ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზალბერი: ძალის გამოუყენებლობის საკითხზე ჟენევაში მხარეებისთვის შეთავაზება გვექნება

14 სექტემბერი, 2016 • 1856
ზალბერი: ძალის გამოუყენებლობის საკითხზე ჟენევაში მხარეებისთვის შეთავაზება გვექნება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ევროკავშირიდან, ჰერბერტ ზალბერი, რომელიც სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდამდე ვიზიტით ცხინვალში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მოლაპარაკებათა მხარეებისთვის ძალის გამოუყენებლობის საკითხზე განცხადებისთვის გარკვეული შეთავაზებები იქნება.

“როგორც ადრე, ამჯერადაც ვისაუბრებთ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საკითხზე. ამ პრობლემაზე განცხადებისთვის რამდენიმე შემოთავაზება გვაქვს მონაწილეებისთვის. ვფიქრობ, ყველა მხარეს აქვს მზაობა, გამოხატოს მსგავსი განცხადებით რეალური სურვილები იმისთვის, რომ არ მოხდეს კონფლიქტში ძალის გამოყენება. რა თქმა უნდა, ზოგიერთს სურს, ამ დისკუსიაში რაღაც თავისი დაამატოს, რაც სავსებით ლეგიტიმურია, მაგრამ ამის შესახებ საუბარია საჭირო. ამჟამად რამდენიმე შემოთავაზებაა ტექსტისთვის, არის შემოთავაზება როგორც ოსური, ასევე, ქართული მხრიდან. ამაზე ინტენსიურად ჟენევაში ვისაუბრებთ”, – განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა ცხინვალში მედიასთან საუბარში.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს რუსეთის ფედერაციისგანაც ითხოვს. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გააფორმოს. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

ევროკავშირის წარმომადგენლის, ჰებერტ ზალბერის განმარტებით, გარდა ძალის გამოუყენებლობის საკითხისა, ჟენევის მორიგ რაუნდზე, რომელიც 2016 წლის 4-5 ოქტომბერს გაიმართება, მხარეები ისაუბრებენ ჰუმანიტარულ საკითხებზეც, მაგალითად, როგორიცაა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

ცხინვალში ვიზიტის დროს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს და ოსური მხრიდან მოლაპარაკებათა მონაწილე ჯგუფს შეხვდნენ. მსგავსი მოსამზადებელი შეხვედრები დისკუსიების მორიგ რაუნდებამდე, როგორც წესი, თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში იმართება.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები. გარდა ამისა, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი