ახალი ამბები

მოიწამლნენ თუ არა თბილისში ადამიანები? – ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტის განმარტება

14 სექტემბერი, 2016 • 1353
მოიწამლნენ თუ არა თბილისში ადამიანები? – ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტის განმარტება

სასწრაფო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ დღეს, 14 სექტემბერს, თბილისში მომატებული გაზის სუნთან დაკავშირებით თავის ტკივილის, პირღებინებისა და ყელის ტკივილის ჩივილებით სასწრაფოს ეკიპაჟი 15-მა ადამიანმა გამოიძახა. როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, 15-დან 11 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს:

“ოთხმა უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე და 11 გადავიყვანეთ ამ ჩივილებით”.

თბილისის მოსახლეობა დილიდან გაზის საგრძნობად მომატებული სუნის შესახებ საუბრობს, თუმცა “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. სასწრაფო დახმარების სამსახურში ვერ ამბობენ, დადგინდა თუ არა ზემოხსენებულ 11 შემთხვევაზე მოწამვლის ფაქტი. სასწრაფომ 11 ადამიანი სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილა.

“ინსტოქსიკაცია იყო, ცოტა იოლი ფორმა”, – ასე გვიპასუხა ბლექველის ჰოსპიტალში ოპერატორმა თავდაპირველად, თუმცა შემდეგ გვითხრა, რომ მოგვიანებით დაგვერეკა. ამის შემდეგ კლინიკაში გვითხრეს, რომ მათ ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ და მხოლოდ “ერთს გვეტყვიან: პაციენტები გაწერილები არიან ბინაზე”.

ნიუ ჰოსპიტალში გვითხრეს, რომ მოწამვლის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ღუდუშაურის კლინიკაში კი განგვიცხადეს, რომ ერთ ქალბატონს დაუდგინდა ინტოქსიკაციის ძალიან მსუბუქი ფორმა და მალევე გაწერეს ბინაზე, “მაგრამ ტოქსიკოლოგის დიაგნოაზში გამოტანილი არ არის ის, რომ ეს მაინცდმაინც გაზით მოწამვლაა”.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში (ვაკე, წყნეთი) დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი, რაც გამოწვეული იყო გაზის ჭარბი ოდორიზების გამო.

“აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ამ ეტაპზე არანაირი ტექნიკური პრობლემა აღარ არსებობს. ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მისაცემად, რათა მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წამოადგენს.. შექმნილ მდგომარეობაზე შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ბოდიშს უხდის მოსახლეობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტმა-ტოქსიკოლოგმა თემურ კობიძემ გვითხრა, რომ მომხდარი მოსახლეობის საფრთხის შემცველი არ არის:

“მართალია, იყო 11 ავადმყოფი, 4 მათგანი მე პირადად ვნახე და დანარჩენების შესახებაც საქმის კურსში ვარ. ბუნებრივი აირი, რომელსაც საყოფაცხოვრებოდ ვიყენებთ, არის უსუნო და უგემო, ამიტომ ქალაქის ქსელში შეგნებულად ამატებენ ოდორანტებს იმისათვის, რომ სუნმა მიიპყროს ყურადღება.  ღია ცის ქვეშ გახსნილი ვენტილაციის პიორბებში ისინი არავითარ ინტოქსიკაციას არ იწვევს. დახურულ ოთახში თუ დაგროვდა დიდი რაოდნეობით, შესაძლებელია გამოიწვიოს კონტაქტის ეფექტი, არა მოწამვლა, არამედ კონტაქტის ეფექტი, რაც შეიძლება გამოიხატოს სასუნთქი გზების გაღიზიანებაში, არტერიული წნევის მომატებაში. რამდენიმე თეორია არსებობს, რომლის მიხედვითაც [ოდორანტების] დიდი რაოდენობით, ზემაღალი კონცენტრაციის დროს ისინი ჟანგაბდს გამოდევნიან და ეს არის ადამიანის ბუნებრივი რეაქცია ჟანგაბდის ნაკლებობაზე. სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანში შეიძლება უფრო გახანგრძლივდეს ეს პროცესი, მაგრამ საშუალოდ 3-4 საათში ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ხდება და მათ ბინაზე წერენ”, – განუცხადა ნეტგაზეთს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი