ახალი ამბები

როგორ აპირებენ პარტიები ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას

7 ოქტომბერი, 2016 • 1435
როგორ აპირებენ პარტიები ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას

ფარული მიყურადებისა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული საკითხები პრობლემატური იყო წინა ხელისუფლების დროს და პრობლემად რჩება დღესაც. როგორ აპირებენ პოლიტიკური პარტიები ამ პრობლემის მოგვარებას იმ შემთხვევაში, თუკი ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებენ? – პარტიების ხედვები ამ საკითხებზე NIMD-მა შეაგროვა და გამოაქვეყნა ამომრჩევლის ინფორმირებულებისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე partiebi.ge.

ქართული ოცნება

მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” პირობას დებს, რომ კიდევ უფრო დაიხვეწება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და ზედამხედველობის სისტემა.

გაგრძელდება შიდა და გარე კონტროლის მექანიზმების განვითარება, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღინისძიებათა განხორციელებისას უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას უფრო მაღალი სტანდარტით და მინიმუმამდე დაიყვანს ხელისუფლების მხრიდან პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის ბოროტად გამოყენების რისკს; აღნიშნული ცვლილილებები განხორციელდება იმგვარად, რომ დაცული იყოს გონივრული ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და ქვეყნისა და ადამიანების უსაფრთხოების ინტერესებს შორის; განხორციელდება ქმედითი ღონისძიებები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად”, – ასეთია “ქართული ოცნების” ხედვა, რომლის მმართველობის ოთხწლიან პერიოდში ვერ მოხერხდა ფარულ თვალთვალთან დაკაშვირებით ე.წ. გასაღების საკითხის ისე გადაწყვეტა, რომელიც ნაკლებ ბერკეტს მისცემს უსაფრთხოების სამსახურს, განახორციელოს უკანონო თვალთავლი და მიყურადება მოქალაქეებზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ცხრაწლიან პერიოდში შეიქმნა ათიათასობით ფაილი, რომლებიც ასახავდა პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, აქტივისტების, სხვა პირების უკანონო თვალთვალს. ენმ-ის ხედვა, თუ როგორ აპირებენ ისინი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას, ასეთია:

[checklist]

  • 2017 წლიდან ჩვენ გავაუქმებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს). შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იმოქმედებს კონტრ-დაზვერვისა და ანტიტერორისტული დეპარტამენტები ამომწურავად გაწერილი ფუნქციებით, ხოლო „პოლიტიკური პოლიცია” ჩაბარდება წარსულს;
  • უკანონო ფარული მიყურადების შემთხვევებისა და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის გამორიცხვის მიზნით, ჩვენ 2017 წლის იანვრამდე შევქმნით სამართალდამცავი ორგანოებისგან დამოუკიდებელ და საგამოძიებო ფუნქციის არმქონე ტექნიკურ სამსახურს. შესაბამისად, კანონმდებლობით დაშვებულ შემთხვევებში, ფარული მიყურადება განხორციელდება მხოლოდ ამ სამსახურის მიერ;
  • ჩვენ აღვადგენთ დანაშაულის რეგისტრაციის სისტემას და პოლიციელს აღარ მოეთხოვება დაბალი სტატისტიკის ჩვენების მიზნით მისი გაყალბება და დანაშაულის დამალვა;
  • ჩვენ პროკურატურას ჩამოვაშორებთ საგამოძიებო ფუნქციას, რითაც შევქმნით მისი გაწონასწორების მექანიზმს;
  • ჩვენ ავამოქმედებთ მთავარი პროკურორის შერჩევის ახალ, გამჭვირვალე წესს, რაც ხელს შეუწყობს  პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდას;
  • ჩვენ გავაფართოებთ ადვოკატების უფლებებს სამართალწარმოების პროცესში, პირველ რიგში, მტკიცებულებების მოპოვების კუთხით;
  • თავისუფლების აღკვეთის და შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებების დაცვაზე კონტროლის გასაძლიერებლად შევქმნით დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს, პარლამენტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით;
  • სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში, აგრეთვე დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებულ ვიდეოკამერებზე პირდაპირი წვდომა ექნება სახალხო დამცველს, აგრეთვე, პარლამენტის ნდობის ჯგუფს, რომელშიც ფართოდ იქნება წარმოდგენილი პოლიტიკური ოპოზიცია;
  • ჩვენ გავზრდით პატიმრების უფლებებს. მათ მიეცემათ თანამედროვე ტექნოლოგიებით (პერსონალური კომპიუტერი, ტაბლეტი, ელ-რიდერი) სარგებლობის უფლება, აგრეთვე გაიზრდება ოჯახთან პაემნების რაოდენობა, ასევე დავნერგავთ პატიმრის ხანმოკლე შვეულების უფლებას. დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში პატიმარზე ზემოქმედების ეფექტური საშუალება იქნება აღნიშნული უფლებების შეზღუდვა;
  • ჩვენ შემოვიღებთ წესს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის დეპუტატს უფლება ექნება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეზღუდვის გარეშე, შიდა რეგულაციების დაცვით, დაუბრკოლებლად შევიდეს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის ციხეებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში.

[/checklist]

რესპუბლიკური პარტია

ფარული მიყურადების საკითხზე თავისი ხედვები წარმოადგინა “რესპუბლიკურმა პარტიამაც”, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს საკითხი, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება სახელმწიფოს ძალოვანი უწყებების, პირველ რიგში, უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის არსებულ საბჭოურ პრაქტიკას და ამ პრაქტიკის საკანონმდებლო რეგულაციების გაუმართაობას.

“მართალია, 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სააგენტოდ, რომელიც ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო და აუცილებელია ამ სამსახურის შემდგომი მოდერნიზაცია”, – მიიჩნევენ რესპუბლიკელები.

მათი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია, სათანადო გადაწყვეტილებების მიღება, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემებთან თანამშრომლობა. უფრო დეტალურად “რესპუბლიკელების” ხედვა ასეთია:

[checklist]

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ უნდა ეწეოდეს სისხლისსამართლებრივ დევნას, არ უნდა ადგენდეს, რა არის „სახელმწიფოებრივად სწორი” და რა არა, არ უნდა იღებდეს უფლებრივი შეზღუდვის გადაწყვეტილებებს კონკრეტული პირების მიმართ – ის მხოლოდ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. სახელმწიფო უსაფრთხოების პრიორიტეტებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედების ფარგლებს უნდა ადგენდეს პარლამენტი და არა თავად ეს სამსახური. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე უნდა დაწესდეს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა გამოეყოს და დამოუკიდებელი სააგენტოს სახით ჩამოყალიბდეს ტექნიკური დეპარტამენტი, რომელიც ამჟამად უზრუნველყოფს ფარულ ელექტრონულ მოსმენებს, როგორც ამავე სამსახურისთვის, ასევე ოპერატიულ-სამძებრო მიზნებისთვის.
  • კანონით ნებადართული ფარული ელექტრონული მოსმენების ტექნიკური უზრუნველყოფა, ელექტრონულ კომუნიკაციებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების ბაზების შექმნა და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა უნდა განახორციელოს ისეთმა სამსახურმა, რომლის ფუნქცია მხოლოდ აღნიშნული საქმიანობა იქნება. ასეთად გვესახება დამოუკიდებელი ფარული ელექტრონული თვალთვალის სააგენტო, რომლის ხელმძღვანელსაც კანონით განსაზღვრული ვადით დანიშნავს პარლამენტი და რომელიც ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე. უნდა შეიქმნას სააგენტოს საქმიანობაზე ქმედითი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი. გარდა ამისა, ოპერატიულ-სამძებრო მიზნებისთვის ფარული მოსმენებისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება მუდმივად უნდა აკონტროლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

[/checklist]

კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ამ პარტიების ხედვებია განთავსებული ვებ-გვერდზე partiebi.ge.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი