ახალი ამბები

ალექსანდრე ჯეჯელავა: სამინისტრო სკოლაში ბულინგსა და სხვა პრობლემებს აგვარებს

14 სექტემბერი, 2016 • 2940
ალექსანდრე ჯეჯელავა: სამინისტრო სკოლაში ბულინგსა და სხვა პრობლემებს აგვარებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სამინისტრო სკოლაში ბულინგის, ინფრასტრუქტურისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოების საკითხს აგვარებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ მოსწავლეებს უხარიათ სასკოლო წლის დაწყება და სამინისტროც გახარებული ხვდება ამას.

ახალ სასწავლო წელს ვხვდებით გახარებულები. პირველ რიგში, გვიხარია, რომ სკოლაში მეტი პირველკლასელი მიდის. ნაწილობრივ ეს 5 წლის ბავშვების სკოლაში შეყვანის შეზღუდვამაც გამოიწვია, თუმცა ამის გარეშეც რომ ნახოთ, ბევრი ბავშვია და ეს არის ძალიან სასიხარულო.

განათლების მინისტრის ამბობს, რომ ასვე გახარებულია გაუმჯობესებული და ზოგან გადასარევი ინფრასტრუქტურით, დროულად დარიგებული სახელმძღვანელოებით და მოსწავლეების კომპიუტერებით:

“ძალიან ბევრ ადგილას ახალ სასწავლო წელს ვხვდებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, ზოგან გადასარევი ინფრასტრუქტურით. შემდეგ მოგიწვევთ, მობრძანდით და გაჩვენებთ აუცილებლად. მათ შორის, ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით რეაბილიტირებული სკოლები აბსოლუტურად ფანტასტიკურია, დაუჯერებელია და ე.ი. მოგინდებათ სკოლაში დაბრუნება. ასევე, ახალ სასწავლო წელს ვხვდებით ძალიან დროულად, ოპერატიულად დარიგებული სახელმძღვანელოებით და მოსწავლეების კომპიუტერებით. ამისთვის ალბათ სკოლებსაც და რესურსცენტრებსაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ისევე, როგორც სამინისტროს თანამშრომლებს.”

ალექსანდრე ჯეჯელავა იმედოვნებს, რომ ახალ სასკოლო წელს ვხვდებით უფრო მოტივირებული, დამშვიდებული და დაწყნარებული მასწავლებლებით. მისი თქმით, პედაგოგების გამოცდას, ჩაჭრას და გაყრას არავინ აპირებს.

დარწმუნებული ვარ, ისინი ახალი ენერგიით შეუდგებიან მუშაობას თავანთ მოსწავლეებთან. ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ მასწავლებლებსაც, მოსწავლეებსაც, მშობლებსაც ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

მინისტრის განცხადებით, მოსწავლეები უფასო სახელმძღვანელოების შერეულ კომპლექტს მიიღებენ, რომელთა დაახლოებით 30% ახალი, ხოლო დაახლოებით 70% მეორადი, 2-3 წლის წინანდელი წიგნები იქნება. რაც შეეხება ძალიან დაზიანებულ წიგნებს, მისი თქმით, ისინი მოხმარებიდან ამოღებულია. როგორც ჯეჯელავას ამბობს, წესით, ძალიან დაზიანებული წიგნები არც ერთ მოსწავლეს შეხვდება, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ასეთი მაგალითები იყოს.

სოციალურ ქსელში სკოლების საწინააღმდეგო არაერთი გვერდი და ჯგუფია შექმნილი, რომლებსაც ათასობით ახალგაზრდა იწონებს. ხშირად მოსწავლეები საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დადიან სკოლებში და ზოგიერთ მათგანში სკოლა სადამსჯელო დაწესებულებასთანაც კი ასოცირდება. ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რა იწვევს მოსწავლეებში ნეგატიურ დამოკიდებულებას და როგორ ხედავს განათლების სამინისტრო ამ პრობლემის გადაჭრის გზებს, ალექსანდრე ჯეჯელავა პასუხობს:

“ძალიან რთულია ფეისბუკში მოწონებებით რამეზე მსჯელობა. მე არ ვიცნობ ამ ინფორმაციას და ძნელია [საუბარი]. რა თქმა უნდა, სისტემა შესაცვლელი და განსავითარებელია, თუმცა მე ფეისბუკზე ნეგატიური გვერდების მოწონებას ამას პირდაპირ არ ვუკავშირებ. ეს რაღაც თვითგამოვლენის მეთოდია. ასევე, სიძულვილის გვერდები არის პოლიტიკოსებზე და ა.შ. განათლების სამინისტრო ფიქრობს, რომ ბავშვებს სკოლაში უნდათ სწავლა. ვფიქრობთ, ყველა პრობელმა, რაც ახლა არის – ბულინგის პრობლემასაც, ინფრასტრუქტურის პრობელმასაც, მასწავლებლების სახელმძღვანელოებსაც ვაგვარებთ და მთლიანობაში ჩვენი განათლების სისტემა, მათ შორის, სასკოლო სისტემა არის რეგიონში ერთ–ერთი კარგი და დროთა განმავლობაში იქნება საუკეთესო.”

ნეტგაზეთზე დღეს გამოქვეყნდა ინტერვიუ მაია ცირამუასთან, სადაც ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვზე ორიენტირებული სკოლა შეიძლება იყოს ყველაზე მთავარი გამოწვევა თანამედროვე განათლების სისტემის, თუ როგორ გავხადოთ სასწავლო პროცესი ბავშვებისთვის საინტერესო. ცირამუა სასკოლო სისტემის ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს სისტემა არის დასანგრევი და თავიდან ასაშენებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი