ახალი ამბები

როგორ გეგმავენ პარტიები დასაქმების პრობლემის გადაჭრას

7 ოქტომბერი, 2016 • 3330
როგორ გეგმავენ პარტიები დასაქმების პრობლემის გადაჭრას

ნიდერლანდების საელჩოს პროექტის, NIMD-ის ფარგლებში შექმნილი ვებ-გვერდის, Partiebi.ge-ის განახლებული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია. საიტზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 6 პარტიის პოზიციაა წარმოდგენილი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პლატფორმა საშუალებას იძლევა, ერთმანეთს შეადაროთ ცალკეული პოლიტიკური პარტიების ხედვები.

პროგრამულ გეგმებზე კითხვარი არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას გაეგზავნა, თუმცა NIMD-მა პასუხები მხოლოდ რამდენიმე მათგანისგან მიიღო. როგორც ნიდერლანდების ინსტიტუტის, “მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძე აცხადებს, დაახლოებით 3 კვირა მისცეს თითოეულ საარჩევნო სუბიექტს 29 საკითხთან დაკავშირებით მაქსიმუმ 250-სიტყვიანი პასუხის მოსამზადებლად, ინსტიტუტთან თანამშრომლობა კი მხოლოდ 6-მა მათგანმა გადაწყვიტა: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, უსუფაშვილი – რესპუბლიკელები, ზვიადის გზა – უფლის სახელით და დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტუტიტისა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) 2016 წლის ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა (57%) მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილები კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია. ამიტომ კითხვარის ერთ-ერთი თემა სწორე დასაქმება და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გზებია. ნეტგაზეთი Partebi.ge-ის მონაცემებზე დაყრდონობით, გთავაზობთ ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის ხედვას ამ საკითხთან დაკავშირებით:

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო

[checklist]

  • პროფესიული განათლების რეფორმა
  • მოგების გადასახადის რეფორმა
  • ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტი

[/checklist]

მმართველი პარტია შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესწავლის შემდეგ შესაბამისი პროფესიული განათლების პროგრამების განვითარებას გეგმავს. პარტია შეიმუშავებს ქვეყნის განვითარების ინდუსტრიულ დოკუმენტს, რომელიც მათი განცხადებით, ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

პარტია ამომრჩეველს, ჯამში, 200 000 სამუშაო ადგილის შემქმნას ჰპირდება. აქედან 50 000 სამუშაო ადგილს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული ბიზნესი შემქნის, 40 000-ს – ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შედეგად გაზრდილი წარმოება, 50 000-ს ინფრასტრუქტურული საშუშაოები – გზების, ავტობანისა და სხვა სამშენებლო პროექტები, 10 000 ადგილი შეიქმნება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით, დამატებით 50 000 კი, ტურიზმის სექტორში.

პარტიისათვის 4 წლის წინაც პრიორიტეტული იყო სამუშაო კვალიფიკაციის ამაღლება და ბიზნესისათვის ხელშეწყობა დასაქმების კოეფიციენტის გასაზრდელად. საარჩევნო პროგრამის დიდ ნაწილს კი შრომითი უფლებების გაუმჯობესება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება წარმოადგენდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

[checklist]

  • საგადასახადო ამნისტია
  • 500,000 ლარამდე გადასახადებისგან თავის არიდების დეკრიმინალიზაცია
  • საშემოსავლო გადასახადს 15%-მდე შემცირება

[/checklist]

“უმუშევრობის დასაძლევად ენმ მოახდენს ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაციას,” – ვკითხულობთ ენმ-ის საარჩევნო პროგრამაში. პარტიაში უმუშევრობის დაძლევის ერთადერთ წინაპირობად კი მხოლოდ კერძო სექტორის განვითარება მიაჩნიათ.

სხვადასხვა საგადასახადო რეგულაციის ცვლილებით 2017 წელსვე პარტია არანაკლებ 45,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება ამომრჩეველს. პარტიის საარჩევნო პროგრამის თანახმად, ბიზნესისა და მოქალაქეებისათვის მსგავსი სახსრების დატოვების შედეგად, ყოველწლიურად 30,000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნაა მოსალოდნელი.

2012 წელს ნაციონალური მოძრაობა დასაქმების სახელმწიფო სამინისტროს დაარსების ინიციატივით გამოდიოდა, რომელსაც უმუშევართა და დამსაქმებელთა რეესტრი უნდა ეწარმოებინა. ენმ ასევე ბიზნესგარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობდა და პროფესიული განათლების სისტემის დანერგვას გეგმავდა.

უსუფაშვილი – რესპუბლიკელები

[checklist]

  • უმუშევართა აღრიცხვის საინფორმაციო ბანკი
  • შრომითი დავების მოგვარების ახალი მექანიზმები
  • სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის სისტემა

[/checklist]

მოქალაქეთა დასაქმების მხრივ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობენ რესპუბლიკურ პარტიაშიც. რესპუბლიკელებისათვის შრომითი კანონმდებლობის დახვეწა და მისი ევროპულ სტანდარტებთან მიყვანა კვლავ დღის წესრიგში დგას.

გუნდი უმუშევართა აღრიცხვის საინფორმაციო ბანკის შექმნასაც გეგმავს, რათა შესაძლებელი გახდეს დასაქმების მსურველებისთვის ადეკვატური სამუშაოს შეთავაზება; ასევე შეიქმნება შრომითი დავების მოგვარების ახალი მექანიზმები;

2012 წელს რესპუბლიკური პარტია, როგორც ქართული ოცნების კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტი, ერთობლივი საარჩევნო პროგრამით წარდგა არჩევნებზე.

ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა

[checklist]

  • უმუშევართათვის ექვსთვიანი შემწეობის პროგრამა

[/checklist]

ეკონომიკური სიძლიერე და, შესაბამისად, უმუშევრობის პრობლემის დაძლევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე ძნელად წარმოუდგენიათ ნინო ბურჯანაძის გუნდში.

“შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკის სრულფასოვანი განვითარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. მაგალითისთვის, საბჭოთა წლებში, მხოლოდ აფხაზეთში ყოველწლიურად 6 მილიონი ტურისტი ჩამოდიოდა, როცა დღეს დანარჩენ საქართველოში მხოლოდ ორი მილიონი ადამიანი ჩამოდის. იგივეს თქმა შეიძლება საწარმოო საშუალებებსა და სასარგებლო წიაღისეულზე, საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინფრასტრუქტურაზე. საქართველოს უბლოკო სტატუსის ინიციატივის ერთ-ერთ მოტივს სწორედ ეკონომიკური განვითარება და სრულფასოვანი სატრანსპორტო სისტემის აღდგენა-შექმნა წარმოადგენს,” – აცხადებენ პარტიაში.

პარტიიაში უმუშევართათვის ექვსთვიანი შემწეობის დაწესებას გეგმავენ.

ბაზაში არ მოიძებნება პარტიის 2012 წლის საარჩევნო პროგრამა, რადგან წინა ჯერზე პარტიამ კითხვარი არ შეავსო.

მასალების გადაბეჭდვის წესი