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე უსუფაშვილმა ვრცლად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, სალომე ასათიანის ინტერVIEW-ში ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი