ახალი ამბები

GNCC-ის განმარტება ივანიშვილის მონაწილეობით GDS-ის გადაცემაზე

14 სექტემბერი, 2016 • 1319
GNCC-ის განმარტება ივანიშვილის მონაწილეობით GDS-ის გადაცემაზე

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ტელეკომპანია GDS-ზე გასული გადაცემათა ციკლის შესახებ [ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით] განცხადებას ავრცელებს. კომისია აცხადებს, რომ ამ გადაცემით მაუწყებელთა ქცევის კოდექსი არ დარღვეულა:

“აღვნიშნავთ, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 23– მუხლი განსაზღვრავს მაუწყებლის წინასაარჩევნო პერიოდში ქცევის წესს, რომლის დროსაც მაუწყებელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს მკაფიოდ გამიჯნოს მოქმედი სახელმწიფო მოხელის მიერ საჯარო/სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულება მისი კერძო პარტიული/წინასაარჩევნო საქმიანობისაგან. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 23–ე მუხლის მე–9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ აქვს”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მარეგულირებელმა კომისიამ განცხადება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების საპასუხოდ გაავრცელა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის გადაცემა მარეგულირებელმა კომისიამ უნდა შეისწავლოს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „გადაცემის ფორმატი ანონსიდანვე გულისხმობდა მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას. ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ გადაცემების ციკლში ბიძინა ივანიშვილი, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრებს, თუ რატომ არ ჰყავს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა“. ასევე, ანონსში დემონსტრირებულია „ქართული ოცნების“ ნომერი და სიმბოლიკა.

აღნიშნულის საპასუხოდ, კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტს იშველიებს და აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა მკაფიოდ განმარტავს, რომ მაუწყებლის მიერ საკუთარი პროგრამის ანონსის სამაუწყებლო ბადეში განთავსება არ უნდა ჩაითვალოს რეკლამად, მათ შორის პოლიტიკურ წინასაარჩევნო რეკლამად.

“რაც შეეხება „პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას“, აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აგატიციის ნიშნებით ხასიათდება არა მხოლოდ საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამები, არამედ გასართობი და იუმორისტული გადაცემები, მხატვრული თუ ანიმაციური ფილმები და სხვა. ამ გარემოების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლობის შინაარსობრივი რეგულირების საკითხი განსაკუთრებული სიფრთხილის საგანია, მით უფრო, რომ შინაარსობრივი რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩო, პრაქტიკულად, არ არსებობს. როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაუწყებელი სარგებლობს სარედაქციო დამოუკიდებლობით, კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ცენზურა აკრძალულია. მოქმედი სამართლებრივი ნორმებით მაუწყებლის საქმიანობის შინაარსობრივი რეგულაციების შეუსრულებლობა არ შეიძლება კომისიის, მეტიც, სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი