ახალი ამბები

გიორგი შარვაშიძემ თსუ-ის რექტორობის არჩვენებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეიტანა

13 სექტემბერი, 2016 • 1818
გიორგი შარვაშიძემ თსუ-ის რექტორობის არჩვენებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეიტანა

დღეს, 13 სექტემბერს, განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ თსუ-ის რექტორის არჩვენებში სარეგისტრაციოდ თსუ-ს მიმართა.

თსუ-ის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი შარვაშიძის კანდიდატურა მას შემდეგ დარეგისტრირდება, რაც საარჩევნო კომისია განიხილავს მისი კანდიდატურის საკითხს.

რექტორის არჩევნებში ამჟამად მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული – ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე. თსუ-ის რექტორის არჩვენებში მონაწილეობა სურდა პაატა კერვალიშვილს, თუმცა იგი საარჩევნო კომისიამ არ დაარეგისტრირა ასაკობრივი შეზღუდვის გამო.

თსუ-ის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 9-დან 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. რექტორობის მსურველთა განცხადებებს აკადემიური საბჭო განიხილავს და რექტორობის კანდიდატს 2016 წლის 23 სექტემბერს აირჩევს.

თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულებს, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 20 აპრილს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც წინა რექტორმა, ვლადიმირ პაპავამ დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ვლადიმირ პაპავას გადადგომას წინ უძღოდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის შიმშილობა მისი გადადგომის მოთხოვნით და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის საპროტესტო აქციები უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის, უნივერსიტეტში სპეციალური უსაფრთხოების წარმომადგენლების, ასევე, თვითმმართველობის წინააღმდეგ და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით. თუმცა, როგორც თავად პაპავა ამბობს, მის გადაწყვეტილებაზე არც ერთი მხარის მოთხოვნებს არ მოუხდენია ზეგავლენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი