ელისაშვილის ინფორმაციით, ივანიშვილი მას “განეიტრალებით” ემუქრება

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გასცა მისი “განეიტრალების” დავალება. ამ განცხადების გამო ელისაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოსაკითხად დაიბარეს.

“ძლივს დავისვენე ოჯახთან ერთად ზღვაზე 10 დღე და ჩამოსვლისთანავე ყველა მხრიდან მითვლიან, რომ დიდი საფრთხის ქვეშ ვარ, რომ რაღაცას მიმზადებენ, რომ თვით ბატონი ბიძინას დავალებაა, რომ მე რაღაც დამმართონ და გამანეიტრალონ. ამას მითვლიან ოცნებიდან, შსს-დან, უშიშროებიდან ნაცნობ-უცნობები, ახლობელ-ნაკლებახლობლები. მირჩევენ ვიარო ფრთხილად … თავის მოკვლას არ ვაპირებ, შანსი არაა – თუ ასე გამოაცხადეს GDS-მა და სხვებმა, ეს ნიშნავს, რომ  ეგ იყო გეგმა და არ დაიჯეროთ. დანარჩენზე კიდე მეცინება. ჩემს ქალაქში ფეხისწვერებზე სიარულს არ ვაპირებ, დავდიოდი და ვივლი ფეხით, თამამად და გულიანად,” – წერს ალეკო ელისაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ელისაშვილის თქმით, მან მოიკითხა, თუ რას ნიშნავს განეიტრალება, თუმცა პასუხი ვერ მიიღო:

“მეუბნებოდნენ, არ ვიცით, რას ნიშნავს განეიტრალებაო. ბოლოს ძალიან სერიოზულმა და ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანმა გამომიგზავნა შუამავალი, არ მინდა მისი დასახელება, არ მინდა მძიმე დღეში ჩავაგდო, ამ მთავრობის წარმომადგენელია.”

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას საგამოძიებო ორგანოებიდან არავინ დაკავშირებია:

“პროკურატურიდან არავინ დამკავშირებია. მე თვითონ არც ჩავთვალე საჭიროდ, რომ მივიდე, რადგან მთელი ზაფხული პროკურატურაში დავდიოდი ხეების მოჭრასთან დაკავშირებით და ყურს არაფერზე იბერტყავენ. თვითონ არ დამკავშირებიან, თუ დამიკავშირდებიან, მივალ ზრდილობისა და კანონის პატივისცემის ხათრით, ” – აღნიშნავს ელისაშვილი.


 

  • ალეკო ელისაშვილმა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ პირველად საკუთარ ფეისბუკის გვერდზე 2015 წლის 7 დეკემბერს დაწერა; მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებაზე ისაუბრეს.
  • პროკურატურამ საქმეზე გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 339–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი)
  • როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ელისაშვილი საუბრობდა, რომ “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულთა შეწყალების სანაცვლოდ პოლიტიკოსებს წინასწარ აღებული ჰქონდათ 200 ათასი დოლარი და კიდევ 1.5 მილიონი უნდა აეღოთ.
  • 22 დეკემბერს ელისაშვილმა დააკონკრეტა, რომ მისგან  “კოკაინის საქმის”ფიგურანტების შეწყალებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ითხოვდნენ.
  • “კოკაინის საქმის” ფიგურანტები კი კატეგორიულად უარყოფენ, რომ პოლიტიკოსებს ფული გადაუხადეს.
  • ელისაშვილის მტკიცებით, 2014 წელს, როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე უამბო როგორც პრეზიდენტს, ასევე მაშინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს.
  • გიორგი გოგაძე, რომელიც ახლაც თანამდებობაზეა, ამბობს, რომ პოლიტიოსების მხრიდან ზეწოლის საკითხზე ელისაშვილს მასთან არასოდეს უსაუბრია.
  • პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით კი, პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ელისაშვილმა მართლაც წააკითხა მესიჯები, სადაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
  • პროკურატურა კი აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის მესიჯები ელისაშვილის მობილურზე არ აღმოჩნდა. მობილური ექსპერტიზაზე გაგზავნეს.
  • ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ ელისაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლეს.
  • 2016 წლის 18 მარტს პროკურატურამ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ ელისაშვილის მიერ დასახელებული ფაქტები არ დადასტურდა.

 

ხეების მოჭრა დაიწყეს 17 აგვისტოს ყაზბეგის ქუჩაზე, რომელსაც დილიდან გარემოსდამცველების პროტესტი მოჰყვა – პარტიზანი მებაღეები და თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, აცხადებდნენ, რომ საბურთალოზე საღ ხეებს ჭრიან. 19  აგვისტოს პროკურატურამ ამ თემაზე ალეკო ელისაშვილი და პარტიზანი მებაღეები დაკითხა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.