ახალი ამბები

გვარამიას განცხადებით, მისი და ბურჭულაძის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია

14 სექტემბერი, 2016 • 2552
გვარამიას განცხადებით, მისი და ბურჭულაძის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია

ნიკა გვარმიას განცხადებით, მისი და პაატა ბურჭულაძის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია. რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორის თქმით, ბურჭულაძემ სატელეფონო საუბრისას არაერთხელ ახსენა, რომ არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, რაც აუდიოჩანაწერიდან ამოღებულია.

“მე არ მომისმენია თავიდან ბოლომდე ეს ჩანაწერი. ბატონმა პაატამ მითხრა, რომ არ არის ის მომენტი, როდესაც გეუბნები, რომ “მე არც სააკაშვილის ვარ და არც ივანიშვილის. შესაბამისად, არ ვიწონებ, თუ ეს [ქართულ ოცნებასთან კოალიცია] ნამდვილად თქვა მეგრელიშვილმა და ხომ დაადასტურებ ამასო. მე ნამდვილად ვადასტურებ იმიტომ, რომ ბატონმა პაატამ ეს არაერთხელ გაიმეორა ჩვენი სატელეფონო საუბრისას. ამას დანამდვილებით ვამბობ. ეს ნამდვილად იყო ამ საუბარში. მე არ მისმენია ამ საუბრისთვის და ვენდობი ბატონ პაატას, თუ ამ საუბარში ახლა ეს არ არის, უკანონოდ ჩაწერასა და გამოქვეყნებასთან ერთად, დამონტაჟებულიც არის. ვის ინტერესში შედის ეს ყველაფერი? თავისთავად ცხადია იმის, ვისაც უნდა აჩვენოს, რომ პაატა ბურჭულაძე არის რუსთავი 2–თან დაკავშირებული და მე ვმართავ მას. ვინ არის ძალა, ვის ინტერესშიც ეს შედის? ძალიან მარტივია ამაზე პასუხი – ასეთი ძალა საქართველოში ერთადერთია და ეს არის ხელისუფლება,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

დღეს ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერი ატვირთულია georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ იუთუბ არხზე. უშუალოდ ვებ-გვერდზე georgia-news.org აღნიშნულია, რომ ის შექმნილია ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლებიც მუშაობენ რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი