ახალი ამბები

გიგაური აუდიოჩანაწერის გავრცელებაზე: პირველი ეჭვი რაზეც ჩნდება, არის სპეცსამსახურები

14 სექტემბერი, 2016 • 1544
გიგაური აუდიოჩანაწერის გავრცელებაზე: პირველი ეჭვი რაზეც ჩნდება, არის სპეცსამსახურები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, გვარამია-ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერების გავრცელება მიუთითებს, რომ პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ფარული ჩანაწერების გამოყენებით ბრძოლა საქართველოში კვლავ ძალიან დიდი პრობლემაა.

ამის შესახებ ეკა გიგაურმა ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

“ნამდვილად არ ვიცი ზუსტად, ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერები, თუმცა, პირველი ეჭვი, რაზეც გიჩნდება, არის, რა თქმა უნდა, სპეცსამსახურები იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამდენი წლის განმავლობაში მათ ვერ მოახერხეს იმ ძველი სისტემის შეცვლა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელიც იყო ძალიან საგანგაშო 2012 წლის არჩევნების შემდეგ. ერთის მხრივ, მმართველი პარტია თავიანთ პოლიტიკურ განცხადებებში ამბობდნენ, რომ მათ უნდა შეცვალონ ეს სისტემა და ერთ–ერთი მათი დაპირება იყო ეს, როდესაც ისინი მოდიოდნენ ხელისუფლებაში. მეორეს მხრივ, არაფერი გაკეთბულა იმისთვის, რომ მოსახლეობას გაჩენოდა ნდობა სპეცსამსახურებთან მიმართებაში. დღეს, ფაქტობრივად, ამ ჩანაწერების გავრცელებით ხდება ადამიანის ემოციებით მანიპულაცია.  ამ ჩანაწერსაც რომ შევხედოთ, ყველაფერი, რაზეც არის საუბარი, დაწერილია სოციალურ ქსელში და ახალი არაფერია. თუმცა, ცხადია, მიზანი არის ის, რომ კონკრეტულ პირებზე კონკრეტული წარმოდგენები შექმნოდა საზოგადოებას. სამწუხარო და აღმაშფოთებელია, რომ ეს ყველაფერი ხდება წინასაარჩევნო პერიოდში,”- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, ჩანაწერების გამოქვეყნება გაგრძელდეს არჩევნებამდე დარჩენილ დროში, გიგაური პასუხობს, რომ არაფერის გამორიცხვა არ შეიძლება:

“ადამიანები, რომელბიც აქამდეც ჩადიოდნენ ამ დანაშაულს, არიან დაუსჯელები. ანუ, მათ არ ეშინიათ სახელმწიფოსი, ან ეს არის თვითონ სახელმწიფო. იმიტომ ჩნდება ეს ეჭვი, რომ არავინ ისჯება და ეს ხალხი შესაძლოა დაკავშირებული იყოს სახელმწიფოსთან და იმ ორგანოებთან, რომლებსაც აქვთ პირდაპირი წვდომა ასეთ ჩანაწერებთან. აქედან გამომდინარე, არაფერია გამორიცხული და ეს იქნება ძალიან ცუდი შემადგენელი წინასაარჩევნო პერიოდის. რა თქმა უნდა, ამას მოყვება ძალიან უარყოფითი შეფასება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების მხრიდან. ჩვენც ცალსახად ამას ძალიან უარყოფიდათ შევაფასებთ,”- განაცხადა გიგაურმა.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, ეფექტური გამოძიება ჩატარდეს როგორ დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერზე, ასევე ძველ შემთხვევებზეც:

“ზოგეირთ შემთხვევაში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, მაგრამ ესენი იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებლები. მაგალითად, გამოძიებას არ უთქვამს და არ დაუდგენია, ვინ იდგა არქივების უკან, ვინ იძლეოდა ბრძანებას და შესაბამისად, რამდენად სისტემური იყო. ცხადია, ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფოს არ აქვს სურვილი, რომ სამაგალითოდ დასაჯოს ის ადამიანები, რომლებიც ამ უკანონობას ჩადიოდნენ. მეორეს მხრივ, ცხადია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საკანონმდებლო ბაზის და ზოგადად სისტემის შეცვლა, თუმცა არაფერი გაკეთბულა. ზუსტად ამიტომ ჩვენ ვიღებთ ახლა ამ შედეგს. აქედან გამომდინარე, პირველი რეაქცია, რაც აქვს საზგადგოებას, არის ის, რომ ისინი ხელს იშვერენ ხელისუფლების მიმართულებით და ეს არის სწორი იმიტომ, რომ ხელისუფლებამ თავისი გასაკეთბელი ვერ გააკეთა,”- ამბობს ეკა გიგაური.

სატელეფონო საუბარი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, 8 სექტემბერს შედგა, დღეს, 14 სექტემბერს ერთ-ერთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ნიკა გვარამია და ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლები არ უარყოფენ ჩანაწერის ავთენტურობას, თუმცა, გამორიცხავენ, რომ ეს მასალა თავად გაავრცელეს. ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობაზე მიუთითებენ. თავად სუს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

შსს-მ გამოძიება გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით).

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი