ახალი ამბები

ჯეჯელავა სტუდენტების პროტესტზე: ბანკში რომ ემუშავა შარვაშიძეს, იტყოდნენ, ბანკირი რად გვინდაო

15 სექტემბერი, 2016 • 1716
ჯეჯელავა სტუდენტების პროტესტზე: ბანკში რომ ემუშავა შარვაშიძეს, იტყოდნენ, ბანკირი რად გვინდაო

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, თსუ–ში რექტორი აკადემიურმა საბჭომ უნდა დანიშნოს. მისი თქმით, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე და რექტორობის მსურველი გია შარვაშიძე, რომლის დანიშვნასაც სტუდენტების ნაწილი ეწინააღმდეგება, სერიოზული და გამოცდილი მენეჯერია.

„თვითნ უნივერსიტეტი ირჩევს თავის რექტორს და, შესაბამისად, ისინი შეძლებენ, რომ ღირსეული რექტორი აირჩიონ… საქართველოში ადამიანს თუ სადმე უმუშავია, ან იქნება ხელისუფლებაში ნამუშევარი, ან კომერციულ სექტორში, და თუ ვინმეს უნდა გაპროტესტება, გააპროტესტებს. ბანკში რომ ემუშავა ბატონ შარვაშიძეს, იტყოდნენ, ბანკირი რად გვინდაო; სკოლაში რომ ემუშავა, გვეტყოდნენ, სკოლის [თანამშრომელი] რად გვინდაო… ვფიქრობ, რომ [გია შარვაშიძე] ძალიან სერიოზული მენეჯერია, ძალიან კარგი გამოცდილებით,“ – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ თსუ-ის რექტორის არჩვენებში სარეგისტრაციოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 13 სექტემბერს მიმართა. მისი კანდიდატურა მას შემდეგ დარეგისტრირდება, რაც საარჩევნო კომისია განიხილავს მისი კანდიდატურის საკითხს. გია შარვაშიძის დანიშვნას ეწინააღმდეგება როგორც თსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობა, ასევე სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“.

თსუ–ის რექტორის არჩევნებში ასევე დარეგისტრირებულია ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე. თსუ-ის რექტორის არჩვენებში მონაწილეობა სურდა პაატა კერვალიშვილს, თუმცა  საარჩევნო კომისიამ ასაკობრივი შეზღუდვის გამო არ დაარეგისტრირა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობის დასაკავებლად მსურველთა განცხადებებს რეგისტრაცია 14 სექტემბერს დასრულდა. განცხადებებს აკადემიური საბჭო განიხილავს და ერთ–ერთ კანდიდატს 23 სექტემბერს აირჩევს.

2016 წლის 20 აპრილიდან თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულებ, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პაპავამ რექტორის თანამდებობა დატოვა. პაპავას გადადგომას წინ უძღოდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის შიმშილობა მისი გადადგომის მოთხოვნით და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის საპროტესტო აქციები უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის, უნივერსიტეტში სპეციალური უსაფრთხოების წარმომადგენლების, ასევე, თვითმმართველობის წინააღმდეგ და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით. თუმცა, როგორც თავად პაპავა ამბობს, მის გადაწყვეტილებაზე არც ერთი მხარის მოთხოვნებს არ მოუხდენია ზეგავლენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი