ახალი ამბები

ომბუდსმენი ქრისტიან-დემოკრატების ჰომოფობიის წინააღმდეგ

22 მაისი, 2012 • • 1198
ომბუდსმენი ქრისტიან-დემოკრატების ჰომოფობიის წინააღმდეგ

2012 წლის 22 მაისს საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებმა“ წარმოადგინეს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას კონსტიტუციით აღიარებული რამდენიმე უფლებით სარგებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს საკანონმდებლო ინიციატივის ძალა ჯერ არ გააჩნია, გიორგი ტუღუშისთვის მიუღებელია მსგავსი ცვლილებების საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელება, რადგან, ომბუდსმენის აზრით, ის წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქალაქეთა მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს გამოვლენილ ნებასთან, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებში.

 

”შემოთავაზებულ ცვლილებებზე არანაკლებ შემაშფოთებლად მიმაჩნია საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და მისი წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც განმსჭვალული იყო ჰომოფობური სულისკვეთებით. სამწუხაროდ, მათ მიერ გაკეთებული განცხადებების ნაწილი შეიცავდა სიძულვილის ენას, რომელიც მიმაჩნია, რომ ხელს უწყობს საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულების წახალისებას, რაც სექსუალური უმცირესობების შეურაცხყოფისა და საზოგადოებიდან გარიყვის საფრთხეს ქმნის,” – მიაჩნია საქართველოს სახალხო დამცველს, ” -რამდენიმე დღის წინ, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელიც ჰომოსექსუალიზმს ,,გახრწნილობასთან, გარყვნილობასთან და გაუკუღმართებულ წესთან“ ათანაბრებს,  ხელს უწყობს საზოგადოებაში არასწორი სტერეოტიპების დამკვიდრებას და ახალისებს დისკრიმინაციას”.

 

ომბუდსმენის მოსაზრებით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საზოგადოების წინაშე არა მხოლოდ მანდატით ნაკისრი, არამედ მაღალი მორალური პასუხისმგებლობაც აკისრიათ. გიორგი ტუღუშს მიუღებლად მიაჩნია პარლამენტარების მხრიდან ისეთი გამონათქვამების გამოყენება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოების რომელიმე წევრს და მას წარმოაჩენს როგორც სხვა მოქალაქეთა არათანასწორს.

 

”მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ საქართველოს კონსტიტუცია ჩვენს სახელმწიფოში იყო და არის უპირველესი გარანტი თანასწორუფლებიანობისა. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, ცალკეულ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა მათ მიერ ან მათი მეშვეობით სამომავლოდ არ მოხდეს ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციული გამონათქვამებისა და სიძულვილის ენის ტირაჟირება,” – აცხადებს გიორგი ტუღუში.

 

”ქრისტიან დემოკრატებმა” მოამზადეს კანონპროექტი, რომლის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება უნდა შევიდეს, რომელიც “ქრისტიანული და საზოგადოებრივი მორალის” დაკანონებას შეეხება. 

 

”ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი პარლამენტის ტრიბუნიდან გამოეხმაურა 17 მაისს თბილისში ლგბტ აქტივისტების აქციას, რაც ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული დღესასწაულის აღნიშვნას ეხებოდა: 

 

გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

“ეს არის ძალიან შორს გამიზნული და მნიშვნელოვანი მოვლენის დასაწყისი, რომლის საბოლოო შედეგიც უნდა იყოს საქართველოში ჰომოსექსუალიზმის, მამათმავლობის, გახრწნილობის, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის მორალური და სამართლებრივი ლეგალიზაცია”, – აღნიშნა თარგამაძემ და იქვე დასძინა, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, მათი ჩაგვრის კუთხით, დიდი ხანია არანაირი პრობლემები არ აქვთ და ამ თვალსაზრისით არც საქართველოში განიცდიან ისინი რაიმე სახის სისხლის სამართლებრივ დევნას. 

 

”ქრისტიან-დემოკრატების” ამ ინიციატივას და განცხადებებს ”ჰომოფობური” უწოდა პარლამენტარმა პავლე კუბლაშვილმა და განაცხადა, რომ კანონმდებლობა ისე არ შეიცვლება, რომ შეიზღუდოს ლგტბ პირთა უფლებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი