ახალი ამბები

კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამმართველოს უფროსი ქრთამის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს

14 სექტემბერი, 2016 • 1938
კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამმართველოს უფროსი ქრთამის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს

კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა დაკავებულია წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებით. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს შსს. შსს–ს ცნობით, დაკავებულია ასევე დეტექტივ–გამომძიებელი ზურაბ ჭ .

გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, მოქალაქე ჯ.ჯ. დააკავეს, ხოლო მასთან ერთად მყოფი მოქალაქე – ბ.უ. მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით ქუთაისში, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს შენობაში დაიბარეს.

“პოლიციის შენობაში ყოფნის დროს მოწმის სახით დაბარებულ ბ.უ.-ს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა შეხვდა, რომელმაც აღნიშნულ მოქალაქეს, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა.

მიმდინარე წლის აგვისტოში ქუთაისში, ბ.უ. შეხვდა გიორგი კაჭარავას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელ ზურაბ ჭ.-ს, რა დროსაც, გიორგი კაჭარავას მითითებით, ზურაბ ჭ.-ს მოთხოვნილი თანხის ნაწილი გადასცა.

ორი დღის შემდეგ ბ.უ. ისევ შეხვდა გიორგი კაჭარავას და ზურაბ ჭ.-ს, რომლებმაც პროკურატურის სახელით მისი ახლობლის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ჯ.ჯ.-სთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად, ოფიციალურად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი ჯარიმის სახით, 30 000 ლარი, ხოლო დამატებით, არაოფიციალურად, ქრთამი მოითხოვეს.

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გიორგი კაჭარავამ და ზურაბ ჭ.-მ ბ.უ.-ს გამოსძალეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხა, რა დროსაც ორივე მათგანი დააკავეს”, –ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თერთმეტიდან თხუთმეტი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი